მთელმა პროგრესულმა სამყარომ დიდი ხანია იცის რა განსხვავებაა ვეგანობასა და ვეგეტარიანობას შორის. თუმცა, მაინც ხშირად ისმის კითხვები ამასთან დაკავშირებით. სპოილერი: არა, მხოლოდ მცენარეულს არა. სამი წელია ხორცს არ ვჭამ, 2 წელია – თევზს, ვეგანი გავხდი გასული წლის მაისში… მე პირადად, ვეგანობისკენ მიმავალი გზა სრულიად შეგნებულად გავიარე, ამიტომ სიამოვნებით ვისაუბრებ ამ თემაზე პაპარაცის დღევანდელ სტატიაში. იმედი მაქვს თქვენც გამოგადგებათ!
რას ჭამენ ვეგანები
დავიწყოთ ძირითადი მცნებებით. არსებობს კვების თავისებურების რამდენიმე სახეობა: ვეგანობა, ვეგეტარიანობა და პესკატარიანობა. ვეგეტარიანელთა რაციონში არ არის ხორცი და თევზი, მაგრამ მიირთმევენ რძის პროდუქტებს, კვერცხს, თაფლს. პესკატარიანელები არ ჭამენ ხორცს, მაგრამ შეუძლიათ მიირთვან თევზი, რძე, კვერცხი, თაფლი.ვეგანების კვება მოიაზრებს ცხოველური წარმოშობის ნებისმიერ პროდუქტზე უარის თქმას. ეს კი ნიშნავს, რომ ისინი საერთოდ არ ღებულობენ ხორცს, თევზს, რძის ნაწარმს, კვერცხს, თაფლს. შეიძლება ითქვას, რომ ვეგანობა დაფუძნებულია საკვების დიდი ჯგუფის ტოტალურ უარყოფაზე.
საქმე არ არის რაიმეზე უარის თქმაში. საჭიროა ერთი პროდუქტი მეორეთი კომპეტენტურად ჩანაცვლდეს. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ რაციონი იყოს დაბალანსებული და გააზრებული. ბევრ ქვეყანაში თვლიან, რომ ვეგანობა არის ჯანსაღი კვების ფორმა, მაგრამ აუცილებელია ცხოველური საკვების ჩანაცვლება მცენარეული პროდუქტებით.დიდი ხანია დადასტურებულია, რომ მცენარეულ კვებას ბევრი უპირატესობა აქვს. მაგალითად, ქვეითდება ქოლესტერინის დონე, მცირდება სიმსუქნის, დიაბეტის, ჰიპერტენზიის და სხვა გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკი. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე არის მთელი განყოფილება ვეგანი ბავშვების კვებაზე, ხოლო დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგთა ასოციაცია ადასტურებს, რომ ვეგანობა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ადამიანისთვის, მათ შორის ორსული და მეძუძური დედებისთვისაც.
რა უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ გახდეთ ვეგანები? ხშირად ადამიანები რაციონის მკვეთრი შეცვლისას უჩივიან ჯანმრთელობის პრობლემებს, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია თუ რას ჭამს ადამიანი.თუ თქვენი ვეგანური რაციონი არ იქნება დაბალანსებული, შემცირდება ცილების, ცხიმების, რკინის და თუთიის რაოდენობა ორგანიზმში, რადგან მცენარეული საკვები არ შეიცავს D და B12 ვიტამინს. ამიტომ დეფიციტი უნდა შეივსოს დანამატების სახით.თუ თქვენ მიირთმევთ დიდი რაოდენობით მაკარონს, კოკა-კოლას, ეს ჯანმრთელობაზე დადებითად არ აისახება. უნდა იკვებოთ დაბალანსებულად, მიიღოთ ყველა საჭირო მიკროელემენტი. ამით სარგებელს მოუტანთ საკუთარ თავს და თქვენს გარშემო არსებულ სამყაროს.ვეგანი მე ერთ დღეში არ გავმხდარვარ. ამ გზის არჩევის დღიდან ეტაპობრივად, გაცნობიერებულად მივდიოდი ჩემი მიზნისკენ. სპეციალისტის დახმარებით კარგად გავერკვიე, თუ რა სჭირდებოდა ორგანიზმს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
რას ჭამენ ვეგანები? – დაბალანსებული ვეგანური რაციონი უნდა შეიცავდეს ყველა სახის პარკოსნებს და მარცვლეულს, ასევე თხილს, მცენარეულ რძეს, მწვანილს, ბოსტნეულს, ხილს, კენკრას. ასევე, შეგიძლიათ მიირთვათ სოიოს პროდუქტები და ფარშის მცენარეული ალტერნატივა.და ბოლოს, ვეგანობა არ არის დიეტის ტიპი. ეს არის ცხოვრების წესი და არჩევანი. ვეგანები თავს არიდებენ ცხოველებზე გამოცდილ კოსმეტიკას, ტყავის და ბეწვის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს. არ დადიან დელფინარიუმებსა და ზოოპარკებში, ეწინააღმდეგებიან ცხოველთა ექსპლუატაციას.
თქვენ რას ფიქრობთ ვეგანიზმზე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.