ახალი მარწყვით ცუკატის მომზადების უნაკლო ტექნიკა, შედეგი საოცარია

0
597

ზაფხული ზღურბლზეა მომდგარი, დროა მოვამზადოთ მარწყვის კონფიტიური და მარწყვის ცუკატები. ტკბილი და წვნიანი კენკრა უკვე გამოჩნდა მაღაზიის თაროებზე. ძალიან მალე, ის აგარაკებსა და ბოსტნებშიც მოიწევა. ვიმედოვნებთ, რომ მარწყვი ბევრი იქნება, რადგან მარწყვის ნატურალური ტკბილეულის რეცეპტებიც საკმარისზე მეტი გვაქვს და რამდენიმე მათგანს პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ.

მარწყვის კონფიტიური

არ შეგაშინოთ უცხოურმა სიტყვამ “კონფიტიური”, ფრანგულად ის ნიშნავს “შაქარში ხარშვას”. ასეთი კონფიტიური იდეალურია ნამცხვრებში გამოსაყენებლად. ნამცხვრიდან არ გადმოიღვრება და გემო კი – საოცარია!

ინგრედიენტები

  • მარწყვი – 1 კგ;
  • შაქარი – 800 გრამი;
  • ჟელატინი – 20 გრამი;
  • ლიმონმჟავა – 1 ჩ.კ.

მომზადების წესი 

  • 1. მარწყვი კარგად გარეცხეთ გამდინარე წყლით, მოაშორეთ ყველა დაზიანებული ნაყოფი, მოაშორეთ ყუნწები და მწვანე ფოთლები. კენკრა ცოტა ხნით საწურში ან საცერში გააჩერეთ, რათა ჩამოიწუროს ზედმეტი სითხე.
  • 2. მარწყვი დააბლენდერეთ პიურეს კონსისტენციამდე. როგორც კი ამას გააკეთებთ, გადაასხით სქელ ძირიან ქვაბში და დაამატეთ შაქარი. აკურატულად შეურიეთ ერთმანეთს ორივე კომპონენტი და ქვაბი დადგით გაზქურაზე.
  • 3. კონფიტიური უნდა მომზადდეს საშუალო ცეცხლზე. აუცილებელია, მუდმივად ურიოთ, მაგრამ არ უნდა მისცეთ ადუღების საშუალება. როგორც კი ნარევი ადუღებამდე მივა, გაზქურა უნდა გამორთოთ და დაელოდოთ პროდუქტის გაციებას.
  • 4. ჟელატინს დაასხით ცოტაოდენი წყალი და დაელოდეთ მის აფუებას. შემდეგ, ჩაამატეთ გაციებულ მარწყვის სიროფს და ისევ დადგით გაზქურაზე. კარგად მოურიეთ, რათა ჟელატინი მთლიანად გაიხსნას. დაამატეთ ლიმონმჟავა. კონფიტიური, უმჯობესია, შეინახოთ სტერილიზებულ ქილებში.

ცუკატები

ინგრედიენტები

  • მარწყვი – 1 კგ;
  • შაქარი – 900 გრამი;
  • წყალი – 200 მლ;
  • ლიმონმჟავა – 0,5 ჩ.კ.

მომზადების წესი

  • 1. ცუკატებისთვის უნდა ამოარჩიოთ მხოლოდ ძალიან მწიფე და მკვრივი მარწყვი. მარწყვი გარეცხეთ და მოაშორეთ ყუნწები. წინასწარ მოამზადეთ მეტალის ფართო კონტეინერი (დიდი ქვაბი ან თასი).
  • 2. დადგით ჭურჭელი გაზქურაზე და ჩაყარეთ შაქარი. შემდეგ, დაასხით წყალი და ურიეთ შაქრის სრულ გახსნამდე. როგორც კი სიროფი მომზადდება, დაუმატეთ ლიმონმჟავა.
  • 3. ცხელ სიროფში ჩაყარეთ მარწყვი და ამოურიეთ. თითოეული მარწყვი ყველა მხრიდან უნდა დაიფაროს ტკბილი სიროფით. ველოდებით სიროფის ადუღებას და ვხარშავთ კენკრას დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში.
  • 4. ამის შემდეგ, გაზქურა გამორთეთ და დაელოდეთ მარწყვის გაცივებას. ქვაბის ძირში დარჩენილი სიროფი უნდა გადაასხათ ცალკე სხვა ქვაბში და დადგათ გაზქურაზე ასადუღებლად. მდუღარე სიროფი ჩაასხით ქვაბში, რომელშიც მარწყვია და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ, გააჩერეთ კენკრა რამდენიმე საათით, რათა გაცივდეს.
  • 5. ეს მანიპულაცია გაიმეორეთ მესამედ. მაგრამ, გაითვალისწინეთ, რომ შაქრის სიროფი უნდა მოიხარშოს მურაბის სიროფის მდგომარეობამდე. სწორედ, ეს მისცემს კენკრას სასიამოვნო ფერსა და მბზინვარებას. მას შემდეგ, რაც მარწყვი სიროფში მესამედ მოიხარშება, იგი უნდა დაალაგოთ რაიმე შესაფერის ზედაპირზე და გააშროთ. ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ფანჯრის რაფაზე.

მარწყვის კონფიტიური და მბზინავი კენკრა – რამდენად ხშირად შეგხვედრიათ ინტერნეტში მშვენიერი “შუშის ხილი”? მათი მომზადებაც ძალიან ადვილია. მოამზადე ტკბილი მარწყვი. უმჯობესია, გამოიყენოთ სპეციალური ჯიშის მარწყვი, რომელიც თავისთავად ტკბილია. მარწყვი უნდა გარეცხოთ, გააშროთ და ჩამოაცვათ გრძელ ჩხირებზე. 200 გრამ შაქარს დაასხით 80 მლ წყალი და დაამატეთ მწიკვი ლიმონმჟავა. შაქარი უნდა გაადნოთ სქელ ძირიან ქვაბში, რათა არ დაიწვას.

მზად გქონდეთ ჭიქა ყინულიანი წყლით. როგორც კი შაქარი გადნება, მაშინვე ჩადეთ მასში ჩხირზე წამოცმული მარწყვი. შემდეგ, რამდენიმე წამში, მოათავსეთ კენკრა ცივ წყალში, რათა კარამელი იყოს გამჭვირვალე და მბზინვარე. გარდა ამისა, ეს ტკბილეული სასიამოვნოდ ხრაშუნაა, ბავშვებს აუცილებლად მოეწონებათ.