ალუბლის ტორტი, რომელიც ნამდვილად მოეწონება “ნაპოლეონის” ყველა მოყვარულს

0
674

ჩემს ოჯახში ამ საოცარ ტორტს “ალუბლები თოვლის ქვეშ” შეარქვეს. ძალიან გვიყვარს სახლში მომზადებული ალუბლის ტორტები, მაგრამ ტრადიციული ტორტი “მონასტრის ქოხი” უკვე ცოტა მოგვწყინდა. თუ გსურთ გაახაროთ საკუთარი თავი თხელი ფენოვანი ფირფიტების, ზომიერად ტკბილი ნაღებისა და ალუბლის საოცარი კომბინაციით, ახლავე დაიწყეთ ამ გემრიელობის მომზადება! პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ ტორტის რეცეპტს გთავაზობთ.

შინაურული ტორტები ალუბლით:

ეს ტორტი “ნაპოლეონის” უჩვეულო სახესხვაობაა. შეგიძლიათ მოამზადოთ იგი მოხარშული კრემით, რომლის რეცეპტსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ. ასევე, თქვენ შეგიძლიათ მოამზადოთ კრემის სწრაფი ვარიანტი შესქელებული რძით, კარაქითა და ქოქოსის ფანტელით. ასეც უზომოდ გემრიელი გამოვა. ქვემოთ მოცემული პორციისთვის დაგჭირდებათ ფორმა ზომით 24სმ * 29სმ-ზე.

ინგრედიენტები ფირფიტებისთვის:

  • 300 გრამი მარგარინი;
  • 500 გრამი ფქვილი;
  • 130 გრამი არაჟანი;
  • 4 კვერცხის გული.

ინგრედიენტები შიგთავსის მოსამზადებლად:

  • 500 გრამი ალუბალი (კურკის გარეშე);
  • 100 გრამი სახამებელი;
  • 200 გრამი შაქარი;
  • 4 კვერცხის ცილა.

ინგრედიენტები კრემის მოსამზადებლად:

  • 500 მლ რძე;
  • 200 გრამი შაქარი;
  • 1,5 ს.კ ფქვილი;
  • 1,5 ს.კ სახამებელი;
  • 300 გრამი ნაღების კარაქი.

მომზადების წესი:

  1. ფქვილი გაცერით. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ცომი უფრო ფუმფულა გამოვიდეს და ფქვილი ჟანგბადით გაჯერდეს. ფქვილში მოათავსეთ ცივი მარგარინის ნაჭრები. არ არის საჭირო მარგარინის მაცივრიდან წინასწარ გამოღება და ოთახის ტემპერატურამდე გათბობა, როგორც ეს სხვა რეცეპტებში ხდება ხოლმე. მარგარინი ფქვილთან ერთად დააქუცმაცეთ.
  2. არაჟანს უნდა შეურიოთ კვერცხის გულები და შემდეგ, აკურატულად უნდა შეურიოთ ფქვილიან მასას. ცომი ხელებით მოზილეთ, შემოახვიეთ საკვების ცელოფანი და მოათავსეთ მაცივარში მთელი ღამით.
  3. დილით, პირველ რიგში, უნდა ათქვიფოთ კვერცხის ცილა და ცოტაოდენი მარილი გათეთრებამდე და “მყარი მწვერვალების” მიღებამდე. შემდეგ, ცოტ-ცოტა უნდა შეურიოთ შაქარი და ბოლოს დაუმატოთ სახამებელი და აკურატულად მოურიოთ კოვზით. ეცადეთ გააკეთოთ მოძრაობები ქვემოდან ზევით, ასე ყველა ინგრედიენტი თანაბრად შეერევა ერთმანეთს და ცილაც არ დაიწევს.
  4. ახლა უკვე შეგიძლიათ მაცივრიდან ცომი გამოიღოთ და აკურატულად მოხსნათ ცელოფანი. მიეცით ცომს სქელი ძეხვის ფორმა და დაჭერით 6 თანაბარ ნაწილად. თითოეული ნაჭერი კარგად უნდა დაამუშავოთ ცომის საბრტყელებლით, საცხობი ფორმის ზომამდე.
  5. საცხობ ფორმაში ჩაფინეთ პერგამენტის ქაღალდი და ზედ მოათავსეთ გაბრტყელებული ცომი. მასზე გადაანაწილეთ ცილოვანი მასის ერთი მესამედი ნაწილი და თანაბრად გადაანაწილეთ ფირფიტის მთელ ზედაპირზე, ზემოდან დაალაგეთ ალუბლები და მთელ ამ სილამაზეს ცომის მეორე ფირფიტა დააფინეთ. ცომი, რამდენიმე ადგილას ჩანგლის გამოყენებით ჩაჩხვლიტეთ და გამოაცხვეთ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში 200 გრადუს ტემპერატურაზე. დრო თქვენი ღუმელის მიხედვით გააკონტროლეთ. იგივე გაიმეორეთ დანარჩენი ფირფიტების შემთხვევაშიც და თქვენ მიიღებთ სამ ფუმფულა ფენას.
  6. ახლა კი მოხარშული კრემის მომზადების დროა. ერთმანეთს კარგად შეურიეთ შაქარი, სახამებელი და ფქვილი. რძე უნდა აადუღოთ და მშრალ მასას შეურიოთ. შემდეგ კი კრემი უნდა მოხარშოთ მის მომზადებამდე. ორიენტირდით მის სისქეზე. დაელოდეთ კრემის გაცივებას და მიქსერის მეშვეობით შეურიეთ მცირე ნაჭრებად დაჭრილი ნაღების კარაქი.
  7. ახლა კი ყველაფერი მზადაა და ჩვენ შეგვიძლია ტორტის აწყობა. ფირფიტებს უნდა წაუსვათ კრემი და ერთი მეორეზე დავაწყოთ. ტორტის ზედაპირი შეგვიძლია მოვრთოთ ალუბლებით, ქოქოსის ფანტელით, ფირფიტების ნაფხვენით ან თხილით. გემრიელად მიირთვით!

რედაქციისაგან: ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების ჩატარების. მაგალითად, ეს ტორტი შეგიძლიათ სხვა კრემითაც მოამზადოთ და ალუბლის ნაცვლად ქლიავი გამოიყენოთ. დარწმუნებული ვარ, რომ უზომოდ გემრიელი გამოვა! თქვენც თუ გაქვთ უჩვეულო რეცეპტები, რომლებიც ასეთი ექსპერიმენტების შედეგად დაიბადა, აუცილებლად გაგვიზიარეთ ისინი კომენტარებში.