ზამთრისთვის მომარაგებული ბორშის უნივერსალური საკმაზი ნამდვილი ხსნა იქნება ნებისმიერი დიასახლისისათვის. იგი დაზოგავს თქვენს დროს და ამასთანავე, ფერებისა და გემოების მრავალფეროვნებით გაგახარებთ. ეს საკმაზი შეგიძლიათ გამოიყენოთ ზამთარშიც და წელიწადის ნებისმიერ დროსაც. რა შედის ამ სასარგებლო საკმაზის შემადგენლობაში?
ბორშის საკმაზი ზამთრისთვის
ეს რეცეპტი საშუალებას გვაძლევს პატარა ქილებში შევკრიბოთ ჯანსაღი ბოსტნეულისა და სანელებლების ნაკრები. ამ ყველაფერს ამარილებენ და სტერილიზებულ ქილებში აკონსერვებენ. ქილა ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ გახსნათ და საკმაზი ნებისმიერ სუპისა და ბორშის მოსამზადებლად გამოიყენოთ. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ საკმაზის მოსამზადებელ რეცეპტს გთავაზობთ. რომელი ბოსტნეული დაგვჭირდება და როგორ დავამუშავოთ ბოსტნეული სწორად?
ფერთა სიკაშკაშე.ზამთრისთვის უნდა მოვიმარაგოთ არა მხოლოდ სასარგებლო პროდუქტები, არამედ კაშკაშა და ფერადი პროდუქტებიც. ეს ნებისმიერ კერძს უფრო მადისაღმძვრელად აქცევს. გამოდგება პომიდორი, სტაფილო, ხახვი, მწვანილი, ტკბილი წიწაკა, მწარე წიწაკა (სურვილისებრ). მოდი, გავარკვიოთ, ამ ბოსტნეულის რა რაოდენობა დაგვჭირდება ოთხი ნახევარ ლიტრიანი ქილისთვის.
ინგრედიენტები
- 500 გრამი პომიდორი;
- 500 გრამი ხახვი;
- 500 გრამი სტაფილო;
- 500 გრამი ბულგარული წიწაკა;
- 300 გრამი მწვანილი (რომელიც მოგწონთ);
- 300 გრამი მარილი.
მომზადების წესი
- ბოსტნეული გარეცხეთ და ქაღალდის ხელსახოცებით შეაშრეთ. გაასუფთავეთ ხახვი და სტაფილო. სტაფილო მსხვილ სახეხზე უნდა გახეხოთ. ხახვი და წიწაკა მცირე ზომის ზოლებად დაჭერით.
- მწვანილი მაქსიმალურად წვრილად დააქუცმაცეთ. პომიდორს კანი უნდა მოაშოროთ და დაჭრათ პატარა ნაჭრებად. ყველა ინგრედიენტი ერთ ჭურჭელში მოათავსეთ და კარგად მოურიეთ. დაამატეთ მარილი და დაელოდეთ, სანამ ბოსტნეული წვენს არ გამოუშვებს.
- ეს საკმაზი სასურველია შეინახოთ სტერილურ ქილებში, ხრახნიანი თავსახურით. ბოსტნეული ქილებში შეგიძლიათ გადაიტანოთ სანელებლების დამატებიდან 10 წუთის შემდეგ. უკეთესი იქნება თუ ამ ქილებს მაცივარში მოათავსებთ, თუმცა ოთახის ტემპერატურაზეც ინახება.
ასეთი საკმაზი შეგიძლიათ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში შეინახოთ, მაგრამ უნდა შეამოწმოთ მისი არომატი და კონსისტენცია. თუ შენახვის პირობები დაირღვევა, საკმაზი შეიძლება დროზე ადრე გაფუჭდეს. მაგალითად, ეცადეთ, საკმაზის ქილებს არ მოხვდეს პირდაპირი მზის სხივები. ნუ შეინახავთ ქილებს ძალიან თბილ ადგილას, გათბობის ბატარეების სიახლოვეს ან აივანზე. ზაფხულში იქ შეიძლება ძალიან ცხელოდეს.ასეთ საკმაზს, სანელებლების რაოდენობა შეგიძლიათ დამოუკიდებლად შეურჩიოთ. შეგიძლიათ დაამატოთ მეტი მარილი, რათა არ დაგჭირდეთ მისი დამატება უშუალოდ ბორშის მომზადების დროს. ეს ეხება აგრეთვე ბოსტნეულსაც. ჩვეულებრივი ხახვი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ წითელი ხახვით, ბულგარული წიწაკა კი შეგიძლიათ სულაც არ დაამატოთ.
აუცილებლად სცადეთ ცხელი კერძის მომზადება ასეთი საკმაზით. თქვენ დარწმუნდებით, თუ რამდენად მარტივი, მოსახერხებელი და სასარგებლოა ეს. სულ 2 – 3 კოვზი ბოსტნეულის ასორტი და თქვენი სუპი ან ბორში ვიტამინებით გაივსება. კერძი შესანიშნავი გამოვა, თქვენი ნათესავები და მეგობრები კი მას კიდევ დიდი ხნის განმავლობაში შეაქებენ.