ქალის ტანსაცმლის ზომები ყოველთვის იწვევს დაბნეულობას. არის უამრავი ჩინური წარმოების მცირე ზომის ტანსაცმელი და არიან ადგილობრივი მწარმოებლები, რომლებიც ცდილობენ გაახარონ თავიანთი მომხმარებელი. ჩვეულებრივ, ზომების ცხრილი გვეხმარება ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ მაინც არის ხოლმე პრობლემები. ხანდახან, ზუსტად შენი ზომის ტანსაცმელს ყიდულობ, მაგრამ საერთოდ ვერ იხდენ. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ, რომელი ტანსაცმელი უნდა იყიდოთ ერთი ზომით დიდი, რათა თავი უფრო კომფორტულად და ლამაზად იგრძნოთ.
ქალის ტანსაცმლის ზომები
ადრე დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ყველაფერი ფიგურაზე იყო დამოკიდებული. თუ ცოტა მომატებული ხარ, არც თუ ისე კარგად გამოიყურები. თუმცა, ახლა მივხვდი, რომ ძალიან ვცდებოდი! საქმე, ტანსაცმლის სწორად შერჩევაშია. ბევრი ქალი კრიტიკულ შეცდომას უშვებს, როდესაც ერთი ზომით პატარა ტანსაცმელს ყიდულობს. გოგონები ფიქრობენ, რომ ეს მათ იმის მოტივაციას მისცემს, რომ სწრაფად დაიკლონ წონაში, ანდა ფიქრობენ, რომ ასე უფრო გამხდრები გამოჩნდებიან.საუბედუროდ, ყველაფერი პირიქით ხდება. ერთი ზომით პატარა ტანსაცმელი საშინლად გამოიყურება ნებისმიერ ფიგურაზე, ხაზს უსვამს ყველა ნაკლს და განწყობას უფუჭებს მის მფლობელს. სწორი ზომის ან ერთი ზომით დიდი ტანსაცმელი კი თავს უფრო კომფორტულად გაგრძნობინებთ და მრავალი ლამაზი იმიჯის შექმნაში დაგეხმარებათ.
რომელი სამოსი უნდა შეიძინოთ ერთი ზომით დიდი
- მაისურები – ბამბის მაისურები გარეცხვის შემდეგ პატარავდება. სამწუხაროდ, ეს საკმაოდ ხშირად ხდება. მერე, ასეთი მაისური ტანზე ძალიან ცუდად ზის. ასეთი ნივთის მფლობელს ორი ვარიანტი აქვს: ატაროს ვიწრო მაისური ან იყიდოს ახალი. თუმცა, თუ თავიდანვე ერთი ზომით დიდ მაისურს შეიძენთ, მაშინ არავითარი პრობლემა არ გაჩნდება, მრავალჯერ გარეცხვის შემდეგაც კი. თანაც, თეთრი მაისური და ცისფერი ჯინსები, ჯერ კიდევ ძალიან მოდურია.
- წინდები – ჩვენი ფეხები გაცილებით უკეთეს მოპყრობას იმსახურებს. ჩვენ კი, სამწუხაროდ, ძალიან ცუდი ჩვევა გვაქვს, ვყიდულობთ ვიწრო წინდებსა და ფეხსაცმელს. ტერფები, მთელი ასი პროცენტით კომფორტში უნდა იყოს, რადგან მთელი დღის განმავლობაში დაგვატარებს. სწორედ, ამიტომ უნდა შევიძინოთ ერთი ზომით დიდი წინდები. ვიზუალურად, ეს შესამჩნევი არ იქნება, ფეხი კი ნამდვილად კომფორტულად იქნება.
- პერანგი – პერანგიც ხშირად პატარავდება ზომაში. პრაქტიკულად, ყველა ბუნებრივი ქსოვილის პერანგი გარეცხვის შემდეგ ზომაში ცოტას იკლებს. სამწუხაროდ, ძნელია იმის გამოცნობა, თუ ზუსტად როგორ დაპატარავდება პერანგი და ამიტომ, უკეთესი იქნება თუ თავიდანვე ერთი ზომით დიდს ვიყიდით. თანაც, ასეთი მოდელები ახლა მოდაშია. ასეთი პერანგი შესანიშნავად გამოიყურება სწორ შარვალთან ერთად, ტოპებთან და კაბებთან ერთადაც კი.
ვიწრო კაბები – ზოგი ფიქრობს, რომ ასეთი კაბების ტარება მხოლოდ იდეალური ფიგურის მქონე ქალებს შეუძლიათ. ეს სულაც არაა ასე. მთავარია, ზომის სწორად შერჩევა და შესაბამისი აქსესუარები. ვიწრო კაბა, უნდა ავირჩიოთ იმაზე ერთ ზომით დიდი, ვიდრე საჭიროა. ის ტანს ძალიან ლამაზად მოერგება და თანაც, არ გამოაჩენს ფიგურის ყველა ნაკლოვანებას. ასეთ კაბაში თავს უფრო კომფორტულად იგრძნობთ, ვიდრე “ჩეხოლში”.
სვიტერები – ნაქსოვი შალის სვიტერები გარეცხვის შემდეგ თითქმის ყოველთვის პატარავდება. სხვათა შორის, ასეთი ნივთები რაც შეიძლება იშვიათად უნდა გაირეცხოს. და მაინც, იშვიათად რეცხვის შემთხვევაში კი, ნივთების გაფუჭების შანსი დიდია. ამიტომ, უმჯობესია სვიტერი ერთი ზომით დიდი შეიძინოთ. ამ შემთხვევაში, მის ქვეშ შესაძლებელი იქნება, მაგალითად, პერანგის ჩაცმა და საყელოს ლამაზად გასწორება. ასეთი კომბინაცია ძალიან მოდური იქნება.
ფეხსაცმელი – ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ ქუსლის სიმაღლეზე. რაც უფრო მაღალია ქუსლი, მით უფრო მეტად მოძრაობს ფეხსაცმელში ფეხი სიარულის დროს. თუ ქუსლის სიმაღლე 10 სმ-ზე მეტია, ფეხსაცმელი ერთი ზომით დიდი უნდა იყიდოთ. თუ უფრო დაბალქუსლიან ფეხსაცმელს ყიდულობთ, მაშინ შეგიძლიათ იყიდოთ ნახევარი ზომით დიდი.
რედაქციისაგან: მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ტანსაცმელია შექმნილი თქვენთვის და არა თქვენ ტანსაცმლისათვის. შენ არ უნდა გახდე იმისთვის, რომ რომელიმე კაბა მოგერგოს უმჯობესია, ტანსაცმელი შენი ზომის ან სულაც, ერთი ზომის უფრო დიდი შეიძინო. ასეთ შემთხვევაში თავს ღირსეულად და კომფორტულად იგრძნობ. შენი სხეული მშვენიერია ისეთი, როგორიც არის და ვერანაირი ”ბირკა” ვერ შეცვლის ამ ფაქტს!