ცომი, რომელიც ძალიან სწრაფად ამოდის და ჯამიდან გადმოსვლას ლამობს

0
343

როცა ჩაიზე მისაყოლებელი ტკბილეული აღარ გვაქვს, ბებიაჩემის საფუარიანი ცომის ფუნთუშები  მახსენდება. ცომი ამოდის – გვეუბნებოდა ბებია ჩურჩულით და მე და ჩემს ძმას სამზარეულოში არ გვიშვებდა. მაშინ უცნაურად მეჩვენებოდა ცომთან, როგორც ცოცხალ არსებასთან მოქცევა. ახლა კი მე თვითონ ვაჩუმებ ჩემს ცელქ პატარებს, ან ვუშვებ სასეირნოდ ქმართან ერთად.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გაგიზიარებთ გემრიელი, სასარგებლო ცომის რეცეპტს, რომლისგანაც შეგიძლიათ მოამზადოთ ტკბილი ფუნთუშები, კრენდელები და ღვეზელები. .

ფუნთუშები საფუარიანი ცომით

ინგრედიენტები

  • 3 ს/კ ფქვილი
  • 15 გრ. საფუარი
  • 6 ს/კ გამდნარი კარაქი
  • 3 კვერცხი
  • 1/3 ჩ/კ მარილი
  • 3/4 ჭიქა რძე
  • 4-5 ს/კ შაქარი
  • ვანილი, მიხაკ-დარიჩინი გემოვნებით

მომზადების წესი

  1. თბილ რძეში გახსენით საფუარი.
  2. დაუმატეთ შაქარი, მარილი, კვერცხი, სანელებლები გემოვნებით, გაცრილი ფქვილი. მოზილეთ ერთგვაროვანი რბილი მასა 5-8 წუთის განმავლობაში.
  3. ბოლოს დაუმატეთ გამდნარი კარაქი, მსუბუქად აურიეთ, დააფარეთ  ცომს თავსახური ან ტილო და დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად.
  4. მოზელიდან 2-2,5 საათის შემდეგ, როცა ცომი კარგად ამოვა, უნდა ჩაზილოთ. ამ დროს დაგროვილი ნახშირორჟანგი ტოვებს ცომს და ის განახლებული ენერგიით ამოდის.
  5. უნდა დაელოდოთ დაახლოებით 40-50 წუთი, ცომი ცოტათი დაიწევს, რაც ნიშნავს, რომ ამოსვლის პროცესი წარმატებით დასრულდა. შემდეგ კიდევ ჩაზილეთ და დაიწყეთ ფუნთუშების გაკეთება.
  6.  ცომისგან  გააკეთეთ 5მმ. სისქის და 20სმ. სიგანის ფირფიტა, ზედაპირზე გადაუსვით დარბილებული კარაქი და მოაყარეთ შაქარი. გადაახვიეთ მჭიდროდ, რულეტივით და დაჭერით 10 თანაბარ ნაწილად. თითოეული ნაჭერი დადეთ ცხიმწასმულ საცხობ ფირფიტაზე, მიეცით სასურველი ფორმა. დატოვეთ 40-50 წუთი.
  7. გადაუსვით თავზე კვერცხი, შეგიძლიათ მოაყაროთ თხილი, შოკოლადის ჩიფსები, ნუში. შედეთ ღუმელში 10-12 წუთის განმავლობაში. ცხობის ტემპერატურა უნდა იყოს 240-250 გრადუსი. თუ ქიშმიშიანი მოგწონთ, დაამატეთ ცომის გაბრტყელების შემდეგ. გემრიელად მიირთვით!

ვიმედოვნებთ, რომ თქვენი ფუნთუშები ამ რეცეპტის მიხედვით, საუკეთესო გამოვა და დიდხანს დარჩება თქვენი ოჯახის მენიუში. წარმატებებს გისურვებთ სამზარეულოს ექსპერიმენტებში, გელოდებით კომენტარებში!