ატმის პეროგი თითქმის გამოცხვა. ოჯახის წევრები სამზარეულოში გამოიქცნენ და კოვზებს აკაკუნებენ. პეროგის არომატი ენით აუწერელია! მომწონს, რომ ეს პეროგი როგორც კეფირით, ასევე არაჟნით ან რძით და ლიმონის წვენით შეიძლება მომზადდეს. ბოლო სჯობს წინასწარ შეურიოთ! ატამი შეგიძლიათ არ გათალოთ, ასეც გემრიელი გამოდის! გუშინ ბაზარში ატამი წინასწარ ვიყიდე, რომ უნაზესი სეზონური ტკბილეული მოვამზადო. Paparazzi გიამბობთ, რა არის ჰაეროვანი ატმის პეროგის საიდუმლო. უნაზესი ცომი აქვს!
ინგრედიენტები:
- 180 გ კეფირი ან არაჟანი (ან 160 გ რძე + 20 გ ლიმონის წვენი)
- 2 კვერცხი
- 1 გ მარილი
- 110 გ შაქარი (65 გრამიც საკმარისია)
- 1 ჩ/კ ვანილი
- 25 გ მცენარეული ზეთი (ან გამდნარი კარაქი)
- 170 გ ფქვილი
- 6 გ გამაფხვიერებელი
- 5-7 ახალი ატამი
- ცოტა ხმელი ლავანდა
- შაქარი პეროგზე მოსაყრელად
მომზადების წესი:
- ატამი გარეცხეთ, გათლა საჭირო არაა. გაჭერით, კურკა ამოიღეთ და ოთხ ნაწილად დაყავით.
- თუ რძეზე ამზადებთ, ლიმონის წვენი წინასწარ შეურიეთ. რძეს, კეფირს ან არაჟანს კვერცხი და შაქარი დაუმატეთ. ცოტა მარილი და ვანილის ექსტრაქტი ან ვანილის შაქარი დაუმატეთ. სათქვეფით ათქვიფეთ.
- მცენარეული ზეთი (ან გამდნარი კარაქი) დაუმატეთ. ფქვილი გაცერით და გამაფხვიერებელი დაუმატეთ. მშრალ ინგრედიენტებს კოვზით აურიეთ.
- 23 სმ დიამეტრის საცხობ ფორმას ზეთი წაუსვით ან პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და ცომი ჩაასხით. ცომზე ატმის ნაჭრები წრიულად დააწყვეთ. ატამს შაქარი და დაქუცმაცებული ხმელი ლავანდა მსუბუქად მოაყარეთ. რამდენიმე მწიკვი ლავანდა პეროგს განსაკუთრებულ არომატს მიანიჭებს.
- პეროგი წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 წუთით აცხვეთ. მზაობა ხის ჩხირით შეამოწმეთ.
- ესეც ასე, ატმის პეროგი მზადაა. გემრიელად მიირთვით!
ატმის პეროგი 40 წუთში გამოცხვება, თავად ცომის მომზადებას 15 წუთზე მეტი არ სჭირდება. გამომცხვარი ატამი, ვანილი და ლავანდა ცომეულს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს. როგორც ცივი, ასევე თბილი პეროგი სუფრაზე შეგიძლიათ გაიტანოთ. პეროგს ვანილის ნაყინის ბურთები იდეალურად უხდება. ცომეული კი არა, საზაფხულო არომატული სიმღერაა, რომლითაც ყველამ უნდა ისიამოვნოს!