
ცხოვრება ხშირად უსიამოვნო სიურპრიზებს გვიმზადებს. განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან, ვისგანაც იშვიათად ველით. ასე მოხდა ნუნუს ცხოვრებაში. მას მოუწია ღალატის და ტყუილის გადატანა, რომელიც იქ დახვდა, სადაც არ ელოდა და ვერ გაიფიქრებდა. Paparazzi გიზიარებთ საინტერესო ისტორიას, რატომ არ ღირს თვალდახუჭული ნდობა.
ღალატი და ტყუილი – „ნუნუ გვანცასთან სამზარეულოში იჯდა და აცრემლებული ყვებოდა: „დარწმუნებული ვარ, მღალატობს. აბა როგორ ავხსნა ეს ყველაფერი? სახლში ღამით მოდის, თითქმის არ მელაპარაკება“. ახლა არც თუ ისე კარგი პერიოდი ჰქონდა. ქმართან ურთიერთობა ვერ დაალაგა. მიზეზს ვერ ხვდებოდა, ამიტომ საუკეთესო მეგობართან გულის გადაშლა გადაწყვიტა.
ნუნუ და გვანცა უნივერსიტეტში ერთად სწავლობდნენ და მას შემდეგ მეგობრობენ, ერთმანეთს მხარს უჭერდნენ. გვანცა მეგობარს უსმენდა და დამშვიდებას ცდილობდა: „მესმის, მაგრამ ვფიქრობ, პარანოია გაქვს. იქნებ სამსახურში პრობლემები მართლა აქვს? მას ხომ სტუდენტობის წლებიდან უყვარხარ.“ ნუნუ თავის სიმართლეში დარწმუნებული იყო. მხოლოდ ის უნდა გაეგო, ვინ იყო ქმრის საყვარელი. გვანცამ მეგობართან კამათს, მისი მხარდაჭერა გადაწყვიტა. ასე ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილეს. ნუნუს გაახსენდა ირაკლის სიტყვები, რომ სამსახურში ახალი კადრი აიყვანეს. ეჭვი მასზე მიიტანა. მაშინვე კომპანიის საიტზე, შემდეგ სოციალურ ქსელში მოძებნა. რამდენიმე ჭიქა ღვინის შემდეგ გეგმა შეადგინეს. გადაწყვიტეს, რომ ამ ქალისთვის თვალყური ედევნათ და გამოეშკარავებინათ.
ჯაშუშური თამაშები – თავიდანვე სულელური გეგმა იყო, თუმცა ქალებს უკვე ვეღარ შეაჩერებდი. ერთ დღეს, როცა ირაკლიმ ცოლს უთხრა, რომ სამსახურის შემდეგ მეგობრების ნახვას აპირებდა, გეგმის განხორციელება გადაწყვიტეს. ნუნუმ გაიფიქრა, რომ ქმარი სინამდვილეში საყვარელთან მიდიოდა. ოფისთან წინასწარ მივიდნენ და მანქანით ადევნება გადაწყვიტეს. ნუნუმ არ იცოდა, რას გაიგებდა, მაგრამ უკან დახევა გვიანი იყო. პოტენციური საყვარლის მანქანაზე იმდენად კონცენტრირებული იყო, რომ გვერდიდან მანქანის დაჯახება ვერ დაინახა. მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, როცა ფანჯარაზე მამაკაცმა დააკაკუნა. თავბრუ დაეხვია, მაგრამ თითქოს ყველაფერი რიგზე იყო. გვანცაც მთელი იყო.
მანქანიდან გადმოვიდა, რომ მამაკაცს დალაპარაკებოდა. როგორც ჩანს, მის მანქანას დაეჯახა. მამაკაცი უფრო შეშფოთებული იყო, ვიდრე გაბრაზებული. „კარგად ხართ? გამოვიძახო სასწრაფო?“ – იკითხა კაცმა. ნუნუ ირწმუნებოდა, რომ კარგად იყო. თან სერიოზული ავარია არაა. მანქანა მხოლოდ მცირედ ჩაიღუნა, ხოლო უცხოს მანქანის ფარი გატყდა. მოულოდნელად ნუნუმ გააცნობიერა, როგორ სულელურად მოიქცა და ატირდა. უცხო მამაკაცი მის დამშვიდებას ცდილობდა. ჰკითხა, თუ რა მოხდა. თავადაც არ იცოდა, რატომ, მაგრამ მთელი ისტორია მოუყვა. ქმრის, ეჭვების და მისი სულელური თვალთვალის შესახებ. მამაკაცმა მოუსმინა და მსუბუქად ჩაეღიმა: „ხდება ხოლმე. არ ინერვიულო, ყველაფერი მოგვარდება. მანქანით თვალთვალი აღარ მოაწყოთ“. ნუნუს გაეცინა, დამშვიდდა. მამაკაცს თავისი ნომერი მისცა, რომ რემონტის ღირებულება გაეგო. მისი ნომერიც ყოველი შემთხვევისთვის ჩაიწერა. ამაზე დაიშალნენ.
ნუნუმ გაიფიქრა, რომ შორს შეტოპა. ქმართან დალაპარაკება გადაწყვიტა, მაგრამ იგივე პასუხი მიიღო: „ნუნუ, სამსახურში პრობლემები მაქვს. ბევრი საქმეა, ვერ ვასწრებ. უფროსი მაწვება, მნიშვნელოვანი პროექტის ჩაბარების ვადა იწურება. ძალიან დავიღალე“. გაიფიქრა, რომ ეგოისტი იყო. ქმარი უბრალოდ სამსახურში იღლება და ეს კიდევ აწუხებს. მიდგომა შეცვალა. აღარ ჩიოდა, ყოველ საღამოს მეუღლეს ცხელი ვახშმით ელოდა. ერთობლივი შვებულება შესთავაზა. ქმარი დათანხმდა, ისიც დაგეგმვაში ჩაიძირა. შეთანხმდნენ, რომ სამოგზაუროდ წავიდოდნენ 2 თვის შემდეგ, როცა ქმრის პროექტი დასრულებოდა. ასე სახლში სუსტი ბალანსი გამოჩნდა. სჯეროდა, რომ შვებულების შემდეგ ყველაფერი დალაგდებოდა.
ბოლო სამუშაო დღე დასასრულს უახლოვდებოდა. სადილის შემდეგ მხოლოდ საათს უყურებდა. უფროსმა შეამჩნია და სამსახურიდან ადრე გაათავისუფლა. უთხრა, რომ თავადაც არ მუშაობს და სხვებსაც ხელს უშლის. ნუნუმ სახლში წასვლა იჩქარა. გზაზე საყვარელ კაფეში შეიარა და ნამცხვრები შეიძინა. ბედნიერი ბრუნდებოდა. მალე ქმართან ერთად სანაპიროზე ინებივრებს და ძველი სიყვარულის დაბრუნებას შეძლებს. მის სართულზე ლიფტის და ბინის კარები ერთდროულად გაიღო. ნაბიჯი გადადგა და გაშეშდა. მისი ბინის კართან მეუღლე ვიღაც ქალს ეხვეოდა. ისე ვნებიანად კოცნიდნენ, რომ ლიფტის ხმა არც გაუგიათ. ლიფტის კარმა დახურვა დაიწყო და ქალის მკლავს დაარტყა. უნებურად შეიკივლა. წყვილმა კოცნა შეწყვიტა და ნუნუსკენ მიტრიალდა. ირაკლის მკლავებში მისი საუკეთესო მეგობარი გვანცა იყო. ღალატისა და ტყუილისგან ყვირილი სურდა. ნამცხვრების ყუთი ქმარს ესროლა, ბინაში შევარდა და უკვე ჩალაგებულ ჩემოდანს ხელი მოკიდა. ქმარი ახსნას ცდილობდა, ამბობს, რომ ყველაფერი არასწორად გაიგო, მაგრამ ნუნუ აღარ უსმენდა.
ახალი გვერდი – ნუნუ გაიქცა და მანქანაში ჩაჯდა. დამშვიდდა, მიხვდა, რომ ქალაქში წასასვლელი არსად ჰქონდა. მხოლოდ გვანცა ჰყავდა. ვინმეს საპოვნელად ტელეფონი აიღო. ბოლო ჩაწერილი ნომერი თვალში მოხვდა. მამაკაცი, რომელიც მის მანქანას დაეჯახა. გაახსენდა, როგორ დაამშვიდა მასთან საუბარმა და დარეკვა გადაწყვიტა. მაშინვე უპასუხა: „გამარჯობა, მანქანის თაობაზე რეკავთ? არ ინერვიულოთ, უკვე შევაკეთე. არ შეგაწუხეთ, ფული არ მჭირდება“. გაიგონა, რომ ნუნუ ტიროდა და ჰკითხა, რა მოხდა. კვლავ ყველაფერი უამბო. უცხო მამაკაცმა მასთან მისვლა შესთავაზა. რამდენიმე საათი გაუჩერებლივ საუბრობდნენ. უამბო, რომ მსგავსი ისტორია თავს გადახდა. ურჩია, რომ შვებულებაში მაინც წასულიყო, რადგან ყველაფერი უკვე გადახდილია. ასეც მოიქცა. ასე დამშვიდება და დაფიქრება შეძლო. მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ქმართან განქორწინება სურს და მეგობრის დანახვა აღარ უნდა. გაიფიქრა, რომ მისი ცხოვრების ახალი გვერდი შეიძლება გახდეს ეს საინტერესო მამაკაცი, ვისთანაც თავს ასე მშვიდად გრძნობს.
აი, ამბავი, სადაც ახლობლების ღალატი და ტყუილი შემთხვევით გამოაშკარავდა. სამწუხაროდ, მსგავსი რამ ხშირად ხდება. იმედი გვაქვს, რომ ნუნუს ცხოვრება დალაგდება და ინტუიციის ნდობას ისწავლის.