ყოველთვის ვეძებ ახალ მეთოდებს, რომ თმა უფრო ჯანსაღი, ძლიერი და აბრეშუმივით ნაზი გახდეს. ამ მიზანს მუხის ქერქის ნახარში შესანიშნავად უმკლავდება. ჯადოსნური საშუალება მარტივად მზადდება, მაგრამ ბევრ სასარგებლო თვისებას ფლობს. Paparazzi გიამბობთ, რატომ და როგორ გამოიყენოთ მუხის ქერქის ნახარში თმისთვის.
მუხის ქერქის ნახარში – ყველა ქალი კოსმეტოლოგთან არ მიდის და თმას პროფესიონალებს არ ანდობს. ისინი ტანის, კანისა და თმის მოსავლელად ხალხურ საშუალებებს იყენებენ. ახლა, როცა ფასები მუდმივად იზრდება, სახლის და აფთიაქის სხვადასხვა ნივთები ნამდვილად გვეხმარება. ახლახანს გავიგე, რომ თმას მუხის ქერქი შესანიშნავად აძლიერებს. ჭაღარას ნიღბავს, თმას უფრო ღრმას ხდის.
მუხის ქერქი ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლიათ შეიძინოთ. ხელმისაწვდომი და იაფი პროდუქტია. რაც მთავარია, ერთი შეფუთვა დიდხანს გეყოფათ. მუხის ქერქს უძველესი დროიდან იყენებდნენ. თავის მოვლის ნომერ პირველი საშუალება იყო. ეს გასაკვირი არაა, რადგან ბევრ სასარგებლო თვისებას ფლობს. პირველ რიგში, მუხის ქერქი თმის ძირებს აძლიერებს და თმას უფრო მკვრივს და ელასტიურს ხდის. მეორეც, თმას ბზინვარებას უბრუნებს. თმა დიდხანს სუფთა დარჩება. ასეთი სერიოზული უპირატესობების მიუხედავად, მუხის ქერქის გამოყენება ყველას არ შეუძლია. ყავისფერი და შავი თმის მფლობელებს უფრო გამოადგებათ. აი, ქერა თმის ფერი შეიძლება გააფუჭოს. ეს გაითვალისწინეთ.
როგორ მოვამზადოთ თმის საშუალება – თმის გამაძლიერებელი საშუალების მოსამზადებლად მუხის ქერქი და წყალი დაგჭირდებათ. 3 ს/კ ქერქზე 1 ლ მდუღარე წყალი აიღეთ. ნახარშს სხვადასხვა ეთერზეთი შეგიძლიათ დაუმატოთ. მაგალითად, მუხის ქერქთან გრეიფრუტის ეთერზეთი იდეალურად მუშაობს, ასევე ბერგამოტის, ლიმონის, კედრის და ლიმონის ზეთი. მუხის ქერქის ნახარში სხვადასხვა მეთოდით შეგიძლიათ მოამზადოთ. პირველი მეთოდი მარტივია. ქერქს მდუღარე წყალი დაასხით და 60 წუთით თავდახურულ ჭურჭელში გააჩერეთ. 1 საათში სითხე გადაწურეთ. მეორე მეთოდი: ნახარში მოამზადეთ. ქერქი წყალში (პროპორცია იგივე) ჩაყარეთ და 15 წუთით ხარშეთ.
ნახარში თავის დაბანის შემდეგ თამამად გადაივლეთ ან თავის დასაბან წყლად გამოიყენეთ. თუ 1 თვის განმავლობაში ყოველ მესამე დღეს თავს მუხის ქერქის წყლით დაიბანთ, თმა უფრო ნელა გაცხიმიანდება. თუ მუხის ქერქის ნახარშს თავზე გადასავლებად იყენებთ, ეს სწორად გააკეთეთ. ნახარში გადაივლეთ ყველა სხვა პროცედურის დასრულების შემდეგ, ანუ ბალზამის, ნიღბის და სხვა საშუალების გამოყენების შემდეგ. ნახარშის გადავლების შემდეგ უბრალო წყლის გამოყენება საჭირო აღარაა. ნახარში სავლებად კვირაში მაქსიმუმ ერთხელ გამოიყენეთ. თუ მშრალი თმა გაქვთ, მუხის წყალი პრობლემას გაამწვავებს. ამ შემთხვევაში ნარევი პულვერიზატორში ჩაასხით და თმა მხოლოდ სიგრძეზე დანამეთ. ბიუჯეტური საშუალება თმას ბზინვარებას დაუბრუნებს.
გირჩევთ, საშუალება გამოსცადოთ, რომ მიხვდეთ, თქვენს თმას და სკალპს უხდება თუ არა. გახსოვდეთ, რომ მყისიერი შედეგის მიღება თითქმის შეუძლებელია. ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაზე ვმუშაობთ.