ჯულია რობერტსი თავის ყველა ნაოჭზე გიჟდება და ქალებს ურჩევს არ დამალონ ისინი

0
216

2022 წელს ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჯულია რობერტსი 55 წლის იუბილეს აღნიშნავს. სერიოზული ასაკის მიუხედავად ჰოლივუდის ლამაზმანი შესანიშნავად გამოიყურება. Paparazzi გიამბობთ, როგორ ახერხებს ქალი ფორმის შენარჩუნებას და მოწოდების სიმაღლეზე ყოფნას. ჩაუმქრალი ვარსკვლავის სილამაზის მთავარ საიდუმლოებებს გაგიმხელთ.

ჯულია რობერტსი – 2022 – ძალიან მალე ლამაზმანი ჯულია 55–ე დაბადების დღეს აღნიშნავს. სერიოზული რიცხვია, მაგრამ მსახიობს საერთოდ არ აწუხებს. წლებთან ერთად უკეთესდება, რადგან თავისი სიბერე მიიღო და ამას ბუნებრივად აკეთებს. ჰოლივუდის მთავარ ლამაზმანს არ ეშინია გამოაქვეყნოს ფოტო, სადაც ნაოჭები და ნაკლოვანებები ჩანს. უფრო მეტიც, მის ინსტაგრამში უმაკიაჟო სელფები ხშირად ჩანს. მსახიობს არაფრის რცხვენია. მის გარეგნობაში სპეციალისტების ნებისმიერ ჩარევას უარყოფს. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ჯულიას პლასტიკა არ გაუკეთებია.

55 წლისას ასეთი ლამაზი რომ იყო, საკუთარ თავზე მუდმივად უნდა იმუშაო. თან ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყოთ. ახალს ვერაფერს გაიგებთ, თუ გეტყვით, რომ ყველაფრის საფუძველი კვება და სპორტია. ჯულია რობერტსი თითქმის 15 წელია უგლუტენო დიეტას იცავს. მის რაციონში ხორბლის ფქვილის პურცომეული, მაკარონი, ძეხვი და სოსისი, ტკბილეული და სნექები არ შედის. ეს პროდუქტები საკვები ნაგავია, რომელიც ორგანიზმს აბინძურებს და ნაადრევ დაბერებას იწვევს. მსახიობი ორგანულ ხილ–ბოსტნეულს მიირთმევს. უყვარს პარკოსნები, კინოა, ტკბილი კარტოფილი და ქოქოსის წყალი. ბალანსირებულად იკვებება, მის ყოველდღიურ რაციონში ქათამი და თევზი ყოველთვის არის.

რობერტსის სასარგებლო ჩვევები – სპორტში ყველაფერი საათივით აწყობილი აქვს. ყოველ დილას იოგით იწყებს. პირველ რიგში, ასეთი პრაქტიკა ეხმარება სტრესის მოხსნასა და სხეულთან დაკარგული კონტაქტის აღდგენაში. მეორეც, იოგა მენტალურ ჯანმრთელობას და ფიზიკურ ფორმას აუმჯობესებს. დილის ვარჯიშის შემდეგ განწყობა უმჯობესდება. მსახიობს ახალგაზრდული გარეგნობის შენარჩუნებაში პლიომეტრიკა ეხმარება. ეს სპეციალური ხტომის ვარჯიშია, რომელიც სიჩქარეს, ამტანობას და კუნთების მასას ავითარებს. პლიომეტრიკაში მწვრთნელის დაკვირვებით ხელმძღვანელობს. გარდა ამისა, სირბილი უყვარს. სტეპაერობიკით დაკავებულია და წყლის თხილამურებით სეირნობს. აქტიური ცხოვრების წესი ფორმის შენარჩუნებაში ეხმარება.

კარგად ჩანს, რომ ჯულია რობერტსი თავდაჯერებული ქალია. მსახიობი ხშირად ამბობს, რომ მისი საიდუმლო მარტივია. ყოველთვის ყურადღებას აქცევს, რომ ზურგი სწორად დაიჭიროს და არ მოიხაროს. მხრების გამართვით ნებისმიერი ქალი წამებში გარდაიქმნება.

როცა ვარსკვლავი პატარა იყო, თანატოლები დიდი პირის გამო დასცინოდნენ. მოგვიანებით ეს მისი სავიზიტო ბარათი გახდა. აი, ქათქათა ღიმილი საერთოდ დამატყვევებელია. როგორც აღმოჩნდა, რობერტსი ასეთ სითეთრეს მარტივად აღწევს. სპეციალური კბილის პასტით იხეხავს, რომელიც სოდას და ფთორს შეიცავს.

მსახიობი კანის მდგომარეობას ყურადღებას აქცევს. სახლიდან SPF მზისგან დამცავის გარეშე არ გადის, რადგან იცის, რომ ულტრაიისფერი სხივები ნაადრევ დაბერებას იწვევს. ამ მიზეზით გარუჯვაზე უარს ამბობს.

მსახიობის სხვა ჩვევები – ჯულიასთვის ნებისმიერი კოსმეტიკა ხელმისაწვდომია, მაგრამ მთავარ მოვლის საშუალებად ზეითუნის ზეთს მიიჩნევს. მსახიობი ზეთს სახის და ტანის მკვებავ კრემებს უმატებს. ასევე, ზეითუნის ზეთს თმისთვის იყენებს. და მაინც, პროფესიონალ კოსმეტოლოგთან დადის. ბოტოქსს და პლასტიკას არ იყენებს, მაგრამ სხვადასხვა მოვლის პროცედურას იტარებს და სახეზე დამატენიანებელ და მკვებავ ნიღბებს ისვამს.

ეს ყველაფერი პოზიტიურ აზროვნებასთან ერთად ჯულიას ეხმარება, რომ ყოველთვის იდეალურად გამოიყურებოდეს. კარგია, რომ ქალი სიბერის პროცესს ადეკვატურად აღიქვამს და ახალგაზრდობის ხელოვნურად შენარჩუნებას არ ცდილობს. მსახიობი ბევრისთვის მისაბაძი მაგალითია.