ფაფუკი ვანილის ფუნთუშები, შემოდგომის ფავორიტი, რომელიც ნახევარ საათში მზადაა

0
527

შემოდგომა საუკეთესო დროა, რომ ფუნთუშები დააცხოთ და სითბური დარტყმის არ შეგეშინდეთ. ეს სეზონი შინ გამომცხვარი ცომეულის დროა. საფუარის ფუნთუშები შიგთავსის გარეშე ჩემი ფავორიტია. მინიმუმი ძალისხმევით საოცარ შედეგს მიიღებთ. Paparazzi საოცარი ვანილის ფუნთუშების რეცეპტს გიზიარებთ.

ცომის ხაშის ინგრედიენტები:

  • 300 მლ რძე
  • 2 ს/კ შაქარი
  • 1 ჩ/კ მშრალი საფუარი
  • 6 ს/კ ფქვილი

ცომის ინგრედიენტები:

  • 100 გ შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 500 გ ფქვილი

დამატებითი ინგრედიენტები:

  • 100 გ კარაქი
  • 1 ს/კ ვანილი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 20 გ ნუშის ფანტელები

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, ცომის ხაში მოამზადეთ. ოდნავ თბილი რძე თასში ჩაასხით. საფუარი და შაქარი დაუმატეთ. კარგად აურიეთ. ფქვილის საერთო მასიდან (500 გ) 6 სუფრის კოვზი აიღეთ და ხაშს დაუმატეთ. თხელი ცომი მოზილეთ, როგორც ბლინისთვის. გადააფარეთ და 40 წუთით სითბოში გააჩერეთ.
  2. ახლა კვერცხი და შაქარი ცალკე ათქვიფეთ.
  3. 40 წუთის შემდეგ, როცა ხაში ამოვა, ცომი მოზილეთ. ათქვეფილი კვერცხი ხაშს დაუმატეთ და აურიეთ. დარჩენილი ფქვილი დაუმატეთ და მოზილეთ. ფქვილი, რა თქმა უნდა, გაცრილი უნდა იყოს.
  4. რბილ ცომს მიიღებთ. ბოლოს ზეთი დაუმატეთ და კიდევ 15 წუთით მოზილეთ. ცომს გადააფარეთ და 1 საათით სითბოში გააჩერეთ. მზა ცომი 12 თანაბარ ნაწილად დაყავით. თითოეულიდან ბურთები გააკეთეთ. ახლა თითოეული ბურთი 0,5 სმ სისქეზე გააბრტყელეთ.
  5. თითოეულ ცომის ფირფიტას გამდნარი კარაქი წაუსვით. ზემოდან ვანილი და შაქარი მოაყარეთ. ფუნთუშებს სასურველი ფორმა მიეცით. მთავარია, ლამაზი გამოვიდეს. ფუნთუშები საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ, კვერცხის გული წაუსვით და ნუშის ფანტელები მოაყარეთ. 170 გრადუსზე 30 წუთით აცხვეთ.

არომატული და ძალიან ფაფუკი ფუნთუშები გამოვა. ფინჯანი არომატული ყავა მოადუღეთ, ფუნთუშა აიღეთ, ფილმი ჩართეთ და შემოდგომის ცივი საღამოთი ისიამოვნეთ. გემრიელად მიირთვით!