ქურუმმა ბიზნესმენს ამ ნივთის საწოლის ქვეშ დადება უბრძანა. საქმე მაშინვე დალაგდა. „მარილი საწოლის ქვეშ დაყარე და სასწაულს ელოდე. ცხოვრებას უკეთესობისკენ სასწაულებრივად შეცვლი“ – უთხრა ვედიელმა ქალმა ჩემს ძველ მეგობარ ვასოს. კონსულტანციის შემდეგ მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, რაც მთავარია, უკეთესობისკენ. Paparazzi გიამბობთ, როგორ მოაწყოთ საძინებელი და რა შეინახოთ საწოლის ქვეშ, რომ ცხოვრების შავი ზოლიდან გამოხვიდეთ. ძლიერი ეზოთერიკის რეკომენდაციები!
მარილი საწოლის ქვეშ – საძინებელ ოთახში ბევრ დროს ვატარებთ. აქ ვისვენებთ და ძალებს ვიკრებთ. ჩვენი დღე დამოკიდებულია იმაზე, როგორ გამოვიძინეთ და რა განწყობით გავიღვიძეთ. მნიშვნელოვანია, საძინებელში ყველაფერი კომფორტს და სრულფასოვან დასვენებას ხელს უწყობდეს. ყურადღებით აირჩიეთ ადგილი, სად და რაზე დაიძინებთ. საძინებელში უცხო ხალხი არ შეუშვათ. მათ შორის ნათესავები და მეგობრები. ეს ოთახი მხოლოდ სახლის მეპატრონეებისთვისაა! თუ საძინებლის სრულად იზოლირება არ შეგიძლიათ (მაგალითად, ერთოთახიან ბინაში), მაშინ მოიფიქრეთ, როგორ მოახდენთ საწოლის იზოლირებას ცნობისმოყვარე თვალებისგან. მაგალითად, მოძრავი ტიხარი გამოიყენეთ ან კარნიზი ფარდით დაკიდეთ.
საწოლის ადგილმდებარეობის წესებიც არსებობს. თუ ფეხით კარისკენ დაწვებით, მაშინ ენერგია, რომელიც აღსადგენად საჭიროა, კარიდან გავა. სწორედ ამიტომ, ადამიანი დაღლილი იღვიძებს. მუდმივად ასეთი მდგომარეობა უსიამოვნებებს და უძილობას იწვევს. ყველაზე ოპტიმალურია საწოლი კარისა და ფანჯრის პერპენდიკულარულად განათავსოთ, სასთუმალი მთავარ კედელთან უნდა იყოს. ამასთან უნდა ხედავდეთ, ვინ შემოდის ოთახში.
ადამიანი, რომელიც საწოლზე წევს, სარკეში არ უნდა ირეკლებოდეს. განსაკუთრებით, სარკე ჭერში არ ჩასვათ! საწოლი ენერგეტიკულად დანარჩენ საცხოვრებელ ნაწილს უკავშირდება, რაც ბოროტი ძალებისგან იცავს. სწორედ ამიტომ, ოვალური ან წრიული საწოლის, ასევე უსასთუმლო ან დაბალი სასთუმლის მქონე საწოლის გამოყენება არასასურველია.
თეთრეული ღია ორნამენტებით და პრინტით აირჩიეთ. იდეალურია ერთფერიანი, რადგან ძილში მოძრაობისას გარკვეულ ენერგეტიკულ ნახატს ვქმნით, რომელიც ინდივიდუალურია. ითვლება, რომ ის დღის განმავლობაში დაგროვილ ინფორმაციას ატარებს. საწოლს გადასაფარებელი აუცილებლად გადააფარეთ. ასე ღამით საწოლზე დატოვებულ ენერგიას დაამშვიდებთ და საძინებელს საღამოსთვის მოამზადებთ. საწოლი არ მოათავსოთ კედელთან, რომლის უკან წყალმომარაგებაა. საწოლი გათბობის ბატარეიდან შორს მოათავსეთ.
რამდენიმე ამულეტი ცხოვრების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. მაგალითად, რთულ პერიოდში საწოლის ქვეშ დანა დადეთ. ის ნეგატივს გადაჭრის და შავი ზოლიდან სწრაფად გამოსვლაში დაგეხმარებათ. თუ გსურთ, ყოველთვის გაგიმართლოთ, ბევრი ძალა და ენერგია გქონდეთ, თვეში ერთხელ 3 დღით მარილი საწოლის ქვეშ შეინახეთ. ასე ნეგატიურ პროგრამებს მოიშორებთ. ამასთან ენერგიის მძლავრ ნაკადებს მოიზიდავთ, რომ საძინებლის მფლობელმა შეუდარებელ შედეგებს მიაღწიოს. მარილი პარკში ან თეფშზე შეგიძლიათ დაყაროთ. საწოლის ქვეშ დადეთ და თქვით: „უბედურებას განვდევნი, მწუხარებას ვიშორებ, მარილი გზებს მიხსნის და მიცავს!“ ეს ფრაზა მხოლოდ ერთხელ უნდა თქვათ. 3 დღის შემდეგ მარილი გამდინარე წყლით ჩარეცხეთ. რიტუალი მარტივი, მაგრამ ეფექტურია!
თანამედროვე გაჯეტებთან ანალოგი რომ გავავლოთ, საწოლი აუცილებელი დამტენი მოწყობილობაა. იმაზე, თუ რამდენად კარგად მუშაობს ძილის დროს, სიფხიზლეში ადამიანის ჯანმრთელობა და პროდუქტიულობა დამოკიდებულია.