ფუმფულა გოგრის ფუნთუშები დარიჩინით, რომელიც სუფრიდან სწრაფად ქრება

0
233

რა მოვამზადოთ გოგრით, როცა ეს სეზონური ბოსტნეული მწიფდება და ყველა ბაზარსა და სუპერმარკეტში გვხვდება? განსაკუთრებით მაშინ, როცა გარეთ ცივა და რაღაც გემრიელი, სურნელოვანი და გამათბობელი გვსურს? არა, გლინტვეინს არ ვგულისხმობთ, თუმცა გოგრის ფუნთუშებს უხდება. რეცეპტი ერთ–ერთ შვედურ კულინარიულ ბლოგში ვიპოვე. თავიდან რთული რეცეპტი მომეჩვენა, მაგრამ გაცილებით მარტივი აღმოჩნდა. აუცილებლად სცადეთ. Paparazzi გოგრის ლამაზი ფუნთუშების რეცეპტს გიზიარებთ.

როგორ მოვამზადოთ გოგრის ფუნთუშები – ორიგინალურ რეცეპტში ჩემი ინოვაცია სანელებლების დამატებაა, როგორც გლინტვეინში. შვედი მზარეული მხოლოდ დარიჩინს ამატებს, მაგრამ სანელებლები თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ დაამატოთ.

ფუნთუშის ინგრედიენტები:

  • 500 გ ფქვილი
  • 100 გ გოგრის პიურე
  • 150 გ რძე
  • 100 გ კარაქი
  • 110 გ შაქარი
  • 1 კვერცხი
  • 25 გ დაპრესილი საფუარი (ან 8-10 გ მშრალი საფუარი)
  • 0,5 ჩ/კ მარილი

ჭიქურის ინგრედიენტები:

  • 200 გ შაქარი
  • 100 გ კარაქი
  • 3 ს/კ დაფქული დარიჩინი, ილი, კოჭა გემოვნებით

კულინარიული ძაფიც დაგჭირდებათ. უფერო და გამძლე ჩვეულებრივი ძაფიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.

მომზადების წესი:

  1. ოთახის ტემპერატურის რძეს საფუარი დაუმატეთ და გახსნამდე აურიეთ. ცოტა ხნით გააჩერეთ.
  2. რძე, კვერცხი, შაქარი, კარაქი, გოგრის პიურე, მარილი და ნახევარი ფქვილი აურიეთ და ცომი მიქსერით მოზილეთ.
  3. ერთგვაროვანი ელასტიური მასა უნდა მიიღოთ. პარკი დააფარეთ და 20-30 წუთით გააჩერეთ.
  4. ცომი თანაბარ ნაწილებად დაყავით, თითოეული დააგუნდავეთ. ბურთებს ძაფი ჯვარედინად გადაახვიეთ ისე, რომ რამდენიმე „ნაწილი“ გამოვიდეს (როგორც გოგრას).
  5. გოგრის ფუნთუშები საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ და 2 საათით სითბოში გააჩერეთ.
  6. 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 15 წუთით შეწითლებამდე აცხვეთ.
  7. ჭიქური მოამზადეთ. კარაქი გაადნეთ და თითოეულ ფუნთუშას უხვად წაუსვით.
  8. შაქარი და დარიჩინი აურიეთ და ფუნთუშებს ყველა მხრიდან მოაყარეთ. მზადაა!

თუ გსურთ, რომ ნამდვილ გოგრას დაამსგავსოთ, გამომცხვარ ფუნთუშებს ცენტრში დარიჩინის მოკლე ჩხირი ჩაარჭეთ, რომ „კუდი“ მიიღოთ. გოგრის ფუნთუშები ჰელოუინის დღესასწაულზე ორიგინალური და თემატურია.