კალათები ცილოვანი კრემით: ისეთი, როგორც სკოლის სასადილოში იყო

0
146

კალათები ცილოვანი კრემით მეუღლის საყვარელი დესერტია. თავადაც მიყვარს, განსაკუთრებით მაშინ, როცა დიდი ბეზეს ქუდი ახურავს. ამ რეცეპტით მოვამზადე იდეალური კრემი, რომელიც ადრე ყოველთვის იჭრებოდა. Paparazzi საყვარელი დესერტის მომზადების ინსტრუქციას გიზიარებთ.

ცომის ინგრედიენტები:

  • 180 გ ფქვილი
  • 3 კვერცხის გული
  • 0,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 30 გ შაქარი
  • 100 გ კარაქი
  • 20 გ რძე
  • მწიკვი მარილი
  • 10 ჩ/კ ჯემი

ცილოვანი კრემის ინგრედიენტები:

  • 100 გ კვერცხის ცილა
  • 50 გ წყალი
  • 200 გ შაქარი
  • მწიკვი მარილი
  • მწიკვი ლიმონმჟავა

მომზადების წესი:

  1. ცომის მოსამზადებლად ფქვილი და გამაფხვიერებელი გაცერით. კუბებად დაჭრილი ცივი კარაქი დაუმატეთ. ნაფშვენის მიღებამდე აურიეთ.
  2. ფხვიერი ნაფშვენის ცენტრი ჩააღრმავეთ. კვერცხის გულები, რძე, შაქარი და მწიკვი მარილი დაუმატეთ. ცომი ჯერ სათქვეფით, შემდეგ ხელით მოზილეთ. ფხვიერი ცომის დიდხანს მოზელა არ შეიძლება, რადგან ფქვილში წებოვანა ვითარდება და ცომი შეიძლება უხეში და მკვრივი გახდეს. ჩვენ გვინდა, რომ რბილი და ფხვიერი, არა წებოვანი გამოვიდეს.
  3. კალათები რკინის ფორმებში შეგიძლიათ მოამზადოთ. კექსის ან მაფინის სილიკონის ფორმებიც გამოგადგებათ. ცომი თითოეულ ფორმაში თანაბრად გაანაწილეთ. ცომის ნარჩენები ფორმის კიდეებს ფრთხილად მოაშორეთ. ამ რაოდენობის დაახლოებით 10 კალათა გამოდის. კალათები 180 გრადუსზე 15 წუთით აცხვეთ. ოდნავ გაგრილება აცადეთ და ფორმებიდან ამოიღეთ.
  4. თითოეულ კალათს 1 ჩ/კ ჯემი დაუმატეთ. ნებისმიერი გამოიყენეთ, რომელიც მოგწონთ. კრემის მოსამზადებლად სქელძირიან ქვაბში წყალი ჩაასხით, შაქარი დაუმატეთ და სილიკონის კოვზით აურიეთ. სიროფი საშუალო ცეცხლზე 118 გრადუსამდე ხარშეთ.
  5. ცალკე კვერცხის ცილები მწიკვ მარილთან და ლიმონმჟავასთან ერთად ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ. ოდნავ გრილი სიროფი წვრილ–წვრილად ჩაასხით. კრემის ათქვეფა გააგრძელეთ, მაგრამ მიქსერი უკვე სრულ სიჩქარეზე ჩართეთ. მკვრივ ბეზეს მიიღებთ, რომელიც ფორმას კარგად ინარჩუნებს.
  6. კრემი საკონდიტრო ტომარაში გადაიტანეთ. ლამაზი თავი გაუკეთეთ. თითოეულ კალათს ბეზეს ლამაზი ქუდი დაახურეთ. მზა დესერტის გაფორმება ამით შეგიძლიათ დაასრულოთ ან დაქუცმაცებული კაკალი და გახეხილი შოკოლადი დაუმატოთ. გემრიელად მიირთვით!

ფხვიერი კალათი, მომჟავო ჯემი და ნაზი ბეზეს ქუდი ბევრს მოეწონება. ცილოვანი კრემის გაკეთება მწვერვალის დაპყრობას ჰგავს. გვინდა, მაგრამ რთულია, თან ინსტრუქციაში ბევრი ნიუანსი ზუსტად უნდა დაიცვათ. ასე ვფიქრობდი, სანამ მწვერვალი არ დავიპყარი. შედეგით კმაყოფილი ვარ. ცილოვანი კრემი ბიუჯეტურია, ტორტიც შეგიძლიათ გააფორმოთ. ტემპერატურის რეჟიმს ადვილად იტანს.