უკრაინული შპუნდრა. სასარგებლო რეცეპტი ღორის ხორცით და ჭარხლით

0
123

გსურთ ხორციანი კერძის მომზადება, მაგრამ ყველა რეცეპტი უკვე მოგბეზრდათ? უკრაინული შპუნდრის მომზადებას გთავაზობთ. ნოყიერი და მარტივი კერძია. Paparazzi გიამბობთ, როგორ მოამზადოთ უკრაინული კერძი.

ხორციანი კერძის მომზადება – შპუნდრის მომზადების მთელი საიდუმლო ნოყიერ ხორციან გემოშია. სწორედ ამიტომ, კარგი ღორის ხორცი შეარჩიეთ. რა თქმა უნდა, ქათმის ან ხბოს ხორციც შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ ღორის კისერი ან ბეჭის ნაწილი იდეალური ვარიანტია. შპუნდრისთვის ხორცი პატარა ნაჭრებად შეგიძლიათ დაჭრათ ან საერთოდ არ დაჭრათ.

ინგრედიენტები:

  • 500 გ ღორის ხორცი
  • 2 ს/კ გადამდნარი ქონი
  • 500 გ ჭარხალი
  • 4 პატარა ხახვი
  • ახალი მწვანილი
  • სანელებლები

მომზადების წესი:

  1. კლასიკური შპუნდრა ჭარხლის ბუხრის დამატებით მზადდება. ახლა მისი შოვნა რთულია. ავთენტური გემოს მისაღებად ჩვეულებრივი ბურახი და ჭარხლის წვენი შეგიძლიათ აურიოთ. თუ წვალება არ გსურთ, ბურახი წყლით და რამდენიმე კოვზი ძმრით ჩაანაცვლეთ.
  2. მომზადების პირველი ვარიანტი: ღორის ნაჭრები. ხორცი პატარა ნაჭრებად დაჭერით, სანელებლები დაუმატეთ და ტაფაზე შეწვით. წვნიანი მოწითალო ქერქი უნდა გამოჩნდეს. ბოლოს ხორცს ნახევარ რგოლებად დაჭრილი ხახვი დაუმატეთ. შემწვარი ხორცი ქვაბში მოათავსეთ, ჭარხლის ნაჭრები დაუმატეთ, ბურახი ან წყლისა და ძმრის (ან ლიმონის წვენის) ნარევი დაასხით. გაითვალისწინეთ, რომ წყალი ხორცის ნაჭრებს ბოლომდე უნდა ფარავდეს. შპუნდრა სუსტ ცეცხლზე 2 საათით ჩაშუშეთ.
  3. მომზადების მეორე ვარიანტი: ღორის ხორცის დიდი ნაჭრები, რომელსაც დაჭრა არ სჭირდება. ხორცი სპეციალურ ფორმაში მოათავსეთ და წყლის დამატება არ დაგავიწყდეთ. 170 გრადუსამდე ღუმელში 1-1,5 საათით აცხვეთ. ჭარხალი ცხობის ბოლოს შეგიძლიათ დაუმატოთ, რომ არ გადაიწვას. მზა ხორცს ბოსტნეულის გარნირი შემატეთ. მაგალითად, კარტოფილის პიურე ან გამომცხვარი ბოსტნეულის ასორტი. ხორცთან ერთად არა მხოლოდ ჭარხალი, არამედ სოკო, ბროკოლი, წიწაკა და სხვა ბოსტნეული შეგიძლიათ გამოაცხოთ.

როგორ მოვამზადოთ ნოყიერი ხორციანი კერძი – ერთი შეხედვით, შპუნდრა რთული მოსამზადებელია. რაღაც ჭარხლის ბურახი სჭირდება, რომელიც არ იშოვება. არავინ გიკრძალავთ, რომ კერძი თქვენი სურვილისამებრ შეცვალოთ. ნებისმიერი ინგრედიენტის ალტერნატივა მოიძებნება და მომზადებაში ნამდვილად მომგებიანი იქნება. ხორციანი კერძი დიდი წვეულებისთვის ან ნათესავების წრეში ხმაურიანი სუფრისთვის მოამზადეთ. შპუნდრა შიმშილს სწრაფად აქრობს და დიდი ხნით დაგანაყრებთ. არომატული ხორცი გულგრილს არავის დატოვებს, ხოლო რბილი ბოსტნეული ღორის ხორცის სასიამოვნო გემოს იდეალურად შეავსებს. რეცეპტი თქვენს კულინარიულ წიგნს აუცილებლად დაუმატეთ.