მარტივი მეთოდი, როგორ გაწმინდოთ ქურთუკის ცხიმიანი სახელოები და საყელო რეცხვის გარეშე

0
588

ახლახანს რიგში ვიყავი და ორი ქალის საუბარი გავიგონე. ერთი მეორეს უჩიოდა, რომ ზამთრის ქურთუკი ამოიღო და სახელოები გაცხიმული იყო. მთლიანად გარეცხვა არ სურს, რადგან გასაშრობი ადგილი არ აქვს, მაგრამ ასეთის ტარება უკვე სირცხვილია. მეორე ქალმა უამბო, როგორ შეიძლება ამ ლაქების მარტივად მოშორება. რატომღაც ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ ახლა ყოველთვის გამოვიყენებ! Paparazzi გიამბობთ, როგორ გაწმინდოთ ქურთუკის გაცხიმული სახელოები და საყელო ტოტალური რეცხვის გარეშე.

გაცხიმული სახელოები – ქურთუკი იდეალური ტანსაცმელია: კომფორტული, პრაქტიკული და მოდური. ახლა ღია ფერის ქურთუკები მოდაშია. მისი სახელოები და საყელოები სწრაფად ბინძურდება. ქურთუკის ხშირად გაწმენდა რომ არ მოგიწიოთ, ლაქების მოსაშორებელი მარტივი მეთოდები გამოიყენეთ. ასეთი რამდენიმეა.

პირველ რიგში, მეთოდი, რომლის შესახებ რიგში მყოფი ქალებისგან გავიგე. ლაქების მოსაშორებლად ქურთუკის ჭუჭყიანი ნაწილი თბილ წყალში ჩაალბეთ. ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი ან კბილის ჯაგრისი დაგჭირდებათ. მნიშვნელობა არ აქვს, რომელს გამოიყენებთ. მთავარია, უხეში ზედაპირი ჰქონდეს. ჯაგრისი ან ღრუბელი წყალში დაასველეთ და სარეცხი საპნით კარგად გასაპნეთ. შემდეგ ლაქის გახეხვა დაიწყეთ. რაც უფრო დიდხანს გაწმენდთ, მით უკეთესი. ამის შემდეგ ჩამორეცხეთ და ნახეთ, ჭუჭყი დარჩა თუ არა. თუ საჭიროა, პროცედურა გაიმეორეთ. საპნის ნარჩენები კარგად მოაშორეთ, რომ ზოლები არ დარჩეს. შემდეგ უბრალოდ კარგად გააშრეთ. სარეცხი მანქანის ჩართვა არ მოგიწევთ, ქურთუკი სუფთაა!

ცხიმის ლაქები – პირველი მეთოდი სხვადასხვა სახის ჭუჭყს მარტივად აშორებს, მაგრამ ცხიმის ლაქებს ყოველთვის ვერ უმკლავდება. ამ შემთხვევაში ნიშადურის სპირტი გამოგადგებათ. სპირტიანი ხსნარი მოამზადეთ. 1 ს/კ ნიშადურის სპირტი და 1 ს/კ წყალბადის ზეჟანგი აურიეთ. ამ ხსნარში ღრუბელი დაასველეთ და ქურთუკზე ცხიმის ლაქები გახეხეთ. რამდენიმე წუთით გააჩერეთ, შემდეგ წყლით ჩამორეცხეთ. ერთი პროცედურა საკმარისია, რომ ლაქა მოაშოროთ.

ცხიმის ლაქებს ჭურჭლის სარეცხი სითხეც უმკლავდება. დაგჭირდებათ ხსნარი: 1 ს/კ სარეცხი სითხე 500 მლ წყალზე. გაითვალისწინეთ, რომ ქურთუკს მთლიანად არ რეცხავთ. ნეიტრალური სუნის საშუალება შეარჩიეთ, რომ შემდეგ ქსოვილზე არ დარჩეს. ღრუბელი ხსნარში დაასველეთ, ჭუჭყიანი ადგილი გაწმინდეთ. 20 წუთით გააჩერეთ, შემდეგ წყლით ჩამორეცხეთ.

თუ ცხიმის ლაქა ჩამჯდარია და ზემოჩამოთვლილი მეთოდები უძლური აღმოჩნდა, მაშინ სუპერ საშუალება გამოიყენეთ. ეს მარილი და სახამებელია. თანაბარი რაოდენობის კომპონენტები აიღეთ. ცოტა წყალი დაუმატეთ, რომ ფაფა მიიღოთ. ნარევი ლაქას წაუსვით. 10 წუთით გააჩერეთ, შემდეგ წყლით ჩამორეცხეთ.

ყველა ზემოთ მოცემული მეთოდი სხვადასხვა ლაქას შესანიშნავად უმკლავდება. ყველაზე ჩამჯდარ ლაქებსაც აშორებს. მათი დახმარებით ქურთუკის მთლიანად და ხშირად გარეცხვა არ მოგიწევთ, რადგან ზოგიერთი მასალა ხშირი რეცხვის შემდეგ ცვდება.