დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ, ჩვენ დეიდამ წაგვიყვანა თავისთან. ყველაფერი ნორმალურად იყო, სანამ არ გათხოვდებოდა

0
8464

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარ ისტორიას მოგვითხრობს.მე ეკა მქვია, ჩემს დას – მაკა. დედა რომ გარდაიცვალა, მე 13 წლის ვიყავი, მაკი კი – 11 წლის. დედაჩემი მამაჩემს დიდი ხნის წინ გაშორდა. ბავშვთა სახლში არ მოვხვედრილვართ, ჩვენ თავისთან წაგვიყვანა დედაჩვენის დამ – ნინო დეიდამ.

ნინო დეიდა მაშინ მხოლოდ ოცდაექვსი წლის იყო. ის გათხოვილი არ იყო. მაშინ მეგონა, რომ დეიდამ უბრალოდ წაგვიყვანა და ეგაა. მაგრამ ახლა მესმის, რომ ამას დიდი გამბედაობა სჭირდებოდა. ყველას არ მოუნდება საკუთარ თავზე ისეთი ტვირთის აღება, როგორიცაა ორი თინეიჯერი გოგონას აღზრდა. ამის მიუხედავად, დეიდამ ჩვენზე უარი არ თქვა და თავისთან წაგვიყვანა.

პირველი სამი წელი, ჩვენ სამივე ძალიან კარგად ვიცხოვრეთ. დეიდას ვეხმარებოდით, როგორც შეგვეძლო: ვისწავლეთ დალაგება, გარეცხვა, საჭმლის მომზადება.

დეიდაჩემმა გაიცნო მამაკაცი, რომელსაც ცოლი გარდაცვლილი ჰყავდა და ჰყავდა ორი ვაჟი. ნინო დეიდას ეს მამაკაცი შეუყვარდა და ცოლობაზე დათანხმდა.მე და მაკამ ბიჭებთან დამეგობრება ვცადეთ, კარგი ბიჭები იყვნენ. დეიდას ქმარი დიდად არ მოგვწონდა. მეგონა, რომ მას ძალიან უყვარდა დალევა.

თავიდან მეტ-ნაკლებად ნორმალურად ვცხოვრობდით, მაგრამ შემდეგ ყველაფერი ნელ-ნელა შეიცვალა. დეიდა უფრო მკაცრი და მომთხოვნი გახდა. ბიჭებთან კი ძალიან ცდილობდა დამეგობრებას. შემდეგ კი ნინო დეიდა დაორსულდა და ჩვენთვის აღარ ეცალა.მას სხვისი შვილები ძალიან აღიზიანებდნენ: ჩვენც და ბიჭებიც. მე და ჩემმა დამ ვიგრძენით, რომ დეიდა ჩვენს მიმართ გაცივდა. ის ხშირად გვსაყვედურობდა იმის გამო, რომ ჩვენ მას ვუშლიდით, რომ კარგი ურთიერთობა არ გვქონდა ბიჭებთან და მათ მამასთან.

როდესაც დეიდას გოგონა შეეძინა, მაკა ბებიასთან გადავიდა საცხოვრებლად, მე კი სკოლა უკვე დავამთავრე და სასწავლებლად წავედი. საცხოვრებლად საერთო საცხოვრებელში გადავედი. დეიდასთან ხანდახან სტუმრად მივდიოდით, მაგრამ ის სულ უფრო იშვიათად გვეპატიჟებოდა თავისთან. აშკარა იყო, რომ მას ჩვენთვის არ ეცალა. მას ისედაც ძალიან ბევრი საზრუნავი და პრობლემა ჰქონდა.მერე გავიგე, რომ დეიდაჩემის ქმარი სასმელს მიეძალა და სამსახურიდან გაათავისუფლეს. ბიჭები ნამდვილი ხულიგნები გახდნენ და სახლიდან ნივთების მოპარვა დაიწყეს. ნინო დეიდამ ამ ყველაფერს ვეღარ გაუძლო და ქმარს გაშორდა.

ახლა ქალიშვილს მარტო ზრდის და ძალიან კარგად არიან ერთად. მე და მაკა უფრო ხშირად ვსტუმრობთ დეიდას. ის ყოველთვის ძალიან კარგად გვხვდება. ჩანს, რომ მას ძალიან რცხვენია იმის, როგორც მოგვექცა, მაგრამ არც მე და არც მაკა მასზე გაბრაზებულები არ ვართ.