ჰაეროვანი ფუნთუშები ფქვილის და კვერცხის გარეშე. მათთვის, ვინც სხეულის ფორმებს უფრთხილდება

0
127

ბევრი ქალი იდეალური სხეულის ფორმების მისაღებად პურცომეულზე უარს ამბობს. რა საჭიროა შეზღუდვა, თუ უფქვილო ცომეული არსებობს? ახლახანს აღმოვაჩინე ბევრი რეცეპტი, სადაც მთავარი ინგრედიენტი არა ხორბლის ფქვილი, არამედ პარკოსანია: ბარდა, მუხუდო, ოსპი. დღეს ფასდაუდებელ ცოდნას გიზიარებთ.

უფქვილო ცომეული – Paparazzi მუხუდოთი და კინოათი რბილი და ჰაეროვანი ფუნთუშების გამოცხობას გთავაზობთ. გაფრთხილებთ, რომ ინგრედიენტები წინასწარ მთელი ღამით წყალში უნდა ჩაალბოთ. თუ ცომეულის მირთმევა საუზმეზე  გსურთ, მომზადება საღამოს დაიწყეთ. დაგჭირდებათ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომლის გარეშე ფუნთუშა ვერ გამოვა. ესაა ფსილიუმი ან მრავალძარღვის თესლის გარსი. საინტერესო პროდუქტია, რომელსაც ბევრი ისე იღებს, წყალს აყოლებს, რადგან კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მუშაობაზე დადებითად მოქმედებს. სამზარეულოში გლუტენის ნაცვლად გამოიყენება. ის ინგრედიენტებს აწებებს, შედეგად, ცომი ამოდის და მასში ბუშტები და ღრუები იქმნება. ფსილიუმი არა მხოლოდ ცომეულის ცომს, არამედ სხვადასხვა ბოსტნეულის ან პარკოსანის ბურთებს და კატლეტს შეგიძლიათ დაუმატოთ.

ინგრედიენტები:

  • 125 გ მუხუდო
  • 60 გ კინოა
  • 200 მლ წყალი
  • 25 გ ფსილიუმი
  • 35 მლ ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩ/კ სოდა
  • 2 ჩ/კ მიწავაშლის სიროფი
  • 2 ს/კ ლიმონის წვენი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • სანელებლები გემოვნებით
  • სეზამი მოსართავად

მომზადების წესი:

  1. მუხუდო და კინოა სუფთა წყალში მთელი ღამე ჩაალბეთ. მუხუდოსთვის 500 მლ წყალი საკმარისია, ხოლო კინოასთვის – 200. დილით წყალი გადაასხით, ინგრედიენტები გარეცხეთ და ერთ ღრმა თასში მოათავსეთ. წყალი და ზეითუნის ზეთი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.
  2. მომავალ ცომს მარილი, სოდა, სანელებლები და სიროფი დაუმატეთ. ის გემოების ბალანსისთვის აუცილებელია. მიწავაშლის სიროფის გამოყენება აუცილებელი არაა. ფინიკის სიროფითაც გემრიელი გამოვა.
  3. მზა მასას ფსილიუმი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ცომი გასქელებას დაიწყებს. ამ მომენტში ლიმონის წვენი დაუმატეთ და აურიეთ. 10-15 წუთით გააჩერეთ. ცომი საღამოს შეგიძლიათ მოამზადოთ და მთელი ღამე მაცივარში გააჩეროთ. შედეგით კმაყოფილი დარჩებით.
  4. ღუმელი 180 გრადუსამდე გააცხელეთ. სველი ხელით ცომიდან ფუნთუშები გამოძერწეთ. დაახლოებით 100-115 გრამის 6 ფუნთუშა გამოვა. პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე დააწყვეთ. დანით ფუნთუშები დასერეთ და სეზამი მოაყარეთ. ნებისმიერი სეზამის თესლი შეგიძლიათ გამოიყენოთ.
  5. 180 გრადუსზე 20-30 წუთით აცხვეთ. შემდეგ ფუნთუშებს გაგრილება აცადეთ. გემრიელად მიირთვით.

ცომეული ფქვილის გარეშე – ფუნთუშები კარგია იმით, რომ საკმარისი რაოდენობის ცილას შეიცავს. თუ ცომეულს სოუსს წაუსვამთ (მაგალითად, ჰუმუსს ან გუაკამოლეს) და მწვანილს დაუმატებთ, სრულფასოვანი კერძი გამოვა. არა უსარგებლო ბუტერბროდი, არამედ ნამდვილად კარგი კერძი. ფუნთუშებს შეგიძლიათ დაუმატოთ მოხარშული გოგრის და პომიდვრის ნარევი, ზემოდან რუკოლა. საოცრად გემრიელია. გემრიელად მიირთვით!