ეკატერინემ თავის მეუღლესთან ერთად 40 წელზე მეტ ხანს იცხოვრა. ძალიან კარგად ცხოვრობდნენ, კარგი შვილი გაზარდეს. ის ახლა საზღვარგარეთ ცხოვრობს. იქ დაქორწინდა და ორ შვილს ზრდის. ეკატერინეს რძალი სამჯერ ჰყავს ნანახი, შვილიშვილები – სულ რამდენჯერმე. ეს გასაგებიცაა, უცხო ქვეყანაში ცხოვრობენ.
ეკატერინეს მეუღლე გარდაეცვალა. ეს მოულოდნელად მოხდა, ინფარქტით დაიღუპა.მეუღლე დაასაფლავა და სახლში მარტო ცხოვრობდა. ის მარტო ცხოვრებას ვერ ეჩვეოდა. ქმრის გარდაცვალების შემდეგ ერთი წლის მანძილზე სახლში მოჩვენებასავით დახეტიალობდა. ბინა დიდი იყო – სამოთახიანი. რა უნდა ეკეთებინა ამხელა სასახლეში?
პირველ ხანებში სიკვდილი უნდოდა, მაგრამ ცხოვრების თვითმკვლელობით დასასრულებლად მზად არ იყო. გადაწყვიტა, თავი ნელ-ნელა მოეკლა. მას უკვე მრავალი წლის მანძილზე შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა და მან დაიწყო ძალიან დიდი რაოდენობით ტკბილეულის ჭამა. ის იმედოვნებდა, რომ კომა დაემართებოდა და მოკვდებოდა. მაგრამ, ამის მიუხედავად, ის ცხოვრებას აგრძელებდა. მოკლედ, ეს არ გამოუვიდა. ამის შემდეგ, ეკატერინემ გადაწყვეტილება მიიღო: რადგან ასეა, ესე იგი – უნდა იცოცხლოს.
შვილი და რძალი ეკატერინეს თავისთან ეძახდნენ. ეკატერინეს უცხო ქვეყანაში ცხოვრება არ უნდოდა: იქ ხომ ყველაფერი უცხო იქნებოდა, ენაც, მენტალიტეტიც, ხალხიც.
- გათხოვდი მაინც! – ურჩევდნენ მეგობრები და ნაცნობები და ხანშიშესულ მამაკაცებს აცნობდნენ. ეკატერინეს თავის საყვარელ და ძალიან კარგ ქმართან გატარებული წლების შემდეგ, თავის გვერდით სხვა მამაკაცის ნახვა არ უნდოდა.
მარტო ყოფნაც აუტანელი იყო. ერთ დღეს მას გენიალური იდეა გაუჩნდა. მან ინტერნეტში განცხადება გამოაქვეყნა:”ვიწვევ ხანდაზმულ ქალბატონს, ჩემთან ერთად ერთ ბინაში საცხოვრებლად”.
უკვე ექვსი წელია, რაც ეკატერინე მარტო აღარ ცხოვრობს. სამოთახიან ბინაში მასთან ერთად ორი ხანშიშესული და მარტოხელა ქალბატონი ცხოვრობს. ისინი ერთად თავს კარგად გრძნობენ. ერთმანეთს ეხმარებიან, ესაუბრებიან. პარკში ერთად სეირნობენ.პენსიას ერთად აგროვებენ. მათ ჰყავთ მანქანა და აგარაკიც აქვთ. ორი გაქირავებული ბინის ფულით კი – წელიწადში ორჯერ დასასვენებლად მიდიან.ცოტა ხნის წინ ეკატერინე და მისი მეგობრები სკანდინავიური სიარულით დაინტერესდნენ. ახლა პარკში გასეირნება კიდევ უფრო სახალისოა.
ეკატერინე თავის მეგობრებთან ერთად თეატრსა და გამოფენებზე დადის. მათთან ხშირად მოდიან სტუმრები. ცოტა ხნის წინ ისინი აუზზე ჩაეწერნენ.
ისინი მეგობრულად და მხიარულად ცხოვრობენ და საერთოდ არ ჩხუბობენ.