რჩევები, როგორ შეარჩიოთ თბილი საბანი ზამთრისთვის

0
225

რა შეიძლება იყოს უკეთესი ზამთარში, ვიდრე გემრიელი ჩაი, საინტერესო ფილმი და თქვენ თბილი საბნის ქვეშ? იდეალურია, როცა საბანი სხეულის კომფორტულ ტემპერატურას ინარჩუნებს და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. Paparazzi გიზიარებთ რამდენიმე რჩევას, როგორ შეარჩიოთ თბილი საბანი სწორად.

ინდივიდუალური კომფორტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან ზოგი მთელი წელი მსუბუქი საბნის ქვეშ იძინებს, სხვა, პირიქით, ზაფხულშიც სქელ საბანს იფარავს. არსებობს ზოგადი მახასიათებლები, რომლებიც უმეტესობისთვის შესაფერისია. გიამბობთ, როგორ შეარჩიოთ ხარისხიანი თბილი საბანი.

ტემპერატურა საძინებელში – ეს შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ გარეთ ამინდს ისეთი დიდი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ მიკროკლიმატს საძინებელ ოთახში. პირველ რიგში, გადახედეთ შემდეგ პუნქტებს.

  • თუ ღია ფანჯარასთან წოლას მიჩვეული ხართ და უპირატესობას ანიჭებთ, როცა სახლში მაქსიმუმ 18 გრადუსია, მაშინ შალის საბანი თამამად აიღეთ.
  • თუ ღამით საძინებელ ოთახში საკმაოდ გრილა, ხოლო ტემპერატურა ზოგჯერ 16 გრადუსზე დაბალია, მაშინ კარგი ბუმბულის საბანი გაგათბობთ.
  • 19-21 გრადუსზე სინთეტიკური შემავსებლების ვარიანტებიდან ერთ–ერთი შეარჩიეთ.
  • როცა ოთახში საკმარისად თბილა, ხოლო ღამით ტემპერატურა 22-25 გრადუსია, ბამბუკის ან აბრეშუმის საბნის ქვეშ წოლა ყველაზე კომფორტული იქნება.

სხვადასხვა შემავსებლის დადებითი და უარყოფითი მხარეები – ზემოაღნიშნული ვარიანტები დეტალურად განვიხილოთ, რადგან თითოეულს უპირატესობა და ნაკლოვანება გააჩნია.

  • ბუმბულის საბანი – შემავსებლად ბატის და იხვის ბუმბული, ზოგჯერ სუსხურის ბუმბული გამოიყენება. ასეთი საბანი პოპულარობით დამსახურებით სარგებლობს. ბუმბულის საბანი ძალიან თბილი და საკმარისად მსუბუქია. მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ჰაერს ატარებს, ბუნებრივ თერმოცვლას არეგულირებს და სხეულის კომფორტულ ტემპერატურას ინარჩუნებს. მხოლოდ ერთი ნაკლი აქვს. ნატურალურ ბუმბულში მტვრის ტკიპა შეიძლება დასახლდეს. ადამიანს მტვრის ტკიპაზე ალერგიული რეაქცია უვითარდება. დიდად ნერვიულობა არ ღირს. ცნობილი მწარმოებლების უმეტესობა ნატურალურ შემავსებელს სპეციალური ნივთიერებით ამუშავებს, რაც ამ პრობლემას აგვარებს.
  • შალის საბანი – ასეთი საბნის დასამზადებლად აქლემის, ცხვრის, ლამის და ქაშმირის მატყლი გამოიყენება. ცხოველის ბეწვი თავისი თვისებებით გამოირჩევა, რაც მაღალ ფასზე გავლენას ახდენს. საერთო დადებითი თვისება ანტიბაქტერიული და სამკურნალო–პროფილაქტიკური თვისებაა. ნებისმიერ ბეწვში შედის ნივთიერება ლანოლინი. მას გამათბობელი ეფექტი აქვს და ნივთიერებათა ცვლის პროცესებს აუმჯობესებს. ბეწვის საბანი რეკომენდებულია ნევრალგიის, ოსტეოქონდროზის, ართრიტის და ნევრიტის დროს. ბეწვი რევმატული ტკივილის დროსაც დაგეხმარებათ. ასეთ საბანს რეგულარული წმენდა და მინიმუმ აივანზე განიავება სჭირდება.
  • მცენარეული ბოჭკოების საბანი – ალერგიული ხალხისთვის იდეალურია. ბამბის, სიმინდის ან ბამბუკის ბოჭკოებისგან დამზადებული საბანი ანტიმიკრობული თვისებების, კარგი თერმორეგულაციის და ტენიანობის შთანთქმის უნარის გამო ფასობს. მცენარეული ბოჭკოების საბანი ჰაერს კარგად ატარებს, ოპტიმალურ კომფორტულ ტემპერატურას ინარჩუნებს. მინუსი: მაღალი ფასი. თუმცა ხარისხსა და ყოველდღიურ კომფორტზე დაზოგვა არ ღირს.
  • სინთეტიკური საბანი – უდავოდ, ცივ ზამთარში საბანი სინთეტიკური შემავსებლით კარგად გაგათბობთ. ნატურალურ შემავსებელთან შედარებით ხარისხიან თერმორეგულაციას ცუდად უმკლავდება. ოფლს ნაკლებად იწოვს, ეს მისი ნაკლია. მოსავლელად მარტივი და პრაქტიკულია, თან იაფია. ქარხნულ ფორმას დიდხანს ინარჩუნებს. ასეთი ვარიანტი 30 გრადუსზე სარეცხ მანქანაში შეგიძლიათ გარეცხოთ. სინთეტიკურ საბანში გამოიყენება ჰოლოფაიბერი, სინტეფონი, კომფორელი და სილიკონი. ასთმიანი და ალერგიული ხალხისთვის უსაფრთხოა.

როგორ განვსაზღვროთ სითბოს ინდექსი – ზამთრის საბანი TOG სკალის მიხედვით უნდა შეირჩიეს. ის 8 გრადუსით იწყება. რაც უფრო მაღალია TOG–ის დონე, მით უფრო სქელი და თბილია საბანი. შემავსებლის სიმკვრივე სიცივეს ეწინააღმდეგება, ამიტომ საბანი ოთახში დაბალი ტემპერატურის პირობებშიც კარგად გაგათბობთ. სიმკვრივის სკალა იყოფა:

  • 6.5 TOG – საზაფხულო ვარიანტი;
  • 7.5 TOG – გაზაფხული-შემოდგომის სეზონი;
  • 8.5 TOG – საშუალო თერმული დონე;
  • 10.5 TOG – თბილი პროდუქტი;
  • 13.5 TOG – ძალიან თბილი საბანი;

როგორც არ უნდა იყოს, რაც უფრო მძიმეა ზამთრის საბანი, მით უკეთესი. საბანი „ოთხი სეზონი“ შესანიშნავი ეკონომიური ვარიანტია. ესაა თვისებებით განსხვავებული 2 საბანი, რომლებიც ერთმანეთზე ღილაკებით დამაგრებულია. ზამთარში შეგიძლიათ გააერთიანოთ, ხოლო ზაფხულში უფრო თხელი გამოიყენოთ. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი რჩევები სხვადასხვა სახის საბნებსა და მასალებში ნავიგაციაში დაგეხმარებათ. პროდუქტის შეძენამდე გამყიდველს მის თვისებებსა და გამოყენების რეკომენდაციებზე დეტალურად გამოკითხეთ. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თბილი საბნის არჩევა, არამედ სწორად მოვლა. ჯანსაღ და კომფორტულ ძილს გისურვებთ!