სიბერეში ისევ შევრიგდით, მაგრამ ისევ ვკამათობთ და ვჩხუბობთ. არ ვიცი, როგორ მოვიქცე. მარტო ცხოვრება არ მინდა

0
129

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარი ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს.მე ლელა მქვია. მინდა, ჩემი ცხოვრების შესახებ გიამბოთ. შესაძლოა, ბევრმა ვერ გამიგოს და ჩემი საქციელი დაგმოს, მაგრამ მე უბრალოდ მინდოდა, რომ ბედნიერი ვყოფილიყავი.

ეს ისტორია მრავალი წლის წინ დაიწყო. ნიკა რომ გავიცანი, 18 წლის ვიყავი. მას ძალიან ცუდი რეპუტაცია ჰქონდა, მაგრამ მე მაინც შემიყვარდა. დედაჩემმა რომ გაიგო, მასთან შეხვედრა ამიკრძალა, ოთახშიც კი მკეტავდა, მაგრამ მე ფანჯრიდან ვხტებოდი და მასთან შესახვედრად გავრბოდი. კიდევ კარგი, რომ პირველ სართულზე ვცხოვრობდი.მერე ნიკა ჯარში წავიდა. მე ველოდებოდი. როდესაც დაბრუნდა, ჩვენ დავქორწინდით. დედაჩემი ამ ქორწილის წინააღმდეგი იყო, მაგრამ ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლო.

მხოლოდ ქორწილის შემდეგ მივხვდი, თუ რამხელა შეცდომა დავუშვი. ნიკასთან ცხოვრება ძალიან რთული იყო. მას მუშაობა არ უნდოდა და რამდენიმე წლის მანძილზე მხოლოდ მე ვმუშაობდი. ჩემს დედამთილს ხელმძღვანელი თანამდებობა ეკავა. ის ყოველთვის გვეხმარებოდა და მისი წყალობით ბინაც მივიღეთ. მე ბიჭი შემეძინა, ორი წლის შემდეგ კი – გოგო. დედამთილმა თავისი შვილი სამუშაოდ ქარხანაში მოაწყო. ის ყოველ პარასკევს სახლში მთვრალი ბრუნდებოდა.

სულ ცოტაც რომ დაელია, მაშინვე აგრესიული ხდებოდა და მუშტებით მომვარდებოდა ხოლმე. ვცდილობდი, ვალში არ დავრჩენოდი, მაგრამ მამაკაცი მაინც მამაკაცია და ქალზე ძლიერია. ძალიან განვიცდიდი იმას, რომ ამ საშინელებას ჩვენი შვილები უყურებდნენ.

ქმრის მშობლები ყოველთვის მე მიცავდნენ. ხშირად ამშვიდებდნენ ნიკას და მოუწოდებდნენ, რომ წესიერად მოქცეულიყო. რაღაც პერიოდით მშვიდდებოდა, პატიებას მთხოვდა. მერე, ერთი-ორი თვე გადიოდა და ისევ სვამდა და ისევ საჩხუბრად იწევდა. ჩემი შვილები მეხვეოდნენ და ხმამაღლა ტიროდნენ, როდესაც ნასვამ მამას ხედავდნენ. ამ დროს ნიკა არ მცემდა, რადგან ჩემი შვილები მიცავდნენ.მერე, ვეღარ ავიტანე და განქორწინება მოვითხოვე. ქმარმა სახლი ჩვენ დაგვიტოვა და თავად თავის ჯარის მეგობართან გაემგზავრა. მან მუშაობა დაიწყო და ბავშვებს ალიმენტებს უგზავნიდა.

რამდენიმე წლის მანძილზე შვილებს მარტო ვზრდიდი, მერე კი მეორედ გავთხოვდი. ჩემი მეორე ქმარი თითქოს კარგი ადამიანი იყო, ის არ სვამდა და არ მცემდა, მაგრამ ჩემი შვილები არ უყვარდა. ამასთანავე, ძალიან ძუნწიც იყო. მოკლედ, ერთად მხოლოდ სამი წელი ვიცხოვრეთ და მერე დავშორდით. მამუკა ბინას მედავებოდა. მე ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი, როდესაც ჩემს ბინაში ჩავწერე, მაგრამ ჩემმა დედამთილმა გასაჭირში არ მიმატოვა და დამეხმარა.

ძალიან ბევრი ვიტირე, როდესაც ამ საოცარი, კეთილი და ძალიან გონიერი ქალის გარდაცვალების შესახებ გავიგე.ბავშვები გაიზარდნენ, ისწავლეს და მუშაობა დაიწყეს. მე უკვე მესამედ გავხდი ბებია.ახლა 51 წლის ვარ. ცოტა ხნის წინ ჩემი პირველი ქმარი გამოჩნდა. ჩემს შემდეგ მას ცოლი აღარ ჰყოლია.

ჯერ მხოლოდ სოციალური ქსელებით ვურთიერთობდით და მე მაინცდამაინც არ მსიამოვნებდა მასთან საუბარი. მე ჯერ კიდევ მახსოვდა, თუ რა ცუდად მექცეოდა ახალგაზრდობაში. ცოტა ხანში ის ჩვენს ქალაქში ჩამოვიდა და ჩვენ ერთმანეთს შევხვდით. სასწაული მოხდა – ჩვენ ერთმანეთი ისევ შეგვიყვარდა.

ჩემი ქმარი ძვირფას საჩუქრებს და ყვავილებს მჩუქნიდა, რესტორნებში მეპატიჟებოდა. ხელმეორედ ვიქორწინეთ. მთელი ერთი წლის მანძილზე ძალიან კარგად ვიყავით. მან ისევ იმ ქარხანაში დაიწყო მუშაობა, სადაც ადრე მუშაობდა და ისევ დაიწყო სმა. პირველ ხანებში ნასვამი მოდიოდა და მაშინვე დასაძინებლად წვებოდა, შემდეგ კი ისევ საცემად იწევდა. მას ის ახსენდებოდა, რომ მისი მშობლები ყოველთვის მე მიცავდნენ. ხან, მეორედ გათხოვების გამო მეჩხუბებოდა. მე კი ახლა უფრო ძლიერი ვარ, როგორც კი რამეს დააპირებს, მაშინვე ცომის საბრტყელებელს ან ტაფას ვიღებ. ასე რომ, ნიკას ახლა ჩემი ეშინია.

ძალიან მწყინს, რომ ჩვენი ურთიერთობა ასე განვითარდა. ასე ცხოვრება არ მინდა, ჩემი ქმარი მუდამ მთვრალია და მუდამ ჩხუბობს. მაგრამ, ძალიან მეშინია სიბერეში მარტო დარჩენის.არ ვიცი, როგორ მოვიქცე. გავეყარო თუ ვითმინო? ფაქტია, რომ ჩემი ქმარი უკვე აღარ გამოსწორდება…