
თითოეულ ადამიანს აქვს პრიორიტეტების საკუთარი სისტემა, რომელიც სხვების წარმოდგენებს ყოველთვის არ ემთხვევა. ასე მოხდა ბაიას ცხოვრებაში. ქმრის ერთი ფრაზის გამო ქორწინებისადმი რწმენა დაკარგა. Paparazzi მის ისტორიას გიზიარებთ.
„ბოლო ოჯახური წვეულება დასრულდა იმით, რომ საკუთარ თავსა და ქორწინებაში მტკიცე რწმენა დავკარგე. აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. 3 წლის წინ ოჯახი შევქმენი. ჩემზე ოდნავ უფროსია და ქალიშვილი ჰყავს, რომელსაც თავად ზრდის. გადავწყვიტეთ, რომ ერთად ვიცხოვრებდით, შემდეგ საერთო შვილსაც გავაჩენდით. ყველაფერი მაწყობდა, რადგან მეუღლე ძალიან მიყვარს, კარგი და საიმედო ადამიანია. როგორც მინიმუმ, ასე ვთვლიდი.
ახლახანს ოჯახური წვეულება გვქონდა. ყველა ნათესავი შეიკრიბა. ქმრის მშობლები, უახლოესი ნათესავები და საერთო მეგობრები მოვიდნენ. დრო კარგად გავატარეთ. რაღაც მომენტში გერმა თქვა, რომ მამასთან ერთად მარტო კარგად ცხოვრობდა. მე და ლიზას კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ მაინც ეჭვიანობს. უჭირს შეგუება, რომ მამას ცხოვრებაში ვიღაც გამოჩნდა. თან რთული ასაკი აქვს, 15 წლის მხოლოდ ახლა გახდა.
ამ ფრაზის შემდეგ მულმა, რომელსაც რატომღაც არ ვუყვარვარ, ჩემს მეუღლეს ჰკითხა: „ვის აირჩევ, ცოლსა და ქალიშვილს შორის არჩევანის გაკეთება რომ მოგიწიოს?“კითხვამ გამაოცა, მაგრამ ქმარმა დაუფიქრებლად უპასუხა: „რა თქმა უნდა, ქალიშვილს, ის ჩემი პრიორიტეტია!“ გულწრფელად, მისი პასუხის შემდეგ მიწაში ჩავარდნა მომინდა. ყველა მიყურებდა და ჩემს რეაქციას ელოდა. ხუმრობაში გადატანა ვცადე, მაგრამ ქმარმა გააგრძელა „შესანიშნავი ცოლი ხარ, ერთად თავს კარგად ვგრძნობთ, მაგრამ ქალიშვილი ჩემი ცხოვრების მთავარი საგანძურია“. თითქოს ამაზე გაბრაზება სისულელეა, მაგრამ თავი ცუდად ვიგრძენი. მეჩვენებოდა, რომ ყველა დამცინავად მიყურებდა.
იმ დღეს თავის მოჩვენება შევძელი, თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, თუმცა ამაზე ფიქრი არ შემიწყვეტია. იცით, მთელი ცხოვრება მეორე ადგილზე ვარ. ოჯახში უფროსი შვილი ვიყავი, ამიტომ დედა უმცროსებზე უფრო ზრუნავდა. ახლა ქმრის პრიორიტეტიც არ ვარ. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მეორეხარისხოვანი პერსონაჟის როლი მერგო. მესმის, რომ ბავშვის მიმართ სიყვარული ვერაფერს შეედრება, მაგრამ რატომღაც მინდოდა მეფიქრა, რომ ქმრისთვის პირველ ადგილზე ვიყავი. ეჭვები მაწუხებს. შევძლებ ბოლომდე დავეყრდნო? თუ ნამდვილად არჩევანის გაკეთება მოუწევს, ჩემს სასარგებლოდ არასდროს იქნება. არავის ვადანაშაულებ, უბრალოდ საკუთარ თავში გარკვევას ვცდილობ“.
ქალის გრძნობების გვესმის. მისი პრიორიტეტების სისტემა ქმრის ნათქვამისგან ოდნავ განსხვავდება. თავად უნდა გადაწყვიტოს, მზად არის თუ არა ყოველთვის მეორე ადგილზე დარჩეს. დიდი ალბათობით, მამაკაცი აზრს არ შეიცვლის. იქნებ, ქალი მზად არაა ცხოვრება დაუკავშიროს მამაკაცს, რომელსაც შვილი უკვე ჰყავს. გვჯერა, რომ საკუთარ თავში გარკვევა და ოჯახის შენარჩუნება შესაძლებელია.