თურქული საღეჭი რეზინის, Love is გემო ყველა ჩვენგანისთვის ცნობილია, თუმცა, ხშირად, მათ პატარა დანართი კომიქსების გულისთვის ვყიდულობდით. ქერათმიანი გოგოსა და შავგვრემანი ბიჭის სიყვარულის ისტორია მილიონობით ადამიანს უხარებდა გულს.
ცოტამ თუ იცის, რომ კომიქსი მხატვარმა კიმ კასალიმ მოიგონა. ყველაფერი ხელსახოცებზე საყვარელი ნახატებით დაიწყო, რომელსაც კიმი მთელ სახლში მალავდა თავისი ქმრის, რობერტისთვის. მოგვიანებით, იმდენი ნახატი დაგროვდა, რომ ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა მათი დაბეჭდვა.
იდეის პოპულარობა სულ უფრო იზრდებოდა და, დროთა განმავლობაში, შეყვარებული პერსონაჟები გაჩნდნენ მაისურებზე, პლაკატებზე, კალენდრებსა და ფინჯნებზე. კიმის თქმით, იგი გაცილებით უკეთ გამოხატავდა გრძნობებს რომანტიკულ სიმღერაში, თუმცა მღერა არ შეეძლო, ამიტომაც თავი ხატვაში იპოვა.
კიმი 3 წლის განმავლობაში, შეუჩერებლად ხატავდა კომიქსებს, სანამ მის ქმარს კიბო არ აღმოუჩინეს. მხატვარმა დროებით შეაჩერა მუშაობა და მთელი თავისუფალი დრო ქმარსა და ორ ვაჟს მიუძღვნა. კიმმა კომიქსების ხატვა მიანდო ბრიტანელ კოლეგა ბილ ესპრის. მას შემდეგ, მოხუცი ილუსტრატორი “Love is…” ფერად ვარიაციებს დღემდე ქმნის.
რობერტ კასალი 31 წლის ასაკში, სათესლე ჯირკვლის კიბოთი გარდაიცვალა. ქმრის გარდაცვალება ქალის კომიქსებსაც დაეტყო: შავგვრემანი ბიჭი გაქრა და მის ილუსტრაციებში იგი საფლავის ქვამ ჩაანაცვლა. რობერტის გარდაცვალებიდან 16 თვეში, კიმმა მესამე შვილი, მილო გააჩინა, გარდაცვლილი ქმრის გაყინული ბიოლოგიური მასალის გამოყენებით.
კიმ კასალის საქციელმა ისტერიკა გამოიწვია რელიგიურ გარემოში, თუმცა, ქალმა კრიტიკა აიტანა და ღირსეული პასუხიც გასცა მას: “მე კიდევ ერთი სახსოვარი მივიღე ქმრისგან. იგი ცოცხალი რომ ყოფილიყო, მილო ქორწინებისას ჩაისახებოდა. რას ცვლის რობერტის გარდაცვალება ამ კუთხით?” – ამაყად უპასუხა კიმმა ბრალდებებს.
კიმ კასალი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა, ძვლისა და ღვიძლის კიბოს გართულების შედეგად. მისმა უფროსმა ვაჟმა, სტეფანმა გააგრძელა დედის საქმე და სათავეში ჩაუდგა საოჯახო ბიზნესს, ხოლო მხატვარი ბილ ეპრი, კიმის სიკვდილის შემდეგაც კი, დღემდე აწერს ახალ კომიქსებს კიმის სახელს – ასეთ პირობებზე დათანხმდა იგი, კონტრაქტზე ხელის მოწერისას.
იცოდით ამ ტრაგედიის შესახებ?