სინაზით და სიყვარულით სავსე საახალწლო ქაფქეიქი. კურდღელი კმაყოფილი იღიმის

0
80

შოკოლადის კექსის საყვარელი რეცეპტი მაქვს, მაგრამ როცა ამ რეცეპტით ვანილის კექსს ვაცხობ, რატომღაც არ მომწონს. ინგრედიენტების იდეალური კომბინაციის ძიებაში უმარტივეს რეცეპტს წავაწყდი. ახლა ვიცი, როგორ გავაკეთო ქაფქეიქი, ვანილის მაფინი, რომელიც სურვილისამებრ კრემით და სხვა სილამაზეებით შემიძლია გავაფორმო. Paparazzi საახალწლოდ მშვენიერ ნამცხვარს გთავაზობთ.

კექსის და ქაფქეიქის რეცეპტები ერთი მარტივი მიზეზის გამო მიყვარს. როგორც წესი, უბრალოდ ყველა ინგრედიენტი უნდა აურიოთ, შემდეგ ფორმებში ჩაასხათ და მზადაა. სანამ ცომეული ღუმელში ცხვება, არომატული ჩაი შეგიძლიათ მოადუღოთ და საყვარელ წიგნში ჩაიხედოთ. შემდეგ კი ახალგამომცხვარი დესერტით ისიამოვნოთ.

ინგრედიენტები:

  • 3 კვერცხი
  • 150 გ შაქარი
  • 60 გ კარაქი
  • 120 მლ რძე
  • 7 გ გამაფხვიერებელი
  • 1,5 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
  • მწიკვი მარილი
  • შოკოლადის წვეთები სურვილისამებრ

მომზადების წესი:

  1. ამ რეცეპტის მთავარი თავისებურება ისაა, რომ ქაფქეიქებს ცხელ რძეზე ვამზადებთ. რძე და კარაქი პატარა ქვაბში აურიეთ და საშუალო ცეცხლზე დადგით. სანამ ნარევი ცხელდება, კვერცხი, შაქარი, ვანილი და მწიკვი მარილი ათქვიფეთ. მასა უნდა გათეთრდეს და მოცულობაში გაიზარდოს. ამისთვის მინიმუმ 10 წუთით ათქვიფეთ.
  2. ამ მასას ნაწილ–ნაწილ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი დაუმატეთ. მასას საათის ისრის მიმართულებით ფრთხილად აურიეთ, ცომს სპატულით ქვემოდან ზემოთ ამოუსვით.
  3. შემდეგ ცხელი რძის და კარაქის ნარევი რამდენიმე ეტაპად დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. ცომი წინასწარ მომზადებულ ქაფქეიქის ფორმაში ან ცალკე საცხობ ფორმებში ჩაასხით. მაგალითად, სილიკონის ფორმებში. ფორმების 2/3 მოცულობა ცომით გაავსეთ. სურვილისამებრ ამ ეტაპზე რამდენიმე შოკოლადის წვეთი დაუმატეთ.
  4. ქაფქეიქები წინასწარ გახურებულ ღუმელში 165 გრადუსზე 25 წუთით აცხვეთ. კარგად უნდა შეწითლდეს. შემდეგ გააგრილეთ და სუფრაზე გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით.

როგორ გავაკეთოთ ქაფქეიქები – ახლა ზოგიერთი ინგრედიენტის ალტერნატივაზე გიამბობთ. მაგალითად, ვანილის ექსტრაქტის ნაცვლად ჩვეულებრივი ვანილის შაქარი ან პაკეტის ვანილი შეგიძლიათ გამოიყენოთ. გამაფხვიერებელი მარტივად შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ საკვები სოდით, რომელსაც ნებისმიერ სამზარეულოში იპოვით.

თუ ვანილის და კაკლის კომბინაცია მოგწონთ, ქაფქეიქის ცომს დაჭრილი ნუში ან მაკადამია თამამად დაუმატეთ. საოცრად გემრიელი და არომატული გამოვა. თუ მაღაზიაში შოკოლადის წვეთები ვერ იპოვეთ, ჩვეულებრივი შავი ან რძიანი შოკოლადი იყიდეთ.

როგორც წესი, ქაფქეიქებს კრემით აფორმებენ. ვანილის და შოკოლადის გემოების კომბინაცია ძალიან კარგია. სწორედ ამიტომ, ამ შემთხვევაში შოკოლადის კრემი გამოგადგებათ.