შავი, თეთრი თუ რძიანი: რომელი შოკოლადია უკეთესი და რატომ

0
556

შავი, რძიან და თეთრ შოკოლადებს შორის აშკარა განსხვავებაა. მართალია, ტკბილეულის მოყვარულები ეტიკეტებს დიდად არ კითხულობენ. მათთვის დელიკატესის გემო უფრო მნიშვნელოვანია. და მაინც, შოკოლადის შემადგენლობა მის ხარისხზე პირდაპირ გავლენას ახდენს. ჩემთვის რომ ეკითხათ, რომელი შოკოლადია უკეთესი, ვიტყოდი, რომ შავი. Paparazzi გიამბობთ, რომელი შოკოლადია უკეთესი, გიზიარებთ ყველა ნიუანსს და გაგიმხელთ, რა განსხვავებაა შავ, რძიან და თეთრ შოკოლადებს შორის.

რომელი შოკოლადია უკეთესი – სხვადასხვა ისტორიულ პერიოდებში შოკოლადში ერთმანეთისგან განსხვავებული პროდუქტები იგულისხმებოდა. მე-17 საუკუნემდე ეს იყო ცივი, მწკლარტე სასმელი მწარე გემოთი, რომელიც დაფქული კაკაოს მარცვლებისგან მიიღებოდა. მე-17-18 საუკუნეებში ევროპელები ცხელ შოკოლადს სვამდნენ. სასმელს რძეს და სხვადასხვა სანელებელს უმატებდნენ. მე-19 საუკუნეში შოკოლადი იყო მყარი დელიკატესი ფილების სახით. მას კაკაოს ზეთისგან ამზადებდნენ. ამ პროდუქტის მიღება ჰოლანდიელი ქიმიკოსის კონრად ვან ჰაუტენის წყალობით შესაძლებელი გახდა. მან შექმნა სპეციალური პრესი, რომლის დახმარებით მყარი კაკაოდან კაკაოს ფხვნილი და ზეთი მიიღებოდა.

ოფიციალურად, შოკოლადის პირველი ფილა ინგლისურ საკონდიტრო ქარხანაში დამზადდა. მასში შედიოდა გახეხილი კაკაო, შაქარი და ვანილი, ასევე 30-40% კაკაოს ზეთი. ძალიან მალე მყარი შოკოლადის წარმოებაში შვეიცარია ლიდერი გახდა. იქ კონდიტრებმა რძის ფხვნილის დამატებით შავი შოკოლადიდან რძიანის მიღება შეძლეს.

რა განსხვავებაა შავ, რძიან და თეთრ შოკოლადებს შორის – კლასიკურ შავ შოკოლადს მწარე გემო აქვს. მასში მინიმუმ 55% ნატურალური კაკაოს ფხვნილი შედის. გარდა ამისა, კაკაოს ზეთს და შაქარს შეიცავს. შაქარი შეიძლება სულ არ დაუმატონ. ამაზე შოკოლადის სიმწარის ინტენსივობაა დამოკიდებული. რაც უფრო მეტი კაკაო და ნაკლები შაქარია, მით უფრო მწარეა. შავ და მუქ შოკოლადებს განასხვავებენ. მუქი შოკოლადი, მინიმუმ 40% ნატურალურ კაკაოს შეიცავს. ასეთ შოკოლადში გვხვდება სხვადასხვა დანამატი. მაგალითად, კაკალი, ჩირი ან ცუკატი.

რძიანი შოკოლადი ყველაზე პოპულარულია. მასში შედის კაკაოს ზეთი, კაკაოს ფხვნილი, რძის ფხვნილი (ან ნაღები) და შაქარი. როგორც წესი, მწარმოებლები ამ ტკბილეულს კაკაოზე მეტ შაქარს უმატებენ. ამის ხარჯზე ტკბილ გემოს იძენს, რომელიც ტკბილეულის მოყვარულებს იზიდავს. მასში ხშირად გვხვდება სხვადასხვა შიგთავსი. მაგალითად, კაკალი, ჩირი, ორცხობილა, ვაფლი, თხილი, იოგურტი და სხვა უჩვეულო პროდუქტები. თავად ძალიან მიყვარს ხელნაკეთი შოკოლადი უჩვეულო გემოებით. მაგალითად, ახლახანს გავაკეთე თეთრი შოკოლადი სიმინდის ნაღების ბაზაზე, ასევე რძიანი შოკოლადი მწვანე წიწიბურით.

რაც შეეხება თეთრ შოკოლადს, მასში შედის რძის ფხვნილი ან ნაღები, შაქარი და კაკაოს ზეთი. კაკაოს ფხვნილს არ შეიცავს, რაც ტკბილეულის ფერს განაპირობებს. მწარმოებლები არომატიზატორად ვანილს ხშირად იყენებენ. მას სხვა შოკოლადსაც ხშირად უმატებენ.

როგორ ავირჩიოთ ხარისხიანი პროდუქტი – თუ ნამდვილი შოკოლადის ფილის შეძენა გსურთ, მაშინ მისი შემადგენლობა ყურადღებით შეისწავლეთ. რა თქმა უნდა, ნაკლებად შაქრიანი პროდუქტის შეძენა გვსურს. ზოგიერთი მწარმოებელი შაქრის ნაცვლად სხვა დამატკბობელს, მაგალითად, სტევიას ან მალტიტს იყენებს.

გახსოვდეთ, რაც უფრო მაღალია ნატურალური კაკაოს შემცველობა შოკოლადში, მით უფრო ხარისხიანია. ჩვეულებრივ, შეფუთვაზე კაკაოს შემცველობას პროცენტულად აწერენ. თუ სარგებელი დიდად არ გაინტერესებთ, არამედ სიამოვნების მიღება გსურთ, მაშინ რძიანი ან თეთრი შოკოლადი აირჩიეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ასეთი ტკბილეულის დიდი რაოდენობით მიღება არ ღირს. ყველაფერში ზომიერებაა საჭირო.