მრავალწლიანი მარტოობის შემდეგ მამაკაცთან ერთად ცხოვრება დავიწყე და ვნანობ

0
1874

უბედურ ქორწინებას მარტოობა სჯობს. ეს კარგად იცის სალომემ, რომელმაც მრავალწლიანი მარტოობის შემდეგ სიყვარულს მის ცხოვრებაში შესვლის უფლება მისცა. Paparazzi გიამბობთ, როგორ დასრულდა მის ბინაში მამაკაცის გადმოსვლა.

„59 წლის და ბოლო 15 წელია განქორწინებული ვარ. შვილები უკვე გაიზარდნენ, ამიტომ მარტო ვცხოვრობ. სამსახურში დავდივარ, მეგობრებს ვხვდები. საღამოს პლედში გახვეული ტელევიზორს ვუყურებ, წიგნებს ვკითხულობ და ჩემს კატას ვეფერები. ჩემი მარტოხელა ცხოვრებით კმაყოფილი ვიყავი. მრავალწლიანი უბედური ქორწინების შემდეგ თავი დამოუკიდებლად ვიგრძენი. რაც მინდა, იმას ვაკეთებ. არავინ მსაყვედურობს, რომ წვნიანი არ მოვამზადე და მტვერი არ გადავწმინდე.

თუმცა ერთი წესი მაქვს: სახლი ყოველთვის სუფთად უნდა იყოს. იმის გამო, რომ მარტო ვცხოვრობ და მთელ დღეს გარეთ ვატარებ, სახლის დალაგება კვირაში ერთხელ მიწევს. ცოტას ვჭამ, ამიტომ ნიჟარაში ბევრი ჭურჭელი არასდროს გროვდება. ჩემს დალაგებულ ყოფას ისე მივეჩვიე, რომ არაფრის შეცვლა მსურდა, სანამ ჩემს ცხოვრებაში სანდრო არ გამოჩნდა. ვფიქრობდი, რომ 59 წლის ასაკში შეყვარება შეუძლებელი იყო, სანამ ღირსეული მამაკაცი არ გავიცანი. ზრდასრული, ჭკვიანი, წესიერი. ყოფილი მეუღლისგან სრულიად განსხვავებული. ერთმანეთი მეგობრებმა გაგვაცნეს. მას შემდეგ ერთმანეთს ვხვდებოდით, ვსეირნობდით, კინოსა და კაფეში დავდიოდით.

1 წლის შემდეგ ერთად ცხოვრება შემომთავაზა. თითქოს, სიბერეში ერთად ცხოვრება უფრო გაგვიმარტივდება. თავიდან ჩემს ბინაში მისმა გადმოსვლამ შემაშფოთა, მაგრამ დავთანხმდი. მაინც, ჩემი ბინა უფრო კომფორტულია, ვიდრე ნივთების შეგროვება, კატის წაყვანა და ჩემი ბინიდან გადასვლა. თან, ჩემი სამსახურიდან ძალიან შორსაა.

თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ შეიცვალა. სტანდარტული გრაფიკით ვმუშაობდი, სახლში ერთსა და იმავე დროს მოვდიოდი. სანდრო თავისთვის მუშაობდა, ამიტომ სახლში მეტ დროს ატარებდა. ჩვეულებრივ, შაბათ–კვირას კერძებს ვამზადებდი, რომ მთელი კვირა სამყოფი ყოფილიყო. შაბათობით სახლს ვალაგებდი, როგორც მიჩვეული ვიყავი. მოკლედ, 7 დღისთვის კერძებს ვამზადებ, შემდეგ ორშაბათ საღამოს მოვდივარ და საჭმელი უკვე აღარაა. ნიჟარაში მთელი მთა ჭუჭყიანი თეფშებია. როცა შენიშვნა მივეცი, გაბრაზდა, თითქოს საჭმელი მენანება.

ერთხელ ბინის დალაგება ვთხოვე, მაგრამ იუარა, თითქოს ეს ქალის საქმეა. მართალია, ერთხელ მოვედი და სახლი თითქოს უფრო სუფთა ჩანდა. მიმოვიხედე, სანდრომ მხოლოდ ის ადგილი დაალაგა, რომელიც ჩანდა. ოთახის შუაგული გამოწმინდა, დივნის ქვეშ მთელი მტვერი დატოვა. ზედაპირებზე მტვერი მხოლოდ ნივთების გარშემო იყო მოშორებული.

მარტო ცხოვრება მენატრება. არ მეგონა, რომ მამაკაცის ჩემთან გადმოსვლა კატასტროფად გადაიქცეოდა. როგორ ვუთხრა სანდროს, რომ დროა 2 კვირიანი თანაცხოვრების შემდეგ ნივთები შეაგროვოს. თუ მივცე მეორე შანსი?“