ახლობლებისგან მოყენებული წყენის დავიწყება რთულია. დედა მის ვაჟიშვილს უსამართლოდ მოექცა. წლებმა მაინც თავისი ქნა. გულში წყენის გარდა სინანული, სევდა და უსასრულო სიყვარული დასახლდა. Paparazzi გიზიარებთ ამბავს გულმოწყალეობაზე და იმაზე, როგორ შეურიგდეთ დედას მრავალწლიანი განშორების შემდეგ.
„წლების წინ უახლოესმა ადამიანმა, დედამ მიღალატა. ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში გამაფრთხილა, რომ მემკვიდრეობის იმედი არ უნდა მქონოდა. დედამ ყველაფერი ჩემს დაზე გადააფორმა, რადგან სურს, რომ სიბერეში მასზე იზრუნოს ღვიძლმა ქალიშვილმა და არა რძალმა. დედის გადაწყვეტილების გამო ცხოვრება გამიჭირდა. დაქორწინების შემდეგ მეუღლის სახლში ცხოვრება მომიწია. მის მშობლებთან ერთად ვცხოვრობდით. დედასთან ურთიერთობა გავწყვიტე. თითქმის 30 წელი მშობლიურ სოფელში არ ჩავსულვარ და ჩემებზე არაფერი გამიგია. არც მინდოდა გაგება.
გამიმართლა, სიმამრმა და სიდედრმა მშობლები ჩამინაცვლეს. თავიდან ძალიან გვეხმარებოდნენ. შემდეგ ჩვენი ოჯახი ფეხზე დადგა, მუშაობა დავიწყე და კარგ ფულს ვშოულობდი. დროთა განმავლობაში მე და სიმამრმა მთელი ოჯახისთვის დიდი სახლი ავაშენეთ. წლები გავიდა. უკვე თავად ბაბუა ვარ. ყველა შვილს ბინა ვუყიდეთ, რომ ისე არ გაგვეყო, როგორც დედაჩემმა გააკეთა. ჩემი სიმამრი 8 წლის წინ გარდაიცვალა, მაგრამ შვილები ოჯახებით ხშირად გვსტუმრობს. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ცხოვრება ასე წარიმართა.
შობის ღამე მეგობრულ ოჯახთან ერთად აღვნიშნე. შევნიშნე, რომ ჩემი ცოლი დაღვრემილი იჯდა, რაღაცაზე ფიქრობდა. როცა უკანასკნელი სტუმარი გავაცილე, ვკითხე, რა აწუხებდა. ცოლმა გულწრფელად მიპასუხა: „უკვე ახალგაზრდები არ ვართ. ვიცით, როგორი მწარეა ახლობლების დაკარგვა. ხვალ სოფელში წავიდეთ. ვნახოთ, როგორ არიან შენი ნათესავები“. მოულოდნელი იყო, რადგან ეს თემა 30 წელია არ განიხილებოდა. თანაცხოვრების დასაწყისში ცოლი ჩვენს შერიგებას ცდილობდა, მაგრამ მაშინ მკაცრად ვუთხარი, რომ ამაზე ლაპარაკი არ ღირს. ამჯერად, გულმა მიგრძნო, ცოლი მართალი იყო.
მეორე დღეს სოფელში გავემგზავრეთ. სოფელი შეიცვალა, ბევრი ახალი სახლი გამოჩნდა, კარგი გზა დააგეს. ჩვენი ძველი სახლის ნაცვლად გირლანდებით მორთული დიდი სასახლე იდგა. კარი უცნობმა გამიღო. მითხრა, რომ ეს სახლი დიდი ხნის წინ იყიდა, ყოფილი მფლობელი საზღვარგარეთ წავიდა. ვკითხე, ხომ არ იცოდა, სად იყო მოხუცი ქალი, რომელიც ადრე აქ ცხოვრობდა. უცნობი მიხვდა, ვის ვგულისხმობდი. მეზობლად ნახევრად დანგრეულ სახლზე მიმითითა.
იქ დედაჩემს შევხვდი. მოხუცი, გაჭაღარავებული, დასუსტებული. აცრემლებული ჩავეხუტე. ისიც ატირდა. მიამბო, რომ ჩემი და დიდი ხანია საზღვარგარეთ ცხოვრობს და არც ურეკავს. მთელ პენსიას მეზობელს აძლევს, რომ მან პროდუქტები უყიდოს. ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემი და დედას ასე მოექცა. მეორე დღეს დედა ჩვენს დიდ სახლში საცხოვრებელში წავიყვანე. მასზე სათანადოდ ვიზრუნებ. ალბათ, მთელი ეს წლები მინდოდა, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ შევრიგებოდი დედას. მადლობა ჩემს ბრძენ ცოლს, რომ ჩვენი ოჯახი გააერთიანა. ახლა ჩემს შვილებს ბებია, მე კი დედა მყავს.“