ინტერიერი, რომელიც დეპრესიას და მშფოთვარე აზრებს იწვევს. არ დაუშვათ მსგავსი შეცდომა

0
915

იშვიათად ვფიქრობთ, რა გავლენას ახდენს ინტერიერი ჩვენს განწყობაზე. მას შეუძლია მშფოთვარე და დეპრესიული გაგვხადოს. მყუდრო ინტერიერი, პირიქით, მოდუნებასა და განწყობის გაუმჯობესებაში გვეხმარება. ამ სტატიაში ვისაუბრებთ, რა შეცდომები ხდის სახლს პირქუშს და როგორ გამოვასწოროთ. Paparazzi გიზიარებთ ინფორმაციას, როგორ განაახლოთ სახლი და ბედნიერად და ჯანმრთელად იცხოვროთ.

მყუდრო ინტერიერი – სახლი ადგილია, სადაც ვისვენებთ. აქ თავი უსაფრთხოდ უნდა ვიგრძნოთ. თუ ბინის ინტერიერი თითქოს გეხუტებათ და თბილ მკლავებში გახვევთ, გამოდის, ყველაფერი სწორად გაკეთებულია. თუმცა ყოველთვის ასე არაა. ნახეთ, ინტერიერის რომელი დეტალები არღვევს ამ შეგრძნებას.

ბასრი კუთხეები – ბევრი სწორი ხაზი, ბასრი კუთხე და დაკბილული კიდე შფოთვას იწვევს. ტვინი ამ ყველაფერს აგრესიულ ელემენტებად აღიქვამს. ეს ადრენალინის და კორტიზოლის გამოყოფის რეაქციას იწვევს. ასეთი გარემოს ხანგრძლივი ზემოქმედება სტრესს ზრდის. სიტუაცია რომ გამოასწოროთ, ინტერიერს გლუვი ხაზები შემატეთ. ასე სივრცეს შეარბილებთ და კომფორტულს გახდით. ბინას კარგად დააკვირდით და იპოვეთ ბასრი ადგილები, შემდეგ მათი შერბილება სცადეთ. მაგალითად, მართკუთხა ჟურნალის მაგიდის ნაცვლად მრგვალი ან ოვალური შეარჩიეთ. მრგვალი ლარნაკი ან სარკე შემატეთ. ბასრკუთხიან სკამზე გადაკიდული რბილი პლედიც სიტუაციას ასწორებს.

ცივი მასალები – ადამიანის ტვინი ბუნებასთან დაკავშირებულ დეტალებს ყოველთვის უკეთ აღიქვამს. თუ ინტერიერში ჭარბობს მინა, ლითონი, კაფელი და პლასტმასი, სახლი არაკომფორტული გახდება. ეს მასალები მინიმუმამდე შეამცირეთ ან ბუნებრივით გააზავეთ. ინტერიერს მეტი ბუნებრივი ელფერი შემატეთ. ნაცრისფრის და შავის ნაცვლად მწვანე ან ყავისფერი აირჩიეთ. ოთახს შემატეთ ხის ავეჯი, პრიალა ჭურჭელი ან შალის პლედი. მცენარეებიც არ დაივიწყოთ. ეს ბუნების ელემენტია. მეცნიერული კვლევით დამტკიცებულია, რომ მცენარე ამცირებს სტრესს, აქრობს შფოთვას და დაღლილობას. ზოგიერთი მცენარე კონცენტრაციას ზრდის. ინტერიერში მცენარის დამატებას გირჩევთ.

ხელოვნების ნიმუშები – ნეირობიოლოგიის პროფესორი ზეკა იმ დასკვნამდე მივიდა, რომ როცა ადამიანი ხელოვნების ნიმუშს უყურებს, ორგანიზმში დოფამინი გამომუშავდება. ეს ძლიერი კმაყოფილების შეგრძნებას იწვევს. სახლში ცარიელი კედლები სევდას იწვევს. ნახატები სიტუაციის გამოსწორებაში დაგეხმარებათ. სახლი გააფორმეთ იმით, რაც ნამდვილად მოგწონთ. საერთო ოთახებში, მაგალითად, მისაღებში ან სამზარეულოში აირჩიეთ ნახატები ფერადი ყვავილებით. საძინებელს რაღაც რბილი და სიმშვიდის მომგვრელი მოუხდება. მაგალითად, ნეიტრალური ფერის პეიზაჟი. კარგი განწყობისთვის სასიამოვნო მოგონებები მნიშვნელოვანია. საოჯახო ფოტოებით სახლის გაფორმება კარგი იდეაა.

სარკესთან ფრთხილად იყავით – სარკე სივრცის ვიზუალურად გასაზრდელად ხშირად გამოიყენება. ამ ამოცანას შესანიშნავად უმკლავდება, მაგრამ არ გადააჭარბოთ. ბევრი სარკე ქაოსს და დაძაბულობას იწვევს. თუ ოთახში ბევრი ნივთია, ეს რაოდენობა სარკესთან ერთად გაორმაგდება. ზოგიერთი კვლევა ადასტურებს, რომ თუ ადამიანი სარკეში საკუთარ გამოსახულებას დიდხანს უყურებს, დისკომფორტს იგრძნობს. ნეგატიური ემოციები და სტრესი შეიძლება გაიზარდოს. სარკე გონივრულად გამოიყენეთ.

ფერები ინტერიერში – არასწორად შერჩეული ფერი შფოთვას და დარდს იწვევს. შეიძლება ვერც აცნობიერებთ, რამდენად ძლიერ გავლენას ახდენს თქვენზე. ფერებზე დიდხანს შეგვიძლია ვილაპარაკოთ. ალბათ, არ არსებობს ფორმულა, რომელიც ყველას გამოადგება. თქვენს შეგრძნებებს დააკვირდით. ფერი, რომელიც თქვენში დარდს და წუხილს იწვევს, მოიშორეთ, სხვა რამ უკვე გემოვნების საკითხია.

ვიმედოვნებთ, ამ რჩევების გამოყენებით მყუდრო ინტერიერს შექმნით და შფოთვას და დეპრესიას სამუდამოდ დაივიწყებთ. გახსოვდეთ, რომ სახლი თქვენი სიძლიერე, თქვენი უსაფრთხო სივრცეა. მხოლოდ თქვენ იცით, როგორ მოაწყოთ ისე, რომ თქვენთვის მაქსიმალურად შესაფერისი იყოს.