ურთიერთობა ადამიანთან, რომელსაც ოჯახი ჰყავს, ყოველთვის მარცხით მთავრდება. სამწუხაროდ, ბევრი ამას გვიან აცნობიერებს. ამას ლილე მწარე გამოცდილების მიღების შემდეგ მიხვდა. დაოჯახებული მამაკაცი შეუყვარდა და ბავშვის გაჩენით ცდილობდა, რომ ცოლის მიტოვება აეძულებინა, მაგრამ უშედეგოდ. მისი საყვარელი ოჯახიდან წამოსვლას არ გეგმავდა.
რა გავაკეთო, თუ საყვარელი მამაკაცი დაოჯახებულია – „საყვარლისგან ბავშვი გავაჩინე. ჩვენი შვილი უკვე 6 თვისაა, მაგრამ დაჩი ცოლის მიტოვებას არც ფიქრობს. ფიასკო განვიცადე, არადა ვფიქრობდი, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ ოჯახიდან წამოვიდოდა და ჩემთან დარჩებოდა. ახლა ბავშვით ხელში მარტო დავრჩი და არ ვიცი, ოდესმე ოჯახის შექმნას თუ შევძლებ. იმედი მაქვს, რომ მის ცოლს ბოროტება ასმაგად დაუბრუნდება. როგორ შეიძლება, რომ ბავშვს მამა წაართვა.
მახსოვს, როგორი ბედნიერები ვიყავით თავიდან. დაჩი 2 წლის წინ გავიცანი. ზამთრის სუსხიანი ღამე იყო. მეგობრის დაბადების დღიდან ვბრუნდებოდი, როცა სადარბაზოსთან მამაკაცი გამომელაპარაკა. ჩვეულებრივ, უცნობებთან საუბარს ვერიდები, მაგრამ მან ჩემში ნდობა გამოიწვია. ეს დაჩი იყო. დასაწყისში ძალიან მოსიყვარულე და მზრუნველი მამაკაცი იყო. მასთან თავს ისე კარგად ვგრძნობდი, თითქოს წლებია ვიცნობდი. საუბარი ჩემს სახლში ფინჯან ჩაიზე დაპატიჟებით დასრულდა. შემდეგ ჩვენი ურთიერთობა სხვა ეტაპზე გადავიდა“.
საყვარელი მამაკაცის ერთადერთი ნაკლი, მისი ცოლი – „დაჩისთან იდეალური ურთიერთობა მქონდა. ერთად დროს სასიამოვნოდ ვატარებდით. კაფეებსა და კინოში ერთად დავდიოდით. ლამაზ თაიგულებს მჩუქნიდა და კომპლიმენტებს არ მაკლებდა. ჩვენს ურთიერთობას მხოლოდ ერთი რამ ჩრდილავდა. დაჩის ცოლი ჰყავდა. მისი თქმით, ცოლთან მხოლოდ ბავშვის გამო რჩებოდა და განქორწინებას აპირებდა. როცა დაჩისთან ურთიერთობა დავიწყე, მეც მყავდა შეყვარებული, რომელსაც მის გამო მაშინვე დავშორდი. იმედი მქონდა, რომ დაჩიც ახლო მომავალში იმავეს გააკეთებდა. მის ცოლზე ვეჭვიანობდი. ღამეებს თეთრად ვათენებდი, როცა ჩემ გვერდით არ იყო.“
ორსულობამ იმედი მომცა – „როცა გავიგე, რომ დაჩისგან ბავშვს ველოდი, სიხარულით მეცხრე ცაზე ვიყავი. დიდხანს არ მიფიქრია და ახალი ამბავი საყვარელ ადამიანს გავაგებინე. ველოდი, რომ მასაც გაუხარდებოდა, მაგრამ არა. ჩემმა ორსულობამ აანერვიულა. იმედი მქონდა, რომ მისი რეაქცია უბრალო შოკი იყო, დაფიქრდებოდა და ცოლის მიტოვებას გადაწყვეტდა, რომ ჩვენთან ერთად ბედნიერად ეცხოვრა. ასე არ მოხდა. ჩვენი შვილი უკვე 6 თვის გახდა და დაჩი ცოლის მიტოვებაზე არც საუბრობს. არაფერი შეცვლილა, მაგრამ ახლა უფრო იშვიათად ვხვდებით, ურთიერთობაც გაცივდა. ვგრძნობ, რომ დაჩის არც ჩვენი შვილი და არც მე არ ვჭირდებით.
მიჭირს ვაღიარო, რომ ჩვენი ურთიერთობა დასრულდა. მან ცოლი აირჩია. ბავშვთან ერთად მარტო დავრჩი. როგორც ჩანს, მისი ცოლი ბედნიერი ქალია, რომ ქმრის დაკავება შეძლო. აღარ ვიცი, როგორ გავაგრძელო ცხოვრება.“