ჰაეროვანი ხვეულა ჯემით, რომელიც კრუასანზე გემრიელია. ოდესური რეცეპტი

0
340

ალბათ, თქვენს ოჯახს ხვეულების მომზადების საკუთარი რეცეპტი აქვს. ერთი შეხედვით, უბრალო კერძია, რომლითაც ვერავის გააოცებთ. Paparazzi გიამბობთ, როგორ გააკეთოთ მარტივი ხვეულებიდან ჰაეროვანი ცომეული, რომელიც პატარა კრუასანებს ჰგავს. ოჯახის წევრები დამატებას მოგთხოვენ.

ხვეულები ჯემით – ჰაეროვანი კრუასანების მოსამზადებლად ცომი კეფირით მოზილეთ. შიგნით ნებისმიერი შიგთავსი შეგიძლიათ ჩადოთ. ჩვენს შემთხვევაში, ეს ჯემია. ასევე გამოგადგებათ ხაჭო ან შოკოლადი კაკლით.

ინგრედიენტები:

  • 200 მლ კეფირი
  • 100 მლ რძე
  • 4 ჭიქა ხორბლის ფქვილი
  • 1 ჩ/კ მშრალი საფუარი
  • 200 გ კარაქი
  • 3 კვერცხი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1 ს/კ შაქარი
  • ვაშლის ჯემი

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, ცომის ხაში მოამზადეთ. რძე ოდნავ შეათბეთ, საფუარი აურიეთ. შაქარი და მარილი დაუმატეთ. აურიეთ და ზუსტად 5 წუთით გააჩერეთ.
  2. ამ დროში კარაქი წყლის ორთქლზე გაადნეთ. გამდნარ კარაქს თითო–თითო კვერცხი დაუმატეთ და აურიეთ. ცომის ხაში და კეფირი აურიეთ. ინგრედიენტები გააერთიანეთ, ფქვილი ნელ–ნელა დაუმატეთ. ელასტიური ცომი მოზილეთ. ხელზე არ უნდა გეწებებოდეთ.
  3. ცომის ასაფუებლად გაჩერება აუცილებელი არაა, მაგრამ თუ დრო გაქვთ, 1 საათით დაასვენეთ. პარკი ან ვაფლის პირსახოცი გადააფარეთ.
  4. მზა ცომი რამდენიმე ნაწილად დაყავით და თითოეული გააბრტყელეთ. შემდეგ ცომი 8 სექტორად დაყავით, როგორც პიცა. თითოეული სექტორის ფართო კიდეზე ცოტა ვაშლის ჯემი ჩადეთ. შემდეგ ხვეულა ფართო კუთხიდან ვიწროსკენ დაახვიეთ.
  5. ხვეულები პერგამენტდაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. პირსახოცი დააფარეთ და 20 წუთით დაასვენეთ. თითოეულ კრუასანს რძე ან კვერცხის გული წაუსვით. ეს აუცილებელი არაა. 180 გრადუსზე ზუსტად 15-20 წუთით აცხვეთ. კარგად უნდა შეწითლდეს. გემრიელად მიირთვით.

ამ რეცეპტში კარაქი მარგარინით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ, ხოლო მშრალი საფუარი – ცოცხალით. ცოცხალი და მშრალის საფუარის თანაფარდობაა 3:1, ანუ 30 გრ დაპრესილი საფუარი 10 გ მშრალ საფუარს მარტივად ანაცვლებს. ეს ხრიკი დაიმახსოვრეთ. ხვეულები ჯემით როგორც ღუმელში, ასევე ტაფაზე შეგიძლიათ გამოაცხოთ. მართალია, მეორე შემთხვევაში უფრო ცხიმიანი გამოვა, რადგან ბევრ ზეთში უნდა შეწვათ.