ლამინატი ამოიბურცა. მარტივი საშუალება, რომელიც მის გადარჩენაში დაგეხმარებათ

0
2185

ლამინატი თანამედროვე ინტერიერში ხშირი სტუმარია. მოდურად გამოიყურება და ნებისმიერ სტილს შეეფერება. მისი ფერები და ფასი საშუალებას გაძლევთ, თქვენთვის შესაფერისი ვარიანტი შეარჩიოთ. მათ, ვისაც იატაკზე ლამინატი აქვს დაგებული, კარგად იციან, როგორ მარტივად შეიძლება მისი დაზიანება. Paparazzi გიამბობთ, რა გააკეთოთ, თუ ლამინატი ამოიბურცა და რომელიმე მარტივი და იაფი მეთოდით შეძლებთ პრობლემის მოგვარებას.

რა გავაკეთოთ, თუ ლამინატი ამოიბურცა – პირველ რიგში, ლამინატის ამობურცვის მიზეზი გაარკვიეთ. მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, სითხეა. ლამინატის მოდელების უმეტესობა წყალგაუმტარი არაა. დატბორვას და ზედმეტ სითხეს ვერ იტანს. ამის გამო ზედაპირზე ბუშტები შეიძლება გამოჩნდეს. ხშირად დამნაშავეა სარეცხი მანქანა, საიდანაც წყალი ჟონავს. მიზეზი შეიძლება გახდეს ცხოველის თასი, რომელიც მუდმივად ერთ ადგილას დევს. მისგან წყალი იღვრება და იატაკზე რჩება. იგივე სველ ფეხსაცმელს ეხება. ეს ყველაფერია, საიდანაც სითხე საფარზე შეიძლება მოხვდეს. ლამინატის ამობურცვა თავიდან რომ აიცილოთ, მოიშორეთ ყველაფერი, რასაც ამის გამოწვევა შეუძლია. არის შემთხვევები, როცა წყლის გაჟონვას მაშინვე ვერ ვამჩნევთ. ამ შემთხვევაში იატაკი ბუშტებით იფარება. ამის შემხედვარე ლამინატის გადარჩენის იმედს სწრაფად ვკარგავთ. ამ მიზნით მარტივი და საიმედო ხრიკი არსებობს.

როგორ გადავარჩინოთ ლამინატი – პირველ რიგში, დაღვრილი წყალი მოაშორეთ. ზედაპირი ჩვრით კარგად გაამშრალეთ. ზოგჯერ გაშრობის შემდეგ ლამინატი პირვანდელ ფორმას უბრუნდება. თუ სასწაული არ მოხდა, შემდეგ ხრიკი გამოიყენეთ.  ბამბის პირსახოცი ან ქსოვილი აიღეთ. რაღაც საკმარისად თხელი, მაგრამ ნატურალური მასალისგან დამზადებული. მნიშვნელოვანია, რომ ქსოვილი მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების ქვეშ არ უნდა დნებოდეს. უთო საშუალო სიმძლავრეზე ჩართეთ. აუცილებლად ორთქლის გარეშე, ეს მხოლოდ ზედმეტი ტენია. ქსოვილი ლამინატზე ბუშტებზე დააფინეთ და უთო რამდენჯერმე გადაატარეთ. ფრთხილად იმოქმედეთ, რომ საფარი არ დაიწვას. დროდადრო აკონტროლეთ, რა ხდება ქსოვილის ქვეშ. რამდენიმე წუთში ლამინატი პირვანდელ ფორმას უნდა დაუბრუნდეს. ესეც პასუხი კითხვაზე, რა გააკეთოთ, თუ ლამინატი ამოიბურცა.

როგორ მოვუაროთ ლამინატს – საფარმა დიდხანს რომ გაძლოს, მასზე სათანადოდ იზრუნეთ. მოსახვეტად გამოიყენეთ მტვერსასრუტის საცმი, რომელიც პარკეტის იატაკისთვის განკუთვნილია. ასე მის მთლიანობას შეინარჩუნებთ. უხეში ჯაგრისი და სახეხი არ გამოიყენოთ. იატაკის წმენდისას სიფრთხილე გამოიჩინეთ. ძალიან სველი ჩვარი არ გამოიყენოთ. გირჩევთ, სველი შვაბრა ოდნავ გაწუროთ, ხოლო შემდეგ მშრალი ქსოვილითაც გაწმინდოთ. ასე საფარს არაფერი დაემუქრება.