ტანწერწეტა დიასახლისები კარტოფილს რაციონიდან არ იღებენ. უბრალოდ სწორად ამზადებენ

0
655

დღემდე არსებობს სტერეოტიპი, რომ კარტოფილი ზედმეტი სანტიმეტრების მომატებაში მთავარი დამნაშავეა. ასე არაა. ამ საკითხის სპეციალისტებმა ეს მითი დიდი ხნის წინ გააქარწყლეს, თუმცა აქაც ნიუანსები არსებობს. Paparazzi გიზიარებთ რამდენიმე რჩევას, როგორ მოამზადოთ კარტოფილი, რომ მოხდენილობა არ დაკარგოთ.

როგორ მოვამზადოთ კარტოფილი – რით დაიწყო ყველაფერი? კარტოფილი ბევრ ნახშირწყალს შეიცავს, ამიტომ მაშინვე აკრძალული პროდუქტების სიაში შეიყვანეს. როგორც მინიმუმ, მათ, ვინც სხეულის ფორმებზე ზრუნავს. სპეციალისტები დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ ნახშირწყლები ცუდი არაა, არამედ მხოლოდ რაციონის ნაწილი. კარტოფილი რთული და სასარგებლო ნახშირწყალია, რომელიც ბევრ მკვებავ ნივთიერებას შეიცავს. ნახშირწყლების გარდა მასში გვხვდება უჯრედისი, ცილები, ვიტამინები და მინერალები. სწორედ ამიტომ, რაციონიდან მისი ამოღება რეკომენდებული არაა.

კვლევებიც კი ჩაატარეს. ადამიანების ორი ჯგუფი გარკვეული დროის განმავლობაში დაბალკალორიული მენიუთი იკვებებოდა. ერთ ჯგუფში კარტოფილი რაციონის ნაწილი იყო, მეორეში – არა. შედეგებმა ორივე ჯგუფში წონის კლება აჩვენა. გამოდის, კარტოფილს ამაზე გავლენა არ მოუხდენია.

როგორ მივირთვათ კარტოფილი – საყვარელი ბოსტნეული რაციონში უნდა იყოს, მაგრამ სწორად უნდა მოამზადოთ. მომზადების მეთოდი ყველაფერს წყვეტს. გიამბობთ, როგორ უნდა მოამზადოთ კარტოფილი და რისგან თავი შეიკავოთ. ტაფაზე ან ფრიტიურში კარტოფილის შეწვას არ გირჩევთ. საქმე ზეთშია. მის გამო ცარიელი და უსარგებლო კალორიების რაოდენობა იზრდება. უმჯობესია, ბოსტნეული მოხარშოთ ან გამოაცხოთ. ცხობისას ბეკონი, ყველი, არაჟანი ან მაიონეზი არ დაუმატოთ. ეს მხოლოდ ზედმეტი კალორიებია. კარტოფილის პიურეს მომზადებაც არ ღირს.

ულუფის ზომას დააკვირდით. უფრო მნიშვნელოვანია, რამდენს ჭამთ, ვიდრე რას ჭამთ. კარტოფილი რაციონის სასარგებლო დანამატია. თუ უფრო მეტს შეჭამთ, ვიდრე ორგანიზმს სჭირდება, ზედმეტ სანტიმეტრებს ვერ გაექცევით. რაციონი მრავალფეროვანი უნდა იყოს. ექსპერტები კვირაში 4-8 ულუფა სახამებლის შემცველი ბოსტნეულის მირთმევას გირჩევენ. კარტოფილი კანიანად მიირთვით. კანში ბევრი უჯრედისი შედის. ერთი საშუალო კარტოფილი კანიანად უჯრედისის დღიური ნორმის 7%–ს მოგაწვდით. გირჩევთ, რომ კარტოფილი კანიანად გამოაცხოთ. გემრიელი და სასარგებლოა. კარტოფილს ახალი სალათი და ცოტა ხორცი დაუმატეთ. დაბალანსებული სადილი მზადაა.

უკვე იცით, რომ კარტოფილში საშიში არაფერია, როგორც ნებისმიერ სხვა პროდუქტში. ბალანსი და საღი გონება უფრო მნიშვნელოვანია. ზოგჯერ შეგიძლიათ მიირთვათ საყვარელი ფრი, მთავარია, ზომიერება დაიცვათ. სიამოვნებით მიირთვით და ცხოვრებით დატკბით.