ქმარმა უნდა არჩინოს თუ არა უმუშევარი ორსული ცოლი

0
496

ზოგიერთი ქალი მთელი ორსულობა აქტიურად მუშაობას ახერხებს და ქმარზე ფინანსურად დამოკიდებული არაა. ზოგს ფიზიკური მდგომარეობა მუშაობის საშუალებას არ აძლევს. ვინ უნდა არჩინოს ორსული ქალი, რომელმაც ექიმის რჩევით მუშაობა შეწყვიტა და სხვა შემოსავალი არ აქვს. ეს ქალი მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა და არ იცის, როგორ მოიქცეს. ქმარი ბიუჯეტის გაყოფას ითხოვს.

„მე და ჩემი მეუღლე 2 წელია ერთად ვართ. ზრდასრულ შეგნებულ ასაკში დავქორწინდით. ფინანსურად ერთმანეთზე დამოკიდებული არ ვიყავით, ორივე ვმუშაობდით, პროდუქტებს ხან ის ყიდულობდა, ხან მე, ასე ვცხოვრობდით. მას მამისგან მემკვიდრეობით ორსართულიანი სახლი და ქალაქთან ახლოს დიდი მიწის ნაკვეთი დარჩა. თავად 20 ათასი დოლარი მქონდა, რომელსაც იპოთეკის პირველი შენატანისთვის ვაგროვებდი, რადგან საკუთარი სახლი არ მქონდა.

როცა ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ, მასთან გადავედი და მეორე სართულზე რემონტის გაკეთებაში დავეხმარე, მასში 3 ათასი დოლარი ჩავდე. ყველაფერი კარგად იყო, სანამ დავორსულდებოდი. საშინელი ტოქსიკოზი მაქვს, გული მერევა, მაღებინებს, ერთი დღე დაწოლა შემიძლია, მეორე დღეს ნორმალურად ვარ. 2,5 თვის ვარ და უკვე 2–ჯერ საავადმყოფოში შენარჩუნებაზე ვიწექი. მუშაობა არ შემიძლია. ექიმმაც ამიკრძალა. მკერავად ვმუშაობდი. ასე ჯდომა და ტანის წინ გადახრა, ფეხების მოძრაობა მიწევს, რის გამოც საშვილოსნოში რაღაც იხლართება. მოკლედ ექიმმა ამიკრძალა.

ფინანსური საკითხი დადგა, თუ ვინ რა უნდა გადაიხადოს. ქმარი ამბობს, რომ მისი ხელფასი არ გვეყოფა (ბევრს არ იღებს) და ფული ჩემი დანაზოგიდან ავიღო. ეს ფული მასთან შეხვედრამდე შევაგროვე. სხვათა შორის, მასაც აქვს 10 ათასი დოლარი და მასზე ხელის მოკიდება არ სურს. ვუხსნი, რომ საკუთარი საცხოვრებელი აქვს, მე არა. ახლა რომ ჩემი ფული დავხარჯო, ხვალ შეიძლება ისე მოხდეს, რომ წასასვლელი არსად მქონდეს. მოკლედ, ბიუჯეტის გაყოფას დაჟინებით ითხოვს. დანაზოგის გარდა სხვა ფული არ მაქვს და ვერსად ვიშოვი. იქნებ, მართალი არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ახლა ქმარმა უნდა მარჩინოს. რომ მცოდნოდა ასე იქნებოდა, არათუ ორსულობას, არამედ ასეთ კაცთან ცხოვრების დაკავშირებას არ ვისურვებდი. სამედიცინო გზით ამ პრობლემის გადაჭრა დაგვიანებულია. სასოწარკვეთილი ვარ. თან ცოდვაა, თავად მინდა ეს ბავშვი.

სანამ მარტო ვიყავი, ყველაფერს ვუმკლავდებოდი. ჩემი სამსახური მომწონს და ყოველთვის კარგ ფულს ვშოულობდი. ქვებით ვქარგავ, სამკაულებს, ექსკლუზიურ ხელნაკეთ ნივთებს ვაკეთებ. ბინის გარდა ყველაფრის შეძენა მოვასწარი. მანქანაც მაქვს, ბეწვის ქურქიც, ბრილიანტებიც (მისი ყიდვა არც მიწევს, ბევრი მაქვს, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი) და წელიწადში 2–ჯერ ზღვაზეც ვისვენებდი. ბინის ყიდვა მარტივი არაა, ამიტომ პირველი შენატანისთვის ფულს ვაგროვებდი. კაცზე დამოკიდებული ერთხელაც არ ვყოფილვარ. აი, ჩემს ქმარს მამისგან ბინა დარჩა, ასევე დედისგან.

საერთოდ, ბედს მადლობა უნდა უთხრას ჩემთან შეხვედრისთვის. 48 წლის ასაკში მისთვის შვილის გაჩენის რიგში არავინ იდგა. ძალიან ძუნწია, მაგრამ ადრე ეს ხელს არ მიშლიდა. ანგარებიანი არასდროს ვყოფილვარ, ფულს არ ვუყურებდი. ადამიანი მომეწონა და გავყევი. სახლი მოუვლელი იყო. ყველაფერი მოვაწესრიგე, იმდენი ხარახურა გადავყარე, იმდენი ძალა დავხარჯე, რომ კომფორტული პირობები მომეწყო. მთელი სახლისთვის გერმანული ქსოვილიდან ფარდები შევკერე.

სანამ ფულს ვშოულობდი, ყველაფერი კარგად იყო. შვილები ორივეს გვსურდა, ვგეგმავდით. ორსულობამდე ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფის საკითხზე არ დავფიქრებულვარ. მეგონა, რომ ორსული ქალის რჩენა კაცის საქმეა, მაგრამ ახლა თითქმის პურის მათხოვრობა მიწევს. მშობლებთან ვერ წავალ, სხვა ქვეყანაში არიან. თან სად წავალ, როცა ქმარი მყავს? ძალიან მინდა ქმარს გავაგებინო, რომ ჩვენს ოჯახზე ზრუნვა დაიწყოს.“