ჩემი წარუმატებელი ოჯახი. ბავშვობის მოგონებები

0
115

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – საკუთარ ისტორიას ანა გვიამბობს.ჩემი ბავშვობიდან ძალიან ცოტა რამ მახსოვს. მახსოვს, რომ დედა ყოველთვის მამაკაცების გარემოცვაში იყო. ისინი სუფრასთან ისხდნენ, ხმამაღლა საუბრობდნენ და იცინოდნენ. მე კი ვათ ვუყურებდი და მხოლოდ საჭმელზე ვფიქრობდი. ზოგჯერ მაგიდაზე პურის ნატეხები რჩებოდა, ვიღებდი და ვჭამდი, ცოტათი მაინც რომ დამეკმაყოფილებინა შიმშილის გრძნობა. არ მახსოვს, სახლში ჩემს გარდა სხვა ბავშვებიც იყვნენ თუ არა.

დედაჩემის ნაცნობები ცუდ სიტყვებს მასწავლიდნენ, შემდეგ კი ასეთივე სიმღერა მასწავლეს. ძალიან მხიარულობდნენ, როდესაც პატარა სკამზე ვდგებოდი და ამ სიმღერას ვმღეროდი. ამის შემდეგ ისინი კანფეტს მაძლევდნენ. ერთხელ კი ალბათ მთვრალი ბავშვის ნახვა მოუნდათ და სასმელი დამალევინეს, ძალიან მწარე იყო. სწორედ ამ დროს ოთახში ფორმაში გამოწყობილი ადამიანები შემოვიდნენ და წამიყვანეს. გზაში ძალიან ცუდად ვიყავი, რაღაცას მასმევდნენ.

ბავშვთა სახლში მიმიყვანეს, სადაც თავი დამიმუშავეს, რადგან ტილები მყავდა. საღამოს ბავშვთა სახლის დირექტორმა და მისმა შვილმა, ნანამ, თავიანთ სახლში წამიყვანეს. სახლში მაბანავეს, თმა დამვარცხნეს და ძალიან გემრიელი ფაფა მაჭამეს. ლოგინი რომ გამიშალეს, ქათქათა ზეწარზე დაწოლის მეშინოდა. ღამით კი კანფეტი ისე მომინდა, რომ თავი ვერ შევიკავე და კიდევ ერთი ცალი ავიღე.

დილით მეგონა, რომ კეთილი ჯადოქარი მოვიდა ეს ყველაფერი მან მოაწყო. ძალიან ლამაზი კაბა ჩამაცვეს, ბანტი გამიკეთეს და თოჯინა მაჩუქეს. ეს ჩემი პირველი თოჯინა იყო. ისეთი გამხდარი ვიყავი, რომ ყველას ვეცოდებოდი. ნანას ჩავეხუტე, ის კი ატირდა. ცოტა ხნის შემდეგ გავიგე, რომ თურმე ბავშვთა სახლში აღარ ვრჩებოდი და ნანასთან ერთად სოფელში მივდიოდი.

ნანას დედამ ჩანთა გაგვიმზადა, რომელშიც ღვეზლები და კანფეტები ჩაგვილაგა. გზაში თითქმის ყველაფერი შევჭამე. სადგურზე ნანას ქმარი დაგვხვდა.

ნანამ სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა და გადანაწილებით სოფელში მოხვდა. სოფელში მან ლექსო გაიცნო და ცოლად გაყვა. თავდაპირველად ისინი ლექსოს პენსიონერ მშობლებთან ერთად ცხოვრობდნენ, შემდეგ კი საკუთარი სახლი აიშენეს. სახლი დიდი იყო, ადგილი კი ყველასათვის საკმარისი. მათ საკუთარი საძინებელიც მოაწყეს და ბავშვის ოთახიც. ხუთი წელი გავიდა, მათ კი შვილები არ უჩნდებოდათ. ნანა დედამისთან მივიდა ბავშვთა სახლში. მას ბავშვის შვილად აყვანა სურდა და ამ დროს მე დავხვდი.

ლექსომ რომ დაგვინახა, ხელი მომკიდა, მაგრად ჩამეხუტა და მითხრა, რომ ოდესღაც დამკარგა და ახლა მიპოვა. მან მითხრა, რომ ის მამაჩემი იყო, ნანა კი – დედაჩემი.ეს ჩემი პირველი შეხვედრა იყო მამაჩემთან და დედაჩემთან. მე ძალიან ამაყი და ბედნიერი ვიყავი, როდესაც მათთან ერთად ხელჩაკიდებული მივდიოდი.

სახლში მივედით, სადაც ჩემთვის ყველაფერი ძალიან უჩვეულო იყო. პაპას და ბებოს ძალიან გაუხარდათ ჩემი დანახვა, მკოცნიდნენ და მეხუტებოდნენ. მეზობელი და თავისი შვილი გვესტუმრნენ, რომელსაც ლაშა ერქვა. მან მაშინვე ჩემი გაბრაზება დაიწყო და მალვინას მეძახდა, რადგან თავზე უზარმაზარი ლურჯი ბანტი მქონდა.

მე კი არ ვმშვიდდებოდი და ვტრაბახობდი, რომ მამამ მიპოვა.

მეორე დღეს სასეირნოდ გავედი და ლაშა შემხვდა. მეგობრობა შევთავაზე, მაგრამ მან გაიცინა და მითხრა, რომ ასეთ პატარებთან არ მეგობრობდა. შემდეგ კი მე და ლაშა დავმეგობრდით, ის ყოველთვის მიცავდა და მეხმარებოდა.

ბებოსთან ერთად ძალიან დიდ დროს ვატარებდი, ღვეზლებს ვაცხობდით, პელმენებს ვაკეთებდით, ის უამრავ საინტერსო ისტორიას მიყვებოდა. ღვეზელს რომ ვაკეთებდი, ვამბობდი, რომ მამაჩემისთვის იყო, რადგან ძალიან მიყვარდა. ბებოს ეზო ძალიან საინტერესო იყო, მას იხვები, ბატები და ქათმები ჰყავდა. მოშორებით ძროხაც იყო, ის ისე მიყურებდა, რომ მისი მეშინოდა. პაპას ფუტკრები ჰყავდა, ისინი ყველგან დაფრინავდნენ. ძაღლთან კი საერთო ენა ძალიან სწრაფად გამოვნახე.

ზოგჯერ რაღაცის საყიდლად ქალაქში მივდიოდით, ბებია კი რძეს, თაფლს და კვერცხს ყიდიდა. დედა ლამაზ კაბებს, ფეხსაცმელებს და სათამაშოებს მყიდულობდა. ერთხელ მაღაზიაში წიგნი მომცა და მითხრა, რომ ზღაპრების წიგნი იყო. მათ შესახებ არაფერი მსმენოდა, მაგრამ წიგნი ძალიან მომეწონა.

სახლში რომ დავბრუნდით დედამ ის წიგნი წამიკითხა, რომელიც ქალაქში ვიყიდეთ. ძალიან ლამაზი და საინტერესო ზღაპრები იყო. არ ვიცოდი ამ კეთილი ადამიანებისთვის მადლობა რით გადამეხადა. სკამზე დავდექი და ის სიმღერა ვიმღერე, რომელიც დედაჩემის ნაცნობებმა მასწავლეს. პაპაჩემი მომიახლოვდა, სკამიდან ჩამომიყვანა და მითხრა, რომ ეს ძალიან ცუდი სიმღერა იყო და არ უნდა მემღერა. შემდეგ ჩვენი მეზობლები მოვიდნენ და ყველამ ერთად ძალიან ბევრი ლამაზი სიმღერა იმღერეს.

ერთ ღამეს მომეჩვენა, რომ ვიღაცამ ფანჯარაზე დააკაკუნა, მე ვიფიქრე, რომ ეს ის ბინძური და მთვრალი ქალი იყო, რომელიც ჩემი ბავშვობიდან მახსოვდა. ჩემს მშობლებთან მივირბინე და ვუთხრი. მათ დასაძინებლად თავიანთთან დამაწვინეს, მერე კი ჩემი საწოლიც თავიანთ ოთახში გადმოიტანეს.

დედამ შვებულება აიღო. მასთან ერთად ძალიან დიდ დროს ვატარებდი ბოსტანში და როგორც შემეძლო, ისე ვეხმარებოდი. თუმცა, ზოგჯერ ბალახის ნაცვლად სტაფილოს ვგლეჯდი. ბებია ციფრებსა და ასოებს მასწავლიდა.

ერთხელ ლაშას მეგობრებმა მითხრეს, რომ მამაჩემს საერთოდ არ ვგავდი, რადგან მას შავი თმა ჰქონდა, მე კი ქერათმიანი ვიყავი. ძალიან მეწყინა, პაპასთან და ბებოსთან მივირბინე, მაგრამ ისინი არ სახლში დამხვდნენ. ფეჩიდან ნაცარი ამოვიღე და თმასა და სახეზე წავისვი. სახლიდან გამოვედი და მამაჩემთან მივირბინე, რათა მეჩვენებინა, რომ მისი შვილი ვიყავი. მამაჩემმა დამინახა, ხელში ამიყვანა, მაკოცა და მითხრა, რომ თმის ფერის მიუხედავად მე მისი შვილი ვიყავი, ის კი მამაჩემი. საღამოს მთელი ოჯახი მე მაბანავებდა.

და კიდევ, ლაშა ახლა ჩემი მეუღლეა და დღემდე მალვინას მეძახის.