სამშობიაროში მარტო წავედი, იქიდან კი სამნი დავბრუნდით

0
1433

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – საკუთარ ისტორიას ანა გვიამბობს.

საკუთარ თავს ყოველთვის ძლიერ და დამოუკიდებელ ქალად ვთვლიდი. მართალი გითხრათ, ვფიქრობდი, რომ მამაკაცები ბევრ რამეში უფრო სუსტები არიან, ვიდრე ქალები და საუბარია არა ფიზიკურ ძალაზე, არამედ მორალურზე.

ორსულობის მეცხრე თვეში, საკუთარ თავზე სიამაყით ვფიქრობდი: “განყოფილების საუკეთესო თანამშრომელი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტი და იმ არქიტექტურული ბიუროს სახე, სადაც ვმუშაობდი”. ადრე ვფიქრობდი, რომ სისულელე იყო ის, რომ კარიერისტს ბედნიერი ოჯახი ვერ ექნებოდა, მაგრამ მსგავს სიტუაციაში თავადვე აღმოვჩნდი. კარიერაში დიდ წარმატებას მივაღწიე, მაგრამ სამშობიაროში მარტო წავედი. დიახ, მე მამაკაცი არ მყავდა, როგორც ჩანს, ბედნიერი ოჯახური ცხოვრება ჩემთვის არ იყო.

არსებულ სიტუაციაზე ფიქრი, რაღაც ხმაურმა შემაწყვეტინა. ნაპირზე გადავედი და მანქანა ჩაქრა. ესღა მაკლდა.

ვიმეორებ, თავს ძლიერ ქალად ვთვლიდი, ძლიერი ქალები კი სულელები არ არიან. ისინი გამოსავალს ნებისმიერი ძალიან რთული სიტუაციიდანაც კი პოულობენ. რა თქმა უნდა, ცხრა თვის ორსული მანქანის ქვეშ ვერ შევძვრებოდი, მანქანის გაფუჭების მიზეზის დასადგენად და ამიტომ ჩავთვალე, რომ სწორი იქნებოდა თუ მანქანას გამოვიძახებდი. ტაქსი მალე მოვიდა და ტკივილებიც მალევე დამეწყო.

პირველი მშობიარობა იყო და შესაბამისად ეს დიდხანს უნდა გაგრძელებულიყო. მანქანა კი გაფუჭებული იდგა, რა უნდა მექნა?

– მოდიხართ? – დაინტერესდა ტაქსის მძღოლი.

თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.

– დამაცადეთ, ევაკუატორი უნდა გამოვიძახო, – ამის თქმა მოვასწარი და სიტყვა ტკივილმა შემაწყვეტინა.

– ცუდად ხართ? – ტაქსის მძღოლმა ჩემი უზარმაზარი მუცელი დაინახა და ყველაფერს მიხვდა.

– მგონი ვმშობიარობ, – ტკივილმა გამაშეშა.

– ევაკუატორის ლოდინის დრო აქ გვაქვს, სამშობიაროში უნდა წავიდეთ, – გადამწყვეტად მითხრა ჩემმა თანამოსაუბრემ.

მანქანის გამო ვნერვიულობდი, როგორ შეიძლებოდა მისი ქუჩაში დატოვება. მამაკაცმა მანქანის გასაღები გამომართვა, რათა მანქანა წაეყვანა. რამდენიმე წუთის შემდეგ ჩანთაში ქვითარი მედო.

ტაქსიში ჩავჯექი და მივხვდი, რომ მარტო მგზავრობის ფული კი არ მქონდა გადასახდელი, არამედ გაჩერებისაც.

– მე თქვენი ფული მმართებს.

– დაივიწყე, წავედით. თავს როგორ გრძნობ?

როგორც ჩანს, მამაკაცი ანერვიულდა და ამის გამო უკვე “შენობით” მელაპარაკებოდა.

– დიახ, წავიდეთ, – დამაჯერებლად დავუქნიე თავი და ტკივილისგან ისევ შევიჭმუხნე.

დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ ტაქსის მძღოლმა მიმღებამდე მიმიყვანა და ნივთების მიტანაში დამეხმარა. ამ დროს ჩემს მშველელს შევხედე.

თავში გამიელვა, რომ ის ძალიან სიმპათიური, მაღალი, გალანტური და კეთილშობილი ადამიანი იყო.

– გყავს ვინმე, ვინც აქედან წაგიყვანს?

უარყოფის ნიშნად თავი დავუქნიე და ვუთხარი, რომ თავად მოვახერხებდი.

მან უბრალოდ ფურცელი გამომიწოდა თავისი ტელეფონის ნომრით და მითხრა, რომ მისთვის დამერეკა. მე თავიდან უარს ვეუბნებოდი და ვამბობდი, რომ თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობდი, თუმცა ეს ფურცელი საიმედოდ შევინახე, რომ არ დამკარგვოდა.

რამდენიმე საათის შემდეგ ბიჭი შემეძინა და მას სერგი დავარქვი. მიხაროდა კიდეც და მოწყენილიც ვიყავი, რადგან ბავშვთან ერთად მარტო ვიყავი. დილით, ფანჯრებთან ზუსტად ის მძღოლი დამხვდა, ალექსი. როგორც ჩანს, მიმღებში დატოვების დროს ჩემი სახელი და პალატის ნომერი გაიგო.

ასე რომ, ორი წლის წინ სამშობიაროში მარტო წავედი, ახლა კი შესანიშნავი შვილიც მყავს და ქმარიც.