გათხოვილი ქალის ჯოჯოხეთური ცხოვრება: როგორ გაუმკლავდეთ ცოლის ყველა მოვალეობას

0
768

„რას აკეთებენ სხვა ქალები დაქორწინების შემდეგ? არ მესმის, როდის გადავუხვიე არასწორად“ – ჩივის ანა. უკვე 10 წელია დაოჯახებულია, მაგრამ ბოლო დროს თავს განსაკუთრებით უბედურად გრძნობს. ბავშვის დაბადება, პრობლემები სამსახურში, ვალები, ქმართან კამათი, ბოლო წლებში ბევრი რამის გადატანა მოუწია. ბანალურად საკუთარი თავისთვის დრო არ აქვს. ნუთუ ყველა ასეა? Paparazzi ეცდება გაარკვიოს, რა არის ანას ცხოვრებაში არასწორი და შეიძლება თუ არა სიტუაციის გამოსწორება.

„ახალგაზრდობაში ვფიქრობდი, რომ ოჯახის შექმნის შემდეგ ამქვეყნად უბედნიერესი ქალი ვიქნებოდი. როცა ბავშვი შემეძინება, ეს ბედნიერება გაორმაგდება ან გასამმაგდება. როგორ ვცდებოდი! არ ვიცი, რას აკეთებენ სხვა დედები დაქორწინების შემდეგ, მაგრამ თავად ცხენივით ვმუშაობ. მე და ჩემს მეუღლეს საკუთარი ბინა ძალიან გვინდოდა, ამიტომ ზეგანაკვეთურად ვმუშაობდით. რამდენიმე წელში ბინისთვის პირველი შესატანი შევაგროვეთ. შემდეგ დავორსულდი, მაგრამ მშობიარობამდე მუშაობა არ შემიწყვეტია.

საკუთარი ბუდის მოსაწყობად მეტის გამომუშავების აკვიატებული იდეა ბავშვის განათლებისთვის ფულის გამომუშავების სურვილმა ჩაანაცვლა. მე და ვანო ამ საკითხს საფუძვლიანად მივუდექით. ახლა ჩვენი ქალიშვილი 6 წლისაა. სექტემბერში სკოლაში მიდის. უკვე ვეღარ ვუძლებ. სამსახური–სახლი, სახლი–სამსახური. ესაა ჩემი ცხოვრება.

დილით ადრე ვდგები, თავს ვიწესრიგებ, შემდეგ ქმარ–შვილს ვაღვიძებ. ბავშვს წრეებზე წასაყვანად ვამზადებ. სახლში გვიან საღამოს მოვდივარ, ვახშამს ვამზადებ. კერძების მომზადებაზე უკვე გული მერევა. ქურასთან დგომა საერთოდ არ მიყვარს! ჩემი ნება რომ იყოს, მზარეულს ვიქირავებდი, მაგრამ ქმარი წინააღმდეგია. ამბობს, რომ სახლში უცხო ადამიანს არ შემოუშვებს. ამ ორომტრიალში საკუთარი თავისთვის დრო არ მრჩება. არ მახსოვს, ბოლოს როდის წავიკითხე წიგნი. ადრე კითხვა ჩემი გატაცება იყო. დასვენების დღეს სიტუაცია არ იცვლება. ქმარი ტელევიზორს უყურებს, მეორე ოთახში ქალიშვილი ერთობა. მე მასაც დრო უნდა დავუთმო და ქმართანაც ვიყო. პირადი სივრცე არ მაქვს.

განქორწინებაზე უფრო და უფრო ხშირად ვფიქრობ. ერთობლივი ცხოვრების დაწყებისთანავე ფულის გადადება დავიწყე, რომ უსაფრთხოების ფინანსური ბალიში მქონოდა. პროცენტები დაგროვდა და ახლა სოლიდური თანხა მაქვს. ცალკე ბინის ყიდვის და იქ ცხოვრების წინააღმდეგი არ ვარ. ძალა აღარ მაქვს. დამამშვიდებლებს ვსვამ, ჯანმრთელობა აღარ შემრჩა. როგორ უმკლავდებიან სხვები?“

ქალების ფორუმებზე მსგავს თემებს ხშირად განიხილავენ. კომენტარები ერთ მარტივ ჭეშმარიტებამდე მიდის: ქალებო, ქმრების მომსახურება შეწყვიტეთ. ცოლმა ოჯახისა და საკუთარი თავისთვის დრო რომ გამონახოს, საოჯახო საქმეები ცოლ–ქმარს შორის თანაბრად უნდა განაწილდეს. როგორც ჩანს, ანა ქალიშვილს და საოჯახო საქმეებს მარტო უმკლავდება. თან სამსახურში დადის. ეს არანორმალური დატვირთვაა! ბევრი ქალი კარგ ფსიქოლოგთან მისვლას ურჩევს. რადგან ასეთი ოჯახური ცხოვრება 10 წელი გრძელდება, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. განქორწინება გარანტია არაა, რომ მისი ცხოვრება გაუმჯობესდება. დიდი ალბათობით, მისი ურთიერთობის აღდგენა ჯერ კიდევ შეიძლება. რა თქმა უნდა, გამოჩნდებიან ისეთებიც, რომლებიც იტყვიან, რომ დაქორწინება არ ღირდა. თითქოს, ანა მართლა ელოდა, რომ მისი ცხოვრება ზღაპრული გახდებოდა? აქ იმისთვის არ ვართ, რომ ერთმანეთი განვსაჯოთ. თან ყველას აქვს შეცდომის დაშვების უფლება. საკითხავია, როგორ უნდა გამოასწოროს სიტუაცია.