74 წლის მოდელი დაუმსახურებლად გააკრიტიკეს. ისიც არ გაჩუმებულა

0
230

სტერეოტიპების თემა მარადიული კლასიკაა, რადგან ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი, რომელიც თავისი სტერეოტიპული აზროვნებით შეგახსენებთ, რომ კონსერვატიზმი ჯერ კიდევ არსებობს. თქვენს წინაშეა 75 წლის ქალი, რომელიც მოდურად იცვამს, ვარჯიშობს და მოდური ჟურნალების ფოტოსესიებში მონაწილეობს. მოკლედ, ცხოვრებიდან სიამოვნებას იღებს. ყოველთვის გამოჩნდება საზიზღარი შურიანი, რომელიც სოციალურ ქსელში დაწერს, რომ მის ასაკში ასე ჩაცმა და ამის გაკეთება არ შეიძლება. კატეგორიულად არ ვეთანხმებით! Paparazzi გიამბობთ, რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთ თემებზე საჯაროდ საუბარი.

სტერეოტიპების შესახებ – სანამ ქალი თავდაჯერებულია, საზოგადოების აზრი ნაკლებად აწუხებს. მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რას იტყვიან სხვები, რადგან მთავარია, რომ საკუთარი თავი უყვარს. 74 წლის კოლინ ჰაიდემანი სტრეოტიპებზე არ ფიქრობს. მათ უბრალოდ ანადგურებს. მოწიფული ასაკის მიუხედავად, ექსტრავაგანტულად იცვამს და კაშკაშა მაკიაჟს იკეთებს. თავისი ცხოვრების წესიდან შექმნა მთელი ბრენდი, რომელიც სოციალურ ქსელებში წარმატებით წინ მიიწევს. ტიკტოკზე მის გვერდს 340 ათასი ადამიანი თვალყურს ადევნებს. ინსტაგრამზე მისი გამომწერების რაოდენობა 420 ათასს აჭარბებს.

ერთ დროს კოლინი ბორტგამცილებლად მუშაობდა. ყოველთვის მკაცრად ეცვა. მოწესრიგებული გარეგნობა მისი პროფესიის ნაწილი იყო, თუმცა სამსახურის გარეთ ლამაზად ჩაცმა უყვარდა. ჯერ კიდევ მაშინ ტანსაცმელი და მაკიაჟი მისი თვითგამოხატვის საშუალება გახდა. ახალგაზრდა კოლინი საკულტო მსახიობების სოფი ლორენის, ოდრი ჰეპბერნის, გრეის კელის და ელიზაბეთ ტეილორის სილამაზით და გრაციოზულობით აფრთოვანებული იყო. ცნობილმა ქალებმა შთააგონეს ინდივიდუალობის წარმოჩენა გარეგნული გარდაქმნებით.

კოლინ ჰაიდემანის სამოდელო კარიერა – მოდის სამყაროში 70 წლის ასაკში შეიჭრა. ვერც იფიქრებდა, რომ რამდენიმე წელიწადში მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ცნობადი ასაკობრივი მოდელი გახდებოდა. ქალი სოციალურ ქსელებს უბრალოდ არ მართავს. კოსმეტიკის და ტანსაცმლის ცნობილი ბრენდების რეკლამებში, ასევე მოდის ჩვენებებში მონაწილეობს. ბოლო 5 წლის განმავლობაში ბევრ ცნობილ ფოტოგრაფთან, ვიზაჟისტთან, დიზაინერთან და სტილისტთან მუშაობა მოასწრო. საშინელებათა ფილმში „ბუზების მამა“ მონაწილეობით კინოში მისი დებიუტიც შედგა. ქალი სამსახიობო კარიერის გაგრძელებაზე ოცნებობს. სურს, რომ კინოში კლასიკური ბებიების შესახებ სტერეოტიპები დაარღვიოს.

ამერიკელი ქალის მთავარი მიზანი ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებაა. მისი საქმე ნამდვილ სიამოვნებას ანიჭებს. თავისი გარეგნობით სამყაროსადმი ურთიერთობას აჩვენებს. კოლინი სილამაზეს ასხივებს და სხვებს იმავეს გაკეთების მოტივაციას აძლევს.

მოტივაცია სხვა ქალებისთვის – ამ ქალს უბრალოდ ბებიას ვერ უწოდებთ. გარეგნობას დიდ ყურადღებას აქცევს. მის რაციონში მავნე საკვები არაა. მთავარ აქცენტს ხილ–ბოსტნეულზე აკეთებს, ხორცს წელიწადში მხოლოდ რამდენჯერმე მიირთმევს. ჰაიდემანი აქტიურად ვარჯიშობს. ხშირად აჩვენებს სოციალურ ქსელებში, როგორ ვარჯიშობს სავარჯიშო დარბაზში მწვრთნელის მეთვალყურეობის ქვეშ. ეს მოტივაციას გვაძლევს. კოლინს უყურებ და რაიმე აქტიურის და სხეულისთვის სასარგებლოს გაკეთების სურვილი ჩნდება. მოდელი იოგას ვარჯიშებსაც ასრულებს და აუზში ცურავს.

კოლინის ფოტოები და ვიდეოები პოზიტიური ემოციების ქარიშხალს იწვევს. და მაინც, ზოგი მასზე საძულველ კომენტარებს წერს. თითქოს, ამ ასაკში დახეული ჯინსების, ბრჭყვიალა კაბის და ღია საცურაო კოსტიუმის ტარება არ შეიძლება. სისულელეა! თითოეულ ჩვენგანს უფლება აქვს ჩაიცვას ის, რაც სურს. კმარა სულელური ჩარჩოებით თავის შეზღუდვა. სილამაზეს, კრეატივს, ინდივიდუალობას და ბედნიერებას ვადა არ აქვს. კოლინი ამას საკუთარი მაგალითით გვიმტკიცებს. მსგავსი ქალები გულწრფელ აღფრთოვანებას იწვევენ. ვიმედოვნებთ, რომ საკუთარი მწვერვალების დაპყრობა შთაგაგონეთ!