ფრაერი სიხარბემ დაღუპა: iPhone–ის ახალი დამტენი კაბელების შესახებ დავა ატყდა

0
223

ერთ დროს Apple-მა რევოლუცია მოახდინა და მობილური მოწყობილობების ჩამქრალი ბაზარი გააცოცხლა. მას შემდეგ iPhone საკულტო ნივთი გახდა, რომლის გამოც მილიონობით ფანი მსხვილი თანხის დასახარჯად მზადაა. ახლა აიფონის ორიგინალი დამტენი კაბელის შესაძენად დიდი თანხის გაღება მოგიწევთ.  2022 წლის დეკემბერში მთელ მსოფლიოში უკვე 1,2 მილიარდზე მეტი აქტიური iPhone იყო. ასეთი პოპულარობა არაფრისგან ვერ წარმოიშვება. Paparazzi გთავაზობთ დაფიქრდეთ, რამდენად იმსახურებს თანამედროვე iPhone საყოველთაო სიყვარულს. ღირს კომპანია Apple–ის პროდუქციაში ზედმეტის გადახდა? მით უფრო, რომ iPhone 15-ის გამოშვებით ბრენდის ფანებისთვის აიფონის ორიგინალი დამტენიც პრობლემა შეიძლება გახდეს.

iPhone–ის ორიგინალი დამტენი კაბელი – რა თქმა უნდა, კომპანია Apple მარკეტინგულად ბევრი კონკურენტისთვის მიუწვდომელია. ასეთი კარგია „ვაშლის“ პროდუქტი? სტაბილური მუშაობის კუთხით, ყოველწლიურად იზრდება მომხმარებლების საჩივრები მორიგი განახლების შემდეგ აპლიკაციების გაშეშების შესახებ. ამის გამო იკარგება iPhone-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა Android მოწყობილობებთან შედარებით. ზოგი აიფონს აქებს, რადგან მისი მხარდაჭერა დიდხანს ხდება. თითქოს, ასეთი სმარტფონი მთელი 10 წელი იმუშავებს. რა დაემართება მოწყობილობას 10 წლიანი გამოყენების შემდეგ? რამდენი ექნება ნაკაწრი და ბზარი? თან ტექნოლოგიურად მოძველდება. არაფერს ვამბობთ, რომ რამდენიმე წელიწადში ნებისმიერი გაჯეტი საშინლად გვბეზრდება. გამოდის, ადამიანი რაღაც ახლის ყიდვას, ახლის გამოცდას ისურვებს.

ბატარეა და დამტენი კაბელი – ბატარეას iPhone–ის ძლიერ მხარედ ვერ ჩავთვლით. დღეს ბაზარზე ბევრი სმარტფონია, რომლებიც მსგავსი დატვირთვით 3-ჯერ უფრო დიდხანს მუშაობენ. დამატებით, ბატარეა არ იხსნება, ახლით ვერ ჩაანაცვლებთ, რაც დროთა განმავლობაში პრობლემად იქცევა. დამტენ კაბელთანაც ყველაფერი რიგზე არაა. ბოლო წლებში USB Type-C საერთაშორისო სტანდარტი გახდა, რამაც მილიონობით მომხმარებელი თავის ტკივილისგან გადაარჩინა. მოქმედი ევროპული კანონმდებლობა რომ არ დაარღვიოს, Apple–იც იძულებულია ზემოაღნიშნულ კონექტორზე გადავიდეს. რაშია პრობლემა?

ბოლო პერიოდში Apple–მა ისწავლა ფულის გამომუშავება არა მხოლოდ ზეპოპულარულ აიფონებზე, არამედ მათ აქსესუარებზე. ახლა, როცა iPhone ნებისმიერი USB Type-C კაბელით შეიძლება დაიტენოს, ეს კომპანიის შემოსავლისთვის ძლიერი დარტყმა შეიძლება გახდეს. სწორედ ამიტომ, აიფონში ჩასმული იქნება სპეციალური ჩიფი, რომელიც საშუალებას მოგცემთ მოწყობილობა ნორმალურად მხოლოდ ორიგინალი კაბელის გამოყენებით დამუხტოთ. მაგალითად, თუ თქვენი ძველი Xiaomi–ის კაბელს გამოიყენებთ, სწრაფად დატენვის იმედი არ უნდა გქონდეთ. მონაცემების გადაცემის სიხშირეც ჩვეულებრივზე დაბალი იქნება.

გამოდის, Apple–მა იპოვა მეთოდი, როგორ აიძულოს მომხმარებლებს მეტის გადახდა. თუ ცხოვრობთ ქალაქში, სადაც „ვაშლის“ მაღაზია არაა, კაბელის გამოცვლა ნამდვილი პრობლემა გახდება. თუმცა აიფონის ერთგულ ფანებს ეს ვერ შეაშინებს.