ჩვენი ისტორიის დასაწყისი შეიძლება ბანალურად მოგეჩვენოთ. ერთ დიდ ქალაქში ცხოვრობდა ქალი, რომელიც თავის შვილს მარტო ზრდიდა. მისი ქმარი ცხელ წერტილში დაიღუპა, იმ პერიოდში ქალი ფეხმძიმედ იყო. ნერვიულობას უკვალოდ არ ჩაუვლია, ეს ყველაფერი ბავშვზე აისახა. ბავშვი ნერვული სისტემის პრობლემებით დაიბადა. ქალი გააფრთხილეს, რომ ბავშვს მხოლოდ დადებითი ემოციები სჭირდებოდა.
მრავალი წლის მანძილზე, როდესაც მამამისის შესახებ ეკითხებოდნენ, ის მის მიერვე გამოგონილი ლეგენდით პასუხობდა. მამა საიდუმლო დავალებაზეა და სანამ არ შეასრულებს, არ დაბრუნდება. კარადაში ყოფილი მეუღლის პიჯაკი ეკიდა, რომელიც ამ ისტორიებში ასევე ფიგურირებდა.
ერთხელ, ეზოში თამაშისას, ბიჭი კუთხეს მიეფარა, შემდეგ კი უცებ გამოვარდა და ყვიროდა:
-დედიკო, მამა ვიპოვე. ის დაჭრილია და ასფალტზე წევს. მას სასწრაფოდ ესაჭიროება დახმარება!
ქალი ბავშვის დამშვიდებას ცდილობდა, მაგრამ მისი ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ბიჭმა ის ძალით მიიყვანა ახლომდებარე ნაგვის ურნასთან.
-მამა სულ სისხლიანია, – თქვა მან იქვე მჯდომ უსახლკარო მამაკაცზე.
სხვა გზა არ იყო. ბავშვისთვის ნერვიულობა არ შეიძლებოდა. ქალმა გადაწყვიტა, რომ ეს უსახლკარო მამაკაცი ერთი დღით შეეფარებინა, დილისთვის კი ისევ საიდუმლო დავალება მოეგონებინა.
სახლში შეიყვანეს და მაშინვე სააბაზანო ოთახში შეუშვეს.
-დედა, მამას ერთი ნაბიჯითაც კი არ მოვშორდები. ძალიან მომენატრა!
-კი, მაგრამ მამას დასვენება სჭირდება.
-ერთად დავისვენებთ.
ბიჭმა უსახლკარო მამაკაცს პიჯაკი გამოუტანა.
-მამიკო, ჩაიცვი. ეს შენი პიჯაკია. ხომ გახსოვს?
ქალი უსახლკაროს ვახშმით გაუმასპინძლდა და დასაძინებელი ადგილი მოუმზადა. ბიჭი ერთი წამითაც კი არ შორდებოდა “მამას”. დილით მან ისევ სუფრა გაუშალა და ჩაი დაალევინა. მამაკაცმა თავად დაიწყო ამ სიტუაციიდან გამოსავლის ძებნა.
-შვილო, ცოტა ხნით უნდა წავიდე, მაგრამ მალე დავბრუნდები.
და მართლაც, რამდენიმე დღის შემდეგ მამაკაცი კარგი მანქანით და ლამაზი თაიგულით დაბრუნდა.
მან ქალს უამბო, რომ მეუღლე გარდაეცვალა და თავად კი სასმელს მიეძალა. ის დღე და ღამ ლოთებთან ერთად სვამდა, შემდეგ მათ კომპანიას ჩამორჩა და ვერ გაეგო სად იმყოფებოდა. სინამდვილეში ის დიდი ქარხნის დირექტორი იყო და რიგი წარუმატებლობების შემდეგ ფეხზე წამოდგომას ვერ ახერხებდა. ახლა კი, ჩვენი გმირების წყალობით, ის გონს მოეგო და ცხოვრებას დაუბრუნდა.
მათ დიდი და მეგობრული ოჯახი შექმნეს. ქალმა კიდევ ერთი ბიჭი გააჩინა, უფროსი კი მოძლიერდა და ნერვული სისტემაც მოუწესრიგდა.