ბიჭზე დედამ მაშინ თქვა უარი, როდესაც გაიგო, რომ ინვალიდი გააჩინა

0
1050

ბავშვთა სახლში ყველა ბავშვი ცოტათი გაბრაზებულია როგორც ცხოვრებაზე, ასევე გარშემომყოფებზე. ლექსოს ყოველთვის სურდა, რომ ბიჭებთან ერთად ფეხბურთი ეთამაშა ან მოედანზე ერბინა. ბავშვები კი მას მხოლოდ აბრაზებდნენ ან დასცინოდნენ. როცა ყველა მინდორზე თამაშობდა და ის კი განზე იდგა, ხანდახან ესმოდა “კოჭლო, დაარტყი ბურთს!”, სხვები კი იცინოდნენ: “როგორ უნდა დაარტყას, მას ხომ არ შეუძლია”. მაშინ ლექსო მათზე ბრაზდებოდა და მხოლოდ მუშტებს კრავდა.

ასე იმიტომ ეძახდნენ, რომ ერთი ფეხი მეორეზე მოკლე ჰქონდა. დედამაც სწორედ ამის შემდეგ მიატოვა, როდესაც გაიგო, რომ ინვალიდი გააჩინა. ამის შესახებ მან პირველად სამედიცინო დახმარების ცენტრში მისვლისას შეიტყო. ექთანმა მას საბუთები გადასცა და სადღაც გაიქცა. ლექსომ წაიკითხა, რომ 11 წლის წინ დედამ პირდაპირ სამშობიაროშივე მიატოვა. ამის შემდეგ მას აღარ სჯეროდა, რომ ოდესმე დედა მის წასაყვანად მოვიდოდა.

ახალი წლის მოახლოებისას ყველა ბავშვი წერილებს სწერს თოვლის ბაბუას და გამონაკლისი არც ბავშვთა სახლი იყო. ყველა ბავშვს თითოეული ასო გულმოდგინედ გამოჰყავდა, წერილებში ითხოვდნენ, რომ დედ-მამა ეპოვათ. მასწავლებლები ამ წერილებს მოხალისეებს გადასცემდნენ, რომლებსაც ბავშვებისთვის საჩუქრები მოჰქონდათ.

ბავშვთა სახლიდან წერილი ერთმა პილოტმაც მიიღო. მან წერილი არ გახსნა, გადაწყვიტა, რომ ოჯახთან ერთად წაიკითხავდა. სახლში, როდესაც უკვე სავახშმოდ ემზადებოდნენ, მას კონვერტი გაახსენდა. გახსნა და წაიკითხა: „ძვირფასო სპონსორებო, მე სათამაშოებს ან ტანსაცმელს ნუ მაჩუქებთ, ეს ყველაფერი საკმარისად მაქვს, ნოუთბუქი მაჩუქეთ. მისი დახმარებით შევძლებ მეგობრების პოვნას და მათთან ურთიერთობას. იქნებ ჩემი ოჯახიც ვიპოვო. ლექსო – 11 წლის.”

პილოტის მეუღლემ თქვა, რომ ბავშვები ახლა მართლაც ძალიან ჭკვიანები არიან. მათ იციან რომ ინტერნეტის საშუალებით ყველას და ყველაფრის პოვნა შეიძლება. პილოტის ქალიშვილმა კი წერილი ხელში აიღო და ხელახლა დაიწყო კითხვა. მშობლებმა შენიშნეს, რომ ის თითქმის ტიროდა. მშობლებმა ჰკითხეს, რა დაემართა მას.

რაზეც ქალიშვილმა უპასუხა, რომ თუ მას ნამდვილად უნდოდა ნათესავების პოვნა, მაშინ დიდი ხნის წინ მოიმოქმედებდა რამეს, თანაც წერს, რომ “შეიძლება”. ნათესავებში მხოლოდ სისხლით ნათესავები არ იგულისხმება. გოგონამ მშობლებს შესთავაზა, რომ მისი ყულაბა გაეტეხათ და ნოუთბუქი ეყიდათ, რათა ამ ბიჭისთვის ეჩუქებინათ.

ბავშვთა სახლში, ისევე როგორც ყველგან, საახალწლო ზეიმი ყოველი ასაკობრივი ჯგუფისთვის ცალ-ცალკე იმართებოდა. დღესასწაული ჩვეულ რეჟიმში ჩატარდა – ნაძვის ხე, თოვლის ბაბუა, ფიფქია, ლექსები, საჩუქრები. საჩუქრებს ერთი და იგივე სპონსორები ჩუქნიდნენ, რამდენიმე ბავშვი კი უქმეებზე სახლებში მიჰყავდათ. ლექსო არავის ელოდა, წერილიც მხოლოდ იმიტომ დაწერა, რომ ყველა წერდა. დარბაზში შენიშნა, რომ ზეიმზე პილოტის ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი იყო მოსული, რომელიც მას უყურებდა.

მას შემდეგ, რაც თოვლის ბაბუამ და ფიფქიამ ნაძვის ხე აანთეს, ყველას მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს, ლექსო შებრუნდა და კოჭლობით გასასვლელისკენ წავიდა. უცებ ვიღაცამ სახელით და გვარით დაუძახა. ის შებრუნდა და სწორედ ის პილოტი დაინახა, რომელიც დარბაზში შენიშნა.

მამაკაცი ბიჭს მიესალმა, უთხრა, რომ მათ წერილი მიიღეს და საჩუქარი მოუტანეს. მან ლექსოს თავი გააცნო, უთხრა, რომ გიორგი ერქვა, მის მეუღლეს – ნათია, ქალიშვილს კი – ანა.

ლექსოს ყუთი გადასცეს და გიორგიმ შესთავაზა, რომ სადმე წასულიყვნენ და ბიჭისთვის ეჩვენებინათ, თუ როგორ მუშაობდა ეს მოწყობილობა. ბიჭმა ისინი იმ დარბაზში მიიყვანა, სადაც ჩვეულებრივ საშინაო დავალებებს ასრულებდნენ. ანამ მას ყველაფერი აუხსნა. ლექსო იჯდა და გრძნობდა ძლიერ სითბოს, რომელიც ამ მამაკაციდან მოდიოდა, მან მაშინვე იგრძნო თავი დაცულად.

ანა ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა, ლექსო მიხვდა, რომ ის სულელი გოგო არ იყო და ინტერნეტსა და კომპიუტერში კარგად ერკვეოდა. დამშვიდობების დრო დადგა, გიორგიმ ხელი ჩამოართვა, ნათია დეიდა ჩაეხუტა, ანამ კი უთხრა, რომ ისინი კიდევ მოვიდოდნენ. ლექსო შებრუნდა და წავიდა, ცხვირში კი ნათია დეიდას სუნამოს სურნელს გრძნობდა.

მეორე დღეს ის მიხვდა, რომ მისი ცხოვრება ახლა უფრო საინტერესო გახდებოდა. ახლა მას აქვს ინტერნეტი, სადაც ბევრი ახალი რამის გაგება შეუძლია. ახლა მას აღარ ჰქონდა წყენა იმ ბიჭების მიმართ, რომლებიც მას დასცინოდნენ. ის გატაცებული იყო. მას ყოველთვის აინტერესებდა თვითმფრინავები, ახლა კი მათ ფოტოებზე ხედავდა და მათ შესახებ ისტორიებს კითხულობდა.

უქმეებზე მასთან გიორგი და ანა მოვიდნენ. სამივე ერთად გასართობ პარკში წავიდნენ და სხვადასხვა თამაშები ითამაშეს. ბიჭს რცხვენოდა, რომ მის მაგივრად უცხო ადამიანები იხდიდნენ ფულს და მას ეპატიჟებოდნენ.

ლექსოს არასოდეს დაავიწყდება ის დილა, როდესაც დირექტორთან დაუძახეს. ის კაბინეტში შევიდა და ნათია დეიდა დაინახა. ოდნავ თავბრუ დაეხვა. დირექტორმა უთხრა, რომ მათ ორი დღით სტუმრად მიჰყავდათ. ნათია დეიდამ კი დაამატა, რომ გიორგის დიდი პროფესიული დღესასწაული ჰქონდა და ის ეპატიჟებოდა. ლექსო სიხარულით დაეთანხმა. საბუთებს ხელი მოაწერეს და წავიდნენ.

მაღაზიაში შეიარეს, სადაც მას ახალი ნივთები უყიდეს, მაგრამ სირთულე იყო ფეხსაცმელთან დაკავშირებით, რადგან ფეხების ზომა განსხვავდებოდა. ლექსო ვიღაცის ბინაში პირველად შევიდა. რა კარგი იყო, ოჯახური ბედნიერებისა და კომფორტის სურნელი იდგა. ბიჭი მორცხვად შევიდა ოთახში და სავარძლის კიდეზე ჩამოჯდა. ის გაკვირვებული ათვალიერებდა ირგვლივ ყველაფერს. ოთახში უზარმაზარი აკვარიუმი იდგა, რომელშიც თევზები დაცურავდნენ. ასეთი რამ მას მხოლოდ სურათებზე ენახა. ფანჯარაზე კი უფრო მომცრო აკვარიუმი იდგა, რომელშიც კუ ცხოვრობდა.

აეროდრომი ძალიან დიდი და ლამაზი იყო. გიორგი ბიძია მათკენ წამოვიდა და თავის თვითმფრინავთან მიიყვანა. ლექსო გაოგნდა, როდესაც თვითმფრინავი ასე ახლოს დაინახა. მანამდე მხოლოდ ინტერნეტში ჰქონდა ნანახი. კონცერტი დაიწყო. თვითმფრინავები ცაში აფრინდა, ადამიანებმა ხელები მაღლა ასწიეს. ანა ყვიროდა და ლექსოს აჩვენებდა: “მამა დაფრინავს, აგერ იქ, ეს მამაა!”. ლექსო, რომელიც ამ ყველაფრის შთაბეჭდილების ქვეშ იმყოფებოდა, წამოხტა და ყვირილი დაიწყო: “მამა, მამა, რა მაგარია!”. მან ვერ დაინახა, როგორ უყურებდა ანა დედას, რომელიც ცრემლებს იწმენდდა.

სახლში რომ დაბრუნდნენ, გიორგი ბიჭს მიუახლოვდა და მაგრად ჩაეხუტა. მან უთხრა, რომ ოჯახი ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს და შესთავაზა, რომ მათი ოჯახის წევრი გამხდარიყო. ლექსომ თავი ასწია და გიორგის უთხრა: “მამა, მთელი ცხოვრება გელოდი!”

ერთი თვის შემდეგ, ლექსო ამაყი სახით ბავშვთა სახლიდან მამამისთან ერთად გამოდიოდა. მან კიდევ ერთხელ მიიხედა უკან და ხელი დაუქნია მათ, ვინც კარებთან იდგა. მამამ უთხრა, რომ ეს ადამიანები არ უნდა დაევიწყებინა, რადგან ისინი ოდესღაც დაეხმარნენ.

ახლა კი ლექსოს სულ სხვა ბედნიერი ცხოვრება დაეწყება. ბავშვთა სახლის ყველა აღსაზრდელი ახალ წელს სასწაულს ითხოვს. ლექსოს თოვლის ბაბუამ მას ეს აჩუქა.