სპეციალისტის პასუხი, რატომ არ ღირს სწრაფი მომზადების ბრინჯის ყიდვა

231

თანამედროვე ადამიანს იმდენი საქმე აქვს, რომ საჭმლის მოსამზადებლად სულ უფრო ნაკლები დრო რჩება. ბოლო ათწლეულში სწრაფი მომზადების პროდუქტების პოპულარობა გაიზარდა. ესაა სხვადასხვა ნახევრად მზა პროდუქტი, დაპაკეტებული ბრინჯი, წვნიანი და ლაფშა, რომელიც 1 წუთში შეგიძლიათ მოხარშოთ. მწარმოებლებს ესმით, რომ დღეს დრო ფასობს. სასარგებლოა ასეთი პროდუქტები? ალბათ, თითოეული ცალ–ცალკე უნდა განვიხილოთ. დღეს Paparazzi სწრაფი მომზადების ბრინჯის შესახებ გიამბობთ. სხვა მარცვლეულთან ერთად ასეთი ბრინჯი ბევრ დროს ზოგავს, მაგრამ რამდენად ღირს მისი ყიდვა?

სასარგებლოა თუ არა ბრინჯი სწრაფი მომზადების პაკეტში? – ამ პროდუქტს მთელი რიგი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, მომზადების სიჩქარე. გარდა ამისა, ბრინჯი მოსახერხებელ პორციულ პაკეტებშია შეფუთული: ერთი, ორი ან მეტი შეგიძლიათ მოხარშოთ. ეს თქვენი ოჯახის მადაზეა დამოკიდებული. კიდევ ერთი უპირატესობაა ის, რომ წყლის რაოდენობის ზუსტად გაზომვა საჭირო არაა. სწრაფი მომზადების ბრინჯი პაკეტით წყლით სავსე ქვაბში უნდა მოათავსოთ და მითითებული დროით მოხარშოთ. ასე ქვაბსაც მარტივად გაწმენდთ.

გარნირის მომზადების გამარტივებული მეთოდით აღფრთოვანების შემდეგ ჩნდება კითხვა: სასარგებლოა ეს პროდუქტი? სპეციალისტები გვპასუხობენ: არა. საქმე იმაშია, რომ ასეთი ბრინჯი წინასწარ დამუშავებულია. ამის გამო უჯრედისი, ვიტამინი და სასარგებლო მიკროელემენტები თითქმის აღარ აქვს. ასეთ ბრინჯს კვებითი ღირებულება არ აქვს. აღმოჩნდა, რომ არა მხოლოდ სასარგებლო არაა, არამედ ორგანიზმს აზიანებს. სწრაფი მომზადების ბრინჯს მაღალი გლიკემიური ინდექსი აქვს. გამოდის, რომ ასეთი ვახშმის შემდეგ ორგანიზმში შაქრის დონე მკვეთრად იწევს. არ დაგავიწყდეთ, რომ ბრინჯთან ერთად პოლიეთილენს ხარშავთ. ამის გამო მზა ფაფა მავნე ნივთიერებებს შეიძლება შეიცავდეს.

დასკვნა ერთია: სწრაფი მომზადების ბრინჯზე უარი თქვით, თუ შესაძლებელია. არ იზარმაცოთ, ცოტა მეტი დრო დახარჯეთ, რომ გემრიელი და სასარგებლო გარნირი მოამზადოთ. შეგახსენებთ, რომ თეთრი ბრინჯის ნაცვლად ყავისფერი დაუმუშავებელი ბრინჯის ყიდვა უკეთესია. ის უფრო უხეშია, ანუ ბევრად სასარგებლო. ასეთი პროდუქტი დიდხანს დაგანაყრებთ. გარდა ამისა, მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ყავისფერი ბრინჯი მსხვილი ნაწლავის და სხვა დაავადებების პრევენციას ხელს უწყობს.