გულწრფელი ისტორიები იმის შესახებ, რომ სასწაულები ნამდვილად ხდება

135

სასოწარკვეთილებაში არასოდეს არ უნდა ჩავარდეთ, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. მაგრამ კარგი და სასიხარულო – მაინც უფრო მეტია. ყველაფერში კარგის დანახვა უნდა შეგეძლოს. და ამ შემთხვევაში თქვენს ცხოვრებაში სასწაულები მოხდება. არ გჯერათ? მაშინ ეს ისტორიები წაიკითხეთ. მათი წაკითხვის შემდეგ საკუთარ აზრს აუცილებლად შეიცვლით.

თითოეულ ადამიანს სრულიად განსხვავებულად ესმის სიტყვა – ბედნიერება. ერთისთვის ბედნიერება ოჯახი და ჯანმრთელი შვილებია, მეორესთვის – მაგარი მანქანა. რა არის ბედნიერება თქვენთვის? ამაზე ოდესმე გიფიქრიათ?

ისტორია პირველი

მრავალი წელია ერთ ტელეკომპანიაში ვმუშაობ. ჩემი სამსახური ძალიან მომწონს. ერთხელ ჩვენს კომპანიაში კონკურსი ტარდებოდა: ახალი გადაცემისთვის წამყვანი უნდა შეგვერჩია. კანდიდატების რეზიუმეების წაკითხვა და შერჩევა მე დამევალა. ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმე იყო: საჭირო იყო შესაბამისი განათლების, ტექსტურის და სამუშაო გამოცდილების მქონე კანდიდატების შერჩევა. რეზიუმეებს ვეცნობოდი და კანდიდატებს ვხვდებოდი. ვინც შესაფერისი არ იყო, მათ უარის წერილებს ვუგზავნიდი. ერთ დღეს, გასაუბრებაზე ჩემი ოცნების ბიჭი მოვიდა, მაგრამ მისი რეზიუმე ამ ვაკანსიის შესაბამისი არ იყო. როგორც ჩანს, რაღაც შემეშლა. გაირკვა, რომ ბიჭს პედაგოგიური ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული და ბარმენად მუშაობდა. მას ერთი ოცნება ჰქონდა: ტელეწამყვანობაზე ოცნებობდა. მე მესმოდა, რომ შემეშალა, მაგრამ ამ ახალგაზრდასთან საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ ის ახალ შოუს შესანიშნავად წაიყვანდა. ამ ქვეყნად შემთხვევით არაფერი ხდება. ეს ახალგაზრდა ცოტა ხანში ჩემი ქმარი გახდა და ჩვენ მშვენიერი შვილი გვყავს. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ და საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილები ვართ.

ისტორია მეორე

ბავშვობიდან ზღვასთან ახლოს ცხოვრებაზე ვოცნებობდი, მაგრამ ამ ოცნებას ვერაფრით ვახორციელებდი. შემდეგ კი ერთ დღეს მივლინებაში გავემგზავრე და იმ ქალაქში გოგონას შევხვდი, რომელიც ჩემი ქმრის კლასელი იყო. ეს გოგონა ახლახან გათხოვდა და ერთ-ერთ ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობდა. მან თავისი ქალაქის შესახებ მიამბო და ფოტოები მაჩვენა. ეს ქალაქი უბრალოდ შემიყვარდა. მე მას ვუთხარი, რომ ასეთ ქალაქში ცხოვრებაზე ვოცნებობდი. მან კი უცებ მითხრა: ”გადმოდით ჩვენს ქალაქში! მე საცხოვრებლითაც და სამსახურითაც დაგეხმარებით. ძალიან ბევრი ნაცნობი მყავს”. მე დავთანხმდი. ორ თვეში მე და ჩემი მეუღლე უკვე ამ ზღვისპირა ქალაქში ვცხოვრობდით. ძალიან ბედნიერი ვარ: ჩემი ოცნება ახდა! ეს უბრალოდ ერთგვარი ბედნიერი შემთხვევაა.

ისტორია მესამე

მეგობარი დიდი ხნის მანძილზე არ მყავდა ნანახი და კაფეში შეხვედრაზე შევთანხმდით. მე უკვე გზაში ვიყავი, როდესაც მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ გადაუდებელი საქმე ჰქონდა და კაფეში ვერ მოვიდოდა. მან ბოდიში მომიხადა. მოკლედ, სახლში დაბრუნებისას, მეტროდან გამოვედი და ვნახე, რომ ძირს პასპორტი ეგდო. ავიღე, მისი პატრონი მოვძებნე და პასპორტი დავუბრუნე. მისი მფლობელი ძალიან ლამაზი გოგო აღმოჩნდა, რომელიც სამი თვის შემდეგ ჩემი ცოლი გახდა. შემთხვევა დამეხმარა, რომ ჩემი ბედნიერება მეპოვა.

ისტორია მეოთხე

ორსულობა უკვე მესამედ შემიწყდა. მე და ჩემი ქმარი ბავშვზე ძალიან ვოცნებობდით. მეოთხედ რომ დავორსულდი, ძალიან ფრთხილად ვიყავი: ძალიან მინდოდა, რომ დედა გავმხდარიყავი. მაგრამ ისევ უბედურება მოხდა: სისხლდენა დამეწყო. სასწრაფოს მანქანით საავადმყოფოში მივყავდი და მთელი გზა ვლოცულობდი: ღმერთს ვთხოვდი, რომ ეს ბავშვი არ წაერთვა. ღმერთმა ჩემი ლოცვა შეისმინა: ექიმებმა მოახერხეს ბავშვის გადარჩენა. ახლა მე და ჩემი ქმარი ბედნიერი მშობლები ვართ. მშვენიერი ბიჭი გვეზრდება.

ისტორია მეხუთე

სამსახურში მივიჩქაროდი, ძალიან მაგვიანდებოდა. იმ დღეს კატასტროფულად არ გამიმართლა: ფეხი ამისრიალდა და დავეცი, კოლგოტი დაიხა. სამსახურთან ახლოს კი მანქანამ გაიარა და გუბის ჭუჭყიანი წყალის წვეთები მომხვდა. იმ მომენტში, გვერდზე გადავხტი, ახალგაზრდა ბიჭს დავეჯახე და კინაღამ წავაქციე, მაგრამ მან თავი შეიკავა. მან უსიტყვოდ შემომხედა და წავიდა. საღამოს, ის ბიჭი ჩემს ოფისთან ყვავილების თაიგულით იდგა. მან მითხრა, რომ მაშინვე ძალიან მოვეწონე. რით?! ტალახით გათხუპნული ტანსაცმლით და დახეული კოლგოტებით! დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია. ახლა ჩვენ დაქორწინებულები ვართ.

ისტორია მეექვსე

სახლში დაბრუნება არ მინდოდა. იქ შვილები და ქმარი მელოდნენ. მე და ჩემი მეუღლე ცუდად ვცხოვრობდით: ის ხშირად სვამდა, მცემდა, ცოტა ხნის წინ კი ჩემს უფროს შვილს მუშტებით დაესხა თავს. ავტობუსიდან რაღაცნაირად ცუდად ჩამოვედი: წავბორძიკდი, მაგრამ თავი შევიკავე. ჩანთა დამივარდა და შიგნიდან ყველაფერი გადმოცვივდა. ჩამოვჯექი, ჩემი ნივთების შეგროვება დავიწყე და ვტიროდი. უცებ ახალგაზრდა მამაკაცი მომიახლოვდა, დახმარება დაიწყო და მკითხა: „ასეთი უმნიშვნელო რამის გამო, რატომ ტირით? ეს მხოლოდ უმნიშვნელო უსიამოვნებაა!” თავი ვერ შევიკავე და კიდევ უფრო ძლიერ ავტირდი. ჩემს ცხოვრებაზე ყველაფერი მოვუყევი: ქმარზე, რომელიც არ მიყვარდა და ვისთან ერთადაც ბავშვების გამო ვცხოვრობდი, იმაზე, თუ როგორ გვექცევა ის მე და ჩვენს შვილებს. ჩვენ ერთმანეთს ტელეფონის ნომრები დავუტოვეთ და დავშორდით. ამის შემდეგ ჩვენ ერთმანეთს ვხვდებოდით და ერთმანეთი შეგვიყვარდა. ქმარს დავშორდი და ცოლად ილიას გავყევი. ის ძალიან კარგად მექცევა მე და ჩემს შვილებსაც. ჩემს ყოფილ ცხოვრებას ერთგვარი კოშმარივით ვიხსენებ.

ისტორია მეშვიდე

დისერტაციის წერისას ისე დავიღალე, რომ ძალიან გაფანტული გავხდი. ალბათ სწორედ ამიტომ დავკარგე მეხსიერების ბარათი, უკვე დასრულებული დისერტაციით. გაოგნებული ვიყავი! რა უნდა ვქნა? უკვე დრო იყო, რომ ჩემი ნამუშევარი შესამოწმებლად მიმეტანა. მეორე საღამოს ვიღაც ბიჭმა ჩემი ნამუშევარი მეილზე გამომიგზავნა. მან მომწერა, რომ ჩემი მეხსიერების ბარათი იპოვა და მაშინვე მიხვდა ყველაფერს. უბრალოდ არ ვიცოდი, როგორ გადამეხადა მადლობა. ამ ბიჭმა უბრალოდ გადამარჩინა. მან კი უბრალოდ მიპასუხა, რომ გასულ წელს თავადაც დაიცვა დიპლომი და ამიტომ მშვენივრად ესმოდა ჩემი პრობლემის მასშტაბები. კარგია, რომ მეხსიერების ბარათზე ფაილი იყო ჩემი მეილით და ის ამ შესანიშნავმა ბიჭმა იპოვა.

ისტორია მერვე

ეს ისტორია არასოდეს დამავიწყდება. მაღაზიაში ჩემს ქალიშვილთან ერთად რიგში ვიდექი. უცებ მაღაზიაში ახალგაზრდა მამაკაცი შემოვიდა და მე ჩვენ დაგვინახა. რაღაცნაირად ყურადღებით შემოგვხედა, შემდეგ კი გაგვიღიმა. უზარმაზარი შოკოლადის ფილა იყიდა და ჩემს გოგონას აჩუქა. ამის შემდეგ ის მაღაზიიდან გავიდა, თავისთვის არაფერი უყიდია. მე გაოცებული დავრჩი, ჩემს შვილს კი ძალიან გაუხარდა!

ისტორია მეცხრე

ყოველთვის ვოცნებობდი ისრაელში ცხოვრებაზე. რატომღაც ძალიან არაკომფორტული იყო ჩემთვის იმ ქვეყანაში ცხოვრება, რომელშიც ვცხოვრობდი. ებრაული სისხლი მირევია, მაგრამ ამის დამადასტურებელი არანაირი საბუთი არ მაქვს. მე უკვე დავკარგე ყოველგვარი იმედი იმისა, რომ ოდესმე ისრაელში წავიდოდი. შემდეგ კი ბედმა ჩემს მეუღლეს შემახვედრა, ის ებრაელი აღმოჩნდა. ოთხი წლის შემდეგ ჩემი ოცნება ახდა: მე და ჩემი მეუღლე საცხოვრებლად ისრაელში წავედით.

ისტორია მეათე

ეს ისტორია ერთი მამაკაცისგან მოვისმინე, როდესაც მატარებლით ვმგზავრობდი. ის ყვებოდა, რომ ომის დროს შვიდი წლის ასაკში სარდაფში გოგონა იპოვა, რომელიც მხოლოდ სამი წლის იყო. მისი მშობლები დაბომბვის დროს დაიღუპნენ, ის კი სარდაფში დაიმალა. მრავალი წლის შემდეგ ბიჭმა ის გოგო იპოვა და ცოლად მოიყვანა. ორივე მთელი ცხოვრება მასწავლებლად მუშაობდა: ის ფიზიკის მასწავლებელი იყო, მისი მეუღლე კი – ბიოლოგიის.

ისტორია მეთერთმეტე

მე მჯერა, რომ უამრავი სასწაული ხდება, რადგან მსოფლიოში ძალიან ბევრი კეთილი ადამიანია. იცით, რატომ მჯერა ამის? იმიტომ რომ ნამდვილი სასწაული გადამხდა თავს და ახლა ამის შესახებ მოგიყვებით. ბინის საყიდლად დიდი სესხი ავიღე: ნაქირავებ ბინებში ცხოვრებისგან ძალიან დავიღალე. თავიდან ყველაფერი კარგად იყო: ხელფასი კარგი მქონდა და ყოველთვიურ გადასახადს მშვენივრად ვიხდიდი. შემდეგ კი გაუთვალისწინებელი რამ მოხდა: კრიზისი დაიწყო და კომპანია, რომელშიც ვმუშაობდი, გაკოტრდა. მოკლედ, სამსახურის გარეშე დავრჩი და სესხის გადასახდელი ფული არ მქონდა. ახალ სამსახურს ვერ ვპოულობდი. ბანკიდან მირეკავდნენ და ფულის გადახდას მთხოვდნენ. სიდან უნდა მომეტანა? მოკლედ, ძალიან რთული პერიოდი მქონდა. ბოლოს, როგორც იქნა მუშაობა დავიწყე. ხელფასს ვიღებდი, მაგრამ ვალის გასტუმრება ერთბაშად ვერ შევძელი და ბანკიდან ისევ მირეკავდნენ. ერთხელ სამსახურში ძალიან დაღონებული მივედი: ბანკი ბინის წართმევით დამემუქრა. ჩემმა ახალმა უფროსმა დამინახა და მკითხა, რა დამემართა. ავტირდი და ყველაფერი ვუამბე. მეორე დღეს ჩემმა უფროსმა წარმოუდგენელი რამ ჩაიდინა: მთლიანი თანხა მომცა სესხის დასაფარად. ეს უბრალოდ წარმოუდგენელი ბედნიერება იყო. მე კი მას ვალი შვიდ თვეში დავუბრუნე. რა კარგია, რომ ჩვენი სამყარო კეთილი ადამიანების გარეშე არ არის!

ისტორია მეთორმეტე

ცოტა ხნის წინ პაპაჩემი სახლში ძალიან გახარებული დაბრუნდა და დამიწყო მოყოლა, რომ სტუმრად ყოფნის დროს ტელევიზორს სასწაული სათვალეებით უყურა. ის აღფრთოვანებული იყო: მას ეჩვენებოდა, რომ ჯუნგლებში ბანდიტების გაურბოდა და ცდილობდა გადაეცურა მდინარე, რომელშიც ნიანგები დაცურავდნენ. პაპაჩემი ზოგადად ძალიან თავშეკავებული და მშვიდი ადამიანია. იმ დღეს კი ორი საათის განმავლობაში ვერ მშვიდდებოდა: ამ მშვენიერმა სათვალეებმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. პაპაჩემი მთელი საღამო დადიოდა და იღიმებოდა.

ისტორია მეცამეტე

გაზაფხულია. მერვე კლასს ვამთავრებ. კიბეებზე ჩავდივარ და სკოლის ზღურბლზე დედაჩემს ვხედავ. ვიცვამ, გამოვდივარ, დედაჩემს ხელს ვკიდებ და მასთან ერთად სახლში მივდივარ. ჩვენ მივდივართ და ყველაფერზე ვსაუბრობთ. და ასე ყოველდღე. ჩემთვის სულერთია, რომ ჩემი კლასელები მე დამცინიან: ისინი ამბობენ, რომ ჩვენ უკვე დიდები ვართ, შენ კი სკოლიდან დედას მიჰყავხარ.

მე კი ეს თავს დედამიწაზე ყველაზე ბედნიერ ადამიანად მაგრძნობინებს. რატომ? იმიტომ, რომ ჩემს გვერდით ჩემი ყველაზე ძვირფასი ადამიანია.

დედამ 37 წლის ასაკში გამაჩინა და მარტო მზრდიდა. ორმოცდახუთი წლის ასაკში ექიმებმა უთხრეს, რომ მას მომაკვდინებელი დაავადება ჰქონდა და მხოლოდ ოთხი თვის სიცოცხლე დარჩენოდა. ექიმებმა დედაჩემს ურჩიეს დაფიქრებულიყო, ვის დაუტოვებდა ჩემს თავს აღსაზრდელად? მე ძალიან მეშინოდა, რომ დედა გარდაიცვლებოდა, მაგრამ ექვსი თვე გავიდა და დედაჩემი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. გავიდა ერთი წელი და დედა ისევ ჩემთან იყო. ექიმების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა: რატომ არ კვდება? მოკლედ, სასწაული მოხდა – დედაჩემი ცხოვრობდა. ექიმებმა მას მეორე ჯგუფის ინვალიდობის სტატუსი მიანიჭეს და დამშვიდდნენ. მე კი ვცხოვრობ და ყოველდღე მიხარია, რომ დედაჩემი ცოცხალია და ჩემს გვერდით არის, რომ ყოველდღე შემიძლია შევეხო მას და მისი ღიმილი დავინახო. ეს ძალიან მშვენიერია. მე დედას ვუფრთხილდები და ძალიან მიყვარს.

გჯეროდეს სასწაულის და ის მოხდება!