ნატალი წლების განმავლობაში იყო ქორწინებაში, რომელიც მასზე დამანგრეველ გავლენას ახდენდა. ელოდა, როდის ჩააბარებდა ქალიშვილი უნივერსიტეტში, რომ ქმარს ერთხელ და სამუდამოდ დაშორებოდა. ბედნიერად ცხოვრება მხოლოდ 40 წლისას, განქორწინების შემდეგ დაიწყო. აღმოჩნდა, რომ მარტო ცხოვრებით ქალმა ფულის კარგად დაზოგვა შეძლო. როგორ შეიძლება ეს, Paparazzi–ის სტატიაში ნახეთ.
„მე და ჩემი ქმარი დავქორწინდით, როცა დავორსულდი. მომავალზე ფიქრის დრო არ იყო. როცა ნაჩქარევად ქორწინდები, გეგმები იცვლება და აქ და ახლა ცხოვრებას იწყებ. პირველი რამდენიმე წელი ქორწინების გაანალიზების დრო არ მქონდა. ქალიშვილი მთელ დროს და ენერგიას მართმევდა. როცა სკოლაში წავიდა, დავფიქრდი, თუ მიყვარს ჩემი ქმარი. განქორწინებას არ ვგეგმავდი. ცუდად თუ კარგად ვცხოვრობდით, ამაზეც მადლობა, მაგრამ რაც უფრო გადიოდა დრო, მით მეტად ვრწმუნდებოდი, რომ უნდა დავშორებოდით.
გადავწყვიტე, მომეცადა, სანამ ჩემი ქალიშვილი უნივერსიტეტში ჩააბარებდა. დარწმუნებული არ ვიყავი, რომ განქორწინების შემდეგ ანას სწავლის საფასურს გადაიხდიდა. რაღაც გარანტია მჭირდებოდა. ქმარს ყოველთვის კარგი შემოსავალი ჰქონდა, ამიტომ გადახდა ადვილად შეეძლო.
ახლა 40 წლის ვარ. ქალიშვილი მეორე კურსზე, მე განქორწინებული. ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. როგორც იქნა, ჩემი სიამოვნებისთვის ვცხოვრობ. რაც ყველაზე საინტერესოა, ახლა რაღაც ჯადოსნური გზით მეტი ფულის დაზოგვას ვახერხებ. გიამბობთ, როგორ.
პირველ რიგში, კომუნალური ხარჯები შემცირდა. უბრალო ადამიანი ვარ და აბაზანაში დიდხანს არ ვნებივრობ. შხაპს 5-10 წუთში ვიღებ. ჩემს ქმარს წყალში ჩაწოლა უყვარდა, კონტრასტული შხაპის ქვეშ 15 წუთი დგებოდა. წარმოიდგინეთ, რამდენი წყალი იხარჯებოდა. კოსმოსური ფასებია. ქმარი მცივანა იყო. ბინაში გათბობა მაისამდე არ ითიშებოდა. არ ვხუმრობ! კომუნალური გადასახადი ყოველთვის დიდ რიცხვებს აჩვენებდა. ერთად ვიხდიდით, მაგრამ ხშირად დიდ ნაწილს მე ვდებდი. ქმარი გადახდას მპირდებოდა, მაგრამ სულ ავიწყდებოდა. რაც შეეხება პროდუქტებს. ქმარი ბევრს და ხშირად ჭამდა. თითქმის ყოველდღე ხორცი, შაბათ–კვირას ზღვის თევზი. საყიდლებზე მე დავდიოდი და ფული, ძირითადად, ჩემი ჯიბიდან იხარჯებოდა. თავად უფრო ნაკლებს ვჭამ, მაგრამ იგივეს. ფული აღარ მრჩებოდა, რომ ჩემთვის ცალკე რამე მეყიდა.
ქორწინებაში ბევრი მოვიმატე. სამაგიეროდ, ახლა თავისით დავიკელი. უბრალო საკვებით ვიკვებები. ფაფა, ბოსტნეული, პარკოსანი. ხორცს იშვიათად ვჭამ. თავს უკეთ ვგრძნობ. რაღაც სიმსუბუქე გაჩნდა. საკუთარ თავზე ნაკლებს ვხარჯავ. მამაკაცები არ მაინტერესებს, არავისთვის ვიპრანჭები. ჩემი თავი კოსმეტიკის გარეშეც მომწონს. ახალ ტანსაცმელს იშვიათად ვყიდულობ. ასე ეკონომიას ვახერხებ. წელიწადში რამდენჯერმე ქმრის ნათესავებზე ფულის დახარჯვა აღარ მიწევს. მხოლოდ ტელეფონით ვულოცავ, თუ არ დამავიწყდა.
ფულს ჩემს ჰობზე ვხარჯავ. იოგაზე დავდივარ, რაზეც წლები ვოცნებობდი. კატა მყავს, ამქვეყნად საუკეთესო თანამცხოვრებია. მისთვის არაფერი მენანება. ხარისხიან საკვებს, სათამაშოებს ვყიდულობ. ამ შემთხვევაშიც ნაკლებს ვხარჯავ, ვიდრე ქორწინებაში. რაღაც ჯადოქრობაა. ექიმებთან იშვიათად დავდივარ. სტრესი ნაკლებად მაწუხებს. მეგობრები გაოცებულნი არიან, როგორ ვუმკლავდები საოჯახო საქმეებს ქმრის გარეშე. შესანიშნავად! როცა რაღაც ზიანდება, ხელოსანს ვიძახებ და არ მიწევს რამდენიმე დღე ვეხვეწო ქმარს. მოკლედ, ქორწინებას ღიმილით ვიხსენებ. ადრე უნდა გავშორებოდი. ჩემმა ქალიშვილმა დაფინანსება აიღო და ამიტომ მამის ფული არ დასჭირდა“.
ნატალი გვიჩვენებს, როგორ შეიძლება შეიცვალოს ცხოვრება განქორწინების შემდეგ. მისი გამოცდილება ბევრისთვის მაგალითი შეიძლება გახდეს. ქალებს სხვადასხვა ცრურწმენის გამო განქორწინება აშინებთ. შვილების და სხვა რამის გამო ქორწინების გადარჩენას ცდილობენ. ერთად ცხოვრებას ეჩვევიან, თუნდაც ასეთი ცხოვრება სიხარულს აღარ ანიჭებდეთ. ყველას მოგიწოდებთ: ცხოვრებისგან სიამოვნება უნდა მიიღოთ!