შეიძლება თუ არა პასქის საქორწილო ტორტივით გაფორმება. გამოცდილი რეცეპტი

0
26

ყველა ქრისტიანისთვის უდიდესი დღესასწაული, ბრწყინვალე აღდგომა ახლოვდება. ამ დღისთვის სერიოზულად ემზადებიან. ყველა ოჯახში კვერცხი წითლად იღებება და სააღდგომო პასქა ცხვება. ამბობენ, რომ სახლში პასქის გამოცხობა კეთილი ნიშანია და ოჯახს მთელი წლის განმავლობაში იცავს. Paparazzi სააღდგომო პასქის შინ გამოცხობას გთავაზობთ. გამოცდილ და მარტივ რეცეპტს გიზიარებთ.

შინ გამომცხვარი პასქა – ყველა დიასახლისი პასქას თავისი საიდუმლო რეცეპტით ამზადებს. საკუთარ ხრიკებს მიმართავს და სასურველად აფორმებს. ზოგიერთ ოჯახში პასქის მომზადების რეცეპტი ლეგენდებთან და ისტორიებთან ერთად თაობიდან თაობას გადაეცემა. იმის მიუხედავად, რომ პასქა ბიბლიური პური არაა, სააღდგომო სუფრის მთავარ კერძად ითვლება. ყველა დიასახლისი ცდილობს, რომ პასქა გემოვნებით გააფორმოს და ამისთვის ახალ მეთოდებს იგონებს. ეკლესია ასეთ ფერად გაფორმებას არ კრძალავს. მთავარია, რომ თემატური და კეთილი იყოს. მოხარშული ცომით პასქა არომატული გამოდის, დიდხანს არ ხმება და დიდიან პატარიანად ყველას მოსწონს.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ხორბლის ფქვილი
  • 0,5 ლ რძე
  • 15-20 გ მშრალი საფუარი
  • 7-8 კვერცხის გული
  • 80 გ არაჟანი
  • 100 გ კარაქი
  • 50 მლ მცენარეული ზეთი
  • 250 გ შაქარი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 200-250 გ ქიშმიში
  • 10-20 გ ვანილი
  • 1 ლიმონი

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, ცომის ხაში მოამზადეთ. საერთო მასიდან ცოტა რძე აიღეთ და შეათბეთ. 2 ს/კ შაქარი, საფუარი და მარილი დაუმატეთ. კარგად აურიეთ, პარკი დააფარეთ და 15-20 წუთით თბილ ადგილას გააჩერეთ.
  2. ქიშმიშს ცხელი წყალი დაასხით და 10 წუთით გააჩერეთ. საწურზე გადაწურეთ და ქაღალდის პირსახოცით გაამშრალეთ, რომ ქიშმიში მშრალი იყოს.
  3. დროა ცომი მოამზადოთ. ცომის ხაშს დარჩენილი რძე, შაქარი, ვანილი და კვერცხის გულები დაუმატეთ და კარგად აურიეთ. თანდათან ფქვილი დაუმატეთ. 10 წუთით მოზილეთ. ხელზე აღარ უნდა გეკვროდეთ. პირსახოცი დააფარეთ და 1 საათით თბილ ადგილას დაასვენეთ, რომ ამოვიდეს.
  4. როცა ცომი მოცულობაში გაიზრდება, არაჟანი, ზეთი, ოთახის ტემპერატურის კარაქი დაუმატეთ და აურიეთ. ბოლოს ქიშმიში და ლიმონის ცედრა დაუმატეთ და აურიეთ.
  5. ცომს პირსახოცი დააფარეთ და 1 საათით ამოსასვლელად გააჩერეთ. ამოსული ცომი რამდენიმე ნაწილად გაყავით. დაახლოებით 3 დიდი და 4 საშუალო პასქა გამოვა. ფორმებში გადაიტანეთ და 40 წუთით გააჩერეთ.
  6. ამ დროში ღუმელი 180 გრადუსამდე გააცხელეთ. პასქები 30 წუთით აცხვეთ. ცხობისას ღუმელის კარი არ გააღოთ. შემდეგ 160 გრადუსზე 10 წუთით აცხვეთ. ხის ჩხირით შეამოწმეთ, გამოცხვა თუ არა. მზა პასქა თქვენი გემოვნებით გააფორმეთ.

პასქები შეგიძლიათ გააფორმოთ კლასიკური ჭიქურით, ცომის ნაჭრებით, ჟელატინის ნარევით, საკონდიტრო მოსაყრელით, ცუკატებით, შოკოლადით. ფართო არჩევანი გაქვთ.