მცენარეები – სახლში სიმყუდროვის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზაა. ეს არის ყველაზე პოპულარული ტიპის დეკორი, რომელსაც ყველა დიზაინერი გირჩევთ. ოთახის მცენარეები ასევე შესანიშნავია ჰაერის გასაწმენდად. და მერწმუნეთ, მათ შორის არის სრულიად უპრეტენზიო მცენარეები ბინისთვის, რომელთაც განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება.
თანამედროვე დაკავებული დიასახლისებისთვის ეს მცენარეები ნამდვილი აღმოჩენაა. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში უპრეტენზიო მცენარეების საუკეთესო ვარიანტებს გთავაზობთ.
უპრეტენზიო ოთახის მცენარეები
ზოგიერთი მცენარე განსაკუთრებულ ზრუნვასა და მოვლას მოითხოვს – იმაზე არანაკლებს, ვიდრე შინაური ცხოველები. თუ თქვენი ბინის ან სახლის მწვანე ლამაზმანებით გაკეთილშობილებას აპირებთ, გირჩევთ დაიწყოთ ყველაზე უპრეტენზიო მცენარეებით, რომელთა მოვლა ძალიან მარტივია. დღეს გაგიზიარებთ ყველაზე ლამაზ სახეობებს, რომლებიც სახლში მაქვს და რომელთაც განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდებათ.
ქლოროფიტუმი
ეს მცენარე წარმოშობით სამხრეთ აფრიკიდანაა, მაგრამ ის ჩვენს განედებშიც კარგად იზრდება. თხელი, ვიწრო ჩამოკიდებული ფოთლების ლამაზი ბუჩქი უშვებს “შვილებს”, იგივე ახალ ღეროებს. სურვილის შემთხვევაში მათი გადარგვა შესაძლებელია ცალკე ქოთნებში. მაგრამ ჩემი ქლოროფიტუმი კედელზეა დაკიდებული და ლამაზ დიდ ბუჩქს ქმნის.
როგორ მოვუაროთ?
თუ ქოთანი სამხრეთ მხარესაა მოთავსებული, მაშინ აუცილებლად მორწყეთ რეგულარულად, რათა მიწა არ გამოშრეს. ქლოროფიტუმი კარგად იტანს ბნელ ოთახებს, მაგრამ უნდა დააკვირდეთ, რომ მიწა ძალიან გაჟღენთილი არ იყოს.
კრასულა
ხალხში – “ფულის ხე”. ითვლება, რომ თუ ამ მცენარეს კარგად მოუვლით, სახლში ფინანსურ კეთილდღეობას მოიზიდავთ. ეს ბუჩქი, რომელსაც პატარა ოვალური ხორციანი მკვრივი ფოთლები აქვს – მშრალი ადგილების ბინადარია. ჩემი კრასულა ფანჯრის რაფაზე დგას და მზის პირდაპირ სხივებს მშვენივრად იტანს.
როგორ მოვუაროთ?
მთავარია ამ ოთახის მცენარეს ზედმეტი წყალი არ დაასხათ. ის კარგად იტანს გვალვას და ტენიანობის დიდ ნაწილს ფოთლებში ინახავს. მაშინაც კი, თუ ქოთანში მიწა მშრალია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კრასულას ტენიანობა აკლია.
ალოე
სახლში ალოეც მაქვს. ის ფუმფულა ფოთლებით ან ყვავილებით არ გამოირჩევა, მაგრამ შეიძლება კარგად მოერგოს სახლის მცენარეების მწვანე კომპოზიციას. მის ფოთლებს ზოგჯერ სამკურნალო მიზნებისთვის ვიყენებ. ალოეს წვენი შესანიშნავი საშუალებაა დამწვრობისა და ნაკაწრების დროს.
როგორ მოვუაროთ?
ალოე შესანიშნავად იტანს როგორც ბევრ, ისე ცოტა წყალს. უმჯობესია იგი მზიან ადგილას განათავსოთ. ასევე აუცილებელია მისი დროულად მოჭრა და კუპირება, რადგან ალოეს ძალიან დიდი ეკლიანი ფოთლები არაესთეტიკურად გამოიყურება.
სანსევიერია
სანსევიერას სხვაგვარად “სიდედრის ენასაც“ უწოდებენ. ბუჩქს ეზრდება მკვრივი ფოთლები, რომლებიც ლამაზი ლაქებით არის დაფარული. ეს უპრეტენზიო მცენარეც უდაბნო ადგილებიდან არის. ჩემთან ის იმდენად სწრაფად იზრდება, რომ უბრალოდ ძლივს ვასწრებ სხვა ქოთნებში გადარგვას და ნაცნობებისთვის დარიგებას.
როგორ მოვუაროთ?
რაც უფრო დიდია ბუჩქი, მით მეტი ტენიანობა სჭირდება. ამიტომ, დროულად მორწყეთ სანსევიერია. თუ ბუჩქი ძალიან გაიზარდა, უმჯობესი იქნება თუ მას რამდენიმეში ქოთანში გადაიტანთ ან ერთ დიდ ქოთანში გადარგავთ.
ტრადესკანცია
ოთახის ამ მცენარეს ინგლისელი მკვლევარის ჯონ ტრედესკანტის სახელი ეწოდა. თავად ტრადესკანციის სამშობლო ამერიკაა და მას მრავალი სახეობა აქვს. მე მაქვს ბუჩქი ლამაზი ოვალური მწვანე ფოთლებით და თეთრი ზოლებით. მე მას რეგულარულად ვჭრი, მაგრამ თუ დავტოვებ, ღეროები ლიანასავით დაბლა ჩამოვა.
როგორ მოვუაროთ?
თუ გინდათ, რომ ლიანები ლამაზად ჩამოკიდოს, ტრადესკანცია აუცილებლად ღრმა ქოთანში გადარგეთ. არ დაგავიწყდეთ ხშირად მორწყვა – ამ მცენარეს ტროპიკული, ნოტიო კლიმატი უყვარს.
როგორც ხედავთ, შეგიძლიათ მოძებნოთ მშვენიერი მცენარეები, მაშინაც კი, თუ დრო არ გაქვთ მათ მოსავლელად. მთავარია – ცოტაოდენი ცოდნა, მინიმალური მოვლა და თქვენი ბინა განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშეც გამწვანებული იქნება.