ასაკოვანი ადამიანები ისე ხშირად იხსენებენ საბჭოთა ნაყინს, რომ ეს გამაგრილებელი ტკბილეული თითქმის მემად გადაიქცა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ 300-მილიონიან უზარმაზარ ქვეყანაში ამაზე უკეთესი არაფერი ყოფილა.
პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ განთქმულ ნაყინზე ვისაუბრებთ. იქნებ ჩვენ ვცდებით და ნაყინი ნამდვილად ასეთი უნიკალური იყო? შეუძლებელია, ამდენმა ადამიანმა უმიზეზოდ უარყოს ამდენი თანამედროვე ტკბილეული საბჭოთა ნაყინის სასარგებლოდ. თუ შესაძლებელია?
საბჭოთა ნაყინი
სსრკ-ში ნაყინი მართლაც პოპულარული იყო, ის იყიდებოდა როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარშიც კი. ბევრს ჯერ კიდევ სჯერა, რომ ნაყინი ზაფხულის სიცხეში აგრილებს, თუმცა ეს ასე არ არის. სინამდვილეში მხოლოდ პირის ღრუში არსებული გემოვნების რეცეპტორები გრილდება. თავად დელიკატესი საკმაოდ კალორიულია და მისი მირთმევა სხეულს უფრო ათბობს, ვიდრე აცივებს.
განსაკუთრებით პოპულარული იყო ნაყინი მართკუთხა შეფუთვაში (მსგავსი შეფუთვით მარგარინი იყიდებოდა). თავად ნაყინი ორ ვაფლს შორის იყო მოთავსებული. ფრთხილად ხსენით ასეთ შეფუთვას, ორივე მხრიდან თითებით იჭერთ და მიირთმევთ, შეფუთვის ნელ-ნელა გახსნით.
ნაყინს ქუჩაშიც ყიდიდნენ და სპეციალურ დაწესებულებებშიც, მაგალითად, როგორიცაა კაფე-სანაყინეები, სადაც ნაყინს ლარნაკებში ბურთების სახით მიართმევდნენ. ხშირად სწორედ იქ უნიშნავდნენ ბიჭები გოგოებს შეხვედრას, რაც კარგ ტონად ითვლებოდა.
იქნებ, ეს გემრიელი დესერტი რაიმე საიდუმლო ინგრედიენტებს შეიცავდა? არა მგონია, რადგან აქ არის მხოლოდ კვერცხის გული, ნაღები, რძე, შაქარი და ცოტა ვანილი (ან ვანილის შაქარი). მაგრამ თუ ასეთი ნაყინი კონკურენციას უწევს კარამელს, ჩვეულებრივ შაქარს, ჰალვას, ზეფირს, შინაურულ მურაბას ან თაფლს, მაშინ მას ნამდვილად აქვს მომხმარებლის კეთილგანწყობის მოპოვების შანსი.
ამიტომაც გამოუცდელი საბჭოთა მოქალაქეები (განსაკუთრებით ბავშვები) ნაყინს დიდი სიამოვნებით მიირთმევდნენ. მაგრამ თუ გსურთ იგრძნოთ “ის განუმეორებელი გემო”, მაშინ მოამზადეთ ნაყინი რეცეპტის მიხედვით, რომელიც ათწლეულების განმავლობაშია გამოცდილი.
როგორ მოვამზადოთ ნაყინი
ინგრედიენტები
- 500 მლ ნაღები (33 პროცენტიანი);
- 150გ შაქრის პუდრა;
- 4 კვერცხის გული;
- 200 მლ ცხიმიანი რძე;
- ცოტა ვანილის შაქარი;
- ქიშმიში სურვილისამებრ.
მომზადების წესი
1. პირველ რიგში, ქვაბში ჩაასხით წყალი და შედგით გაზქურაზე, რომ გაცხელდეს. ცალკე ჭურჭელში ჩაყარეთ შაქრის პუდრა, ვანილის შაქარი და კვერცხის გული. ეს ყველაფერი ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
2. ჭურჭელში, რომელშიც კვერცხის გულებია, ჩაასხით ცხიმიანი რძე, შეურიეთ და გააჩერეთ ორთქლის აბაზანაზე 10 წუთის განმავლობაში. მუდმივად ურიეთ, რომ კვერცხი არ შეიკრას (ამ შემთხვევაში ფანტელები წარმოიქმნება და ნაყინი არ გამოვა). შესქელებულ კრემს აცადეთ, რომ კიდევ უფრო შეიკრას.
3. ღრმა სუფთა თასში ჩაასხით ნაღები და თქვიფეთ მიქსერით სტაბილური მასის მიღებამდე. შემდეგ ათქვეფილ ნაღებს გაციებული კრემი შეურიეთ და თქვიფეთ მიქსერით დაბალ სიჩქარეზე.
4. ახლა მოამზადეთ შესაფერისი კონტეინერები და ნაყინით შეავსეთ. შეგიძლიათ დაამატოთ გარეცხილი და გამშრალი ქიშმიში. ნაყინის კონტეინერები საყინულეში მოათავსეთ. თუმცა, არ დაგავიწყდეთ, რომ ისინი ყოველ ერთ საათში უნდა ამოიღოთ და იმავე მიქსერით ისევ ურიოთ. ეს პროცედურა აუცილებელია იმისათვის, რომ ნაყინში ზედმეტი ყინული არ იყოს. მორევა მოგიწევთ 2 – 3 ჯერ.
ნამდვილი საბჭოთა ნაყინი მზადაა, შეგიძლიათ დაიწყოთ დეგუსტაცია. ასეთი უბრალო და ნატურალური სახლში მომზადებული ნაყინი აუცილებლად მოეწონებათ ასაკოვან ტკბილეულის მოყვარულებს. თუმცა, ალბათ ბავშვებსაც გაუხარდებათ იმის გაგება, თუ როგორი ნაყინით ინებივრებდნენ თავს თავიანთი მშობლები და ბებია-ბაბუები. გემრიელად მიირთვით!