ახალგაზრდებს არ მოსწონთ, ჩვენ კი ნოსტალგიით ვიხსენებთ საბჭოთა ოჯახურ ტრადიციებს

0
2189

თანამედროვე ახალგაზრდობა თანდათან ივიწყებს ძველ ტრადიციებს, რომლებსაც სსრკ-ში იცავდნენ. და მართლაც, გარკვეული წეს-ჩვეულებები ნამდვილად დასავიწყებელია, მაგრამ იყო ისეთებიც, რომელთა დავიწყება არ ღირს.

ძველი ტრადიციები

საბჭოთა კავშირში ოფიციალური ქორწინება – რომანტიკული ურთიერთობის ლოგიკური დასასრული იყო. ბიჭი და გოგონა დიდხანს არ ხვდებოდნენ ერთმანეთს და მაშინვე აწერდნენ ხელს, ერთად ცხოვრების დასაწყებად. ახალგაზრდებს ეშინოდათ, რომ მათი საქციელი ვინმეს არ გაეკიცხა. ისინი ერთმანეთს კარგად მაშინ ეცნობოდნენ, როდესაც უკვე კანონიერი ცოლ-ქმარი იყვნენ.

დაოჯახებულ ადამიანებს საზოგადოებაში უფრო სერიოზულად ეპყრობოდნენ, რაც ხელს უწობდა კარიერულ წინსვლას. მაშინ სამოქალაქო ქორწინების ცნება არ არსებობდა. ახლა კი ახალგაზრდები წლების განმავლობაში ცხოვრობენ ერთ ჭერქვეშ, ჰყავთ შვილები, მაგრამ არ ჩქარობენ ხელის მოწერას.

ახალგაზრდა წყვილებმა, როგორც წესი, ქორწინებამდე ცოტა რამ იცოდნენ ინტიმური ურთიერთობის შესახებ და იშვიათად ჰქონდათ ახლო ურთიერთობა ქორწინებამდე. სამაგიეროდ, ახლა, ადამიანები ნაადრევად იძენენ ასეთ გამოცდილებას, რამაც მოგვიანებით შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მათ ჯანმრთელობაზე.

ახალგაზრდა თაობის აღზრდას უფრო მკაცრად ეპყრობოდნენ და ზოგჯერ ბავშვებს ფიზიკურად სჯიდნენ, რაც თანამედროვე საზოგადოებაში მიუღებელია. სსრკ-ში ცოტა ვინმე თუ ითვალისწინებდა ბავშვის აზრს, რადგან მის ნაცვლად ყველაფერს უფროსები წყვეტდნენ.

ნებისმიერი გადაცდომისთვის, მოსწავლეს მთელი სკოლის წინაშე ეუბნებოდნენ საყვედურს, ასეთი აღმზრდელობითი მომენტის გაუთვალისწინებელ შედეგებზე დაფიქრების გარეშე. დღეს მშობლები ცდილობენ ბავშვებს თანატოლივით ესაუბრონ, ინტერესდებიან მათი სურვილებით და ცდილობენ სამყაროს ბავშვების თვალით შეხედონ. თუმცა ხანდახან ელემენტარული პატივისცემა ავიწყდებათ.

კულტურა სსრკ-ში

უფროსების ავტორიტეტი და მოხუცების პატივისცემა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად დაზარალდა. ეს მიუთითებს საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე, არა მხოლოდ ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით, არამედ მოქალაქეთა ურთიერთობაშიც.

საბჭოთა პერიოდში ბავშვებს უფროსების პატივისცემას ასწავლიდნენ. უფროსებს თავიანთი ავტორიტეტი შეეძლოთ პირადი მიზნებისთვის გამოეყენებინათ და შეეზღუდათ ახალგაზრდების მოქმედების თავისუფლება. მოზარდები თავს არ აძლევდნენ უფლებას, რომ უცხოების თანდასწრებით თავხედურად მოქცეულიყვნენ და უცენზურო სიტყვები გამოეყენებინათ.

ხანდაზმული ნათესავებისა და შშმ პირების მიმართ პატივისცემა იმაში გამოიხატებოდა, რომ ახალგაზრდებს უწევდათ ზრუნვა უძლურ მშობლებზე – საკუთარი კეთილდღეობისა და პირადი ცხოვრების საზიანოდ. ყველას არ შეეძლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის მომვლელის აყვანა, მოხუცთა თავშესაფარში კი მხოლოდ მარტოხელა ბებია და ბაბუა მიჰყავდათ.

საბინაო პრობლემების მოგვარება ძალიან რთული იყო. ბევრ ახალგაზრდა ოჯახს უწევდა მშობლებთან ერთ ბინაში ცხოვრება და ცალკე ბინის რიგში წლების განმავლობაში დგომა. მარტოხელა ბიჭებსა და გოგოებს მხოლოდ საერთო საცხოვრებლის იმედი უნდა ჰქონოდათ. ბინის დაქირავება არარეალური იყო, რადგან კერძო ბინებს ძალიან იშვიათად აქირავებდნენ.

ოჯახური ქეიფი, ბევრი სტუმრით – მაშინ ხშირი მოვლენა იყო. ახლობლებს შორის ძალიან ახლო ურთიერთობა იყო და ყოველ საზეიმო ღონისძიებაზე ისინი ერთად იკრიბებოდნენ. სახლში კარგი სუფრის გასაშლელად, დიასახლისს სჭირდებოდა წინასწარ მომზადება და პროდუქტების წინასწარ შეძენა. ახლა ამ ამოცანის გადაჭრა ბევრად მარტივია: დაჯავშნე მაგიდა კაფეში ან რესტორანში, მოიწვიე ყველა ნათესავი და მეგობარი, აღნიშნე – და წადი სახლში.

წარსულში შეგიძლიათ გამონახოთ ბევრი კარგიც და ცუდიც. ყველაფერი ნეგატიური დავიწყებას უნდა მიეცეს, ხოლო დადებითიდან – მაგალითის აღებაა საჭირო.