ჩვენს ფეხებს მუდმივი მოვლა სჭირდება, რადგან დღის განმავლობაში მათზე ძალიან დიდი დატვირთვაა. შედეგად, ჩვენ ვიღებთ ძალიან მშრალ ფეხებს და ქუსლებს, რომლებსაც დამატენიანებელი პროცედურები სჭირდება. ამისათვის არ არის საჭირო კორეული კოსმეტიკის შეძენა ან სხვადასხვა აბაზანების მიღება. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ერთ საკმაოდ უჩვეულო ხრიკს გთავაზობთ!
სულ უფრო და უფრო მეტი სილამაზის ბლოგერი ტუჩის ბალზამის არადანიშნულებისამებრ გამოყენების შესახებ საუბრობს და საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს. ისინი ამ დამატენიანებელ საშუალებას სულ სხვა მიზნით იყენებენ, მაგრამ ამას დიდი სარგებელი მოაქვს. ღირს თუ არა ამ ტრენდის ატაცება და ტუჩის ბალზამის ფეხებზე წასმა – ამის შესახებ ჩვენს დღევანდელ სტატიაში წაიკითხეთ.
მშრალი ტერფები და ქუსლები: როგორ დავუბრუნოთ სირბილე
ტუჩის ბალზამის სარგებელი
ფეხებზე კანის სიგლუვის აღსადგენად, შეგვიძლია ტუჩის ბალზამის გამოყენება. მას გააჩნია დამატენიანებელი თვისებები, რომლებიც ეფექტურია ქუსლებზე მცირე ნახეთქების წინააღმდეგ საბრძოლველად. გარდა ამისა, რეგულარული გამოყენებისას, ბალზამი ხელს უშლის ფეხებზე უსიამოვნო უხეში ფენის გაჩენას.
ტუჩის დამატენიანებელი მდიდარია ზეთებით, ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით. ისინი კვებავს კანს და უფრო რბილსა და აბრეშუმისებრს ხდის. ასევე, ეს მისი მდიდარი შედგენილობა ხელს უწყობს დაღლილი ფეხების სინდრომის მოცილებას, რომელიც ხშირად ჩნდება ხანგრძლივი სიარულის ან მძიმე სამუშაო დღის შემდეგ.
ბალზამის გამოყენების წესი
ნაზი ტექსტურის გამო, ეს პროდუქტი სწრაფად შეიწოვება კანში. ამიტომ, ბალზამის წასმის შემდეგ ფეხების გაცხიმიანებაზე შეგიძლიათ არ ინერვიულოთ. ფეხებზე მსგავსი შეგრძნება არ გაგიჩნდებათ. უბრალოდ, ცოტაოდენი ტუჩის ბალზამი მშრალ ფეხებსა და ქუსლებზე წაისვით. კარგად შეიზილეთ, სანამ პროდუქტი მთლიანად არ შეიწოვება. რეკომენდებულია ამ პროცედურის ჩატარება ძილის წინ ერთი საათით ადრე. ამ შემთხვევაში, ბალზამს რაც შეიძლება მეტი დრო ექნება იმისთვის, რომ იმოქმედოს. ეფექტის გასაძლიერებლად ფეხებზე დამატენიანებელი საშუალების წასმის შემდეგ, წინდები ჩაიცვით.
სცადეთ ტუჩის ბალზამის ამ მიზნით გამოყენება და დაივიწყეთ ფეხებზე არსებული ნახეთქები და გაუხეშებული კანი. მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომელ ბალზამს ისვამთ ტუჩებზე და რომელს ფეხებზე. არ უნდა შეგეშალოთ, ეს დაუშვებელია. თუ ქუსლებზე ძალიან ღრმა ნახეთქებია მარტო ტუჩის ბალზამი ვერ დაგეხმარებათ, სხვა საშუალებებსაც უნდა მიმართოთ.