საცურაო კოსტუმების სეზონი არ ნიშნავს იმას, რომ ტკბილზე საერთოდ უარი უნდა ვთქვათ. შეგიძლიათ გემრიელად მიირთვათ და ამავდროულად ძალიან ეფექტურად გამოიყურებოდეთ. რომელი მარტივი საზაფხულო დესერტების მომზადება შეგვიძლია ზედმეტი კილოგრამების მომატების შიშის გარეშე? ამის შესახებ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წაიკითხეთ.
ახალი კენკრა და ხილი იდეალურია დაბალკალორიული და გემრიელი ტკბილი კერძების მოსამზადებლად. ჩაატარეთ ექსპერიმენტები მათი სხვადასხვანაირი შერწყმით. სურვილისებრ, შეგიძლიათ მზა დესერტებს ცოტაოდენი ახალი პიტნა და ორეგანო დაამატოთ. რა არომატული, გემრიელი და სასარგებლოა!
როგორ მოვამზადოთ მარტივი საზაფხულო დესერტები: 3 რეცეპტი
ხილის კანაპე
ზაფხულში, ამ ტიპის მსუბუქი ხემსი მეტად აქტუალურია. მართლაც, ახალი ხილისა და კენკრის სეზონზე ხილის დიდი არჩევანია გემრიელი კანაპეების დასამზადებლად. საზამთრო, ატამი, მარწყვი და მსხალი – ამისთვის უბრალოდ შესანიშნავია. ასეთი ელემენტარული კერძის მომზადებისას მთავარია მხოლოდ ერთი წესის დაცვა და ეს არის მხოლოდ იმ ხილის გამოყენება, რომელიც კარგად ინარჩუნებს ფორმას.
საჭირო ინგრედიენტები:
- 6 მარწყვი;
- 6 ყურძენი;
- 2 კივი;
- 1 ვაშლი;
- მაყვალი გემოვნებით.
მომზადების წესი:
- 1.ყურძენი კარგად გარეცხეთ. გაჭერით შუაზე. გარეცხეთ მარწყვი. ძალიან აკურატულად დაჭერით 4 ნაწილად.
- 2. მაყვალი გარეცხეთ და გააშრეთ. კივის კანი მოაშორეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით.
- 3. ვაშლი გათალეთ და მსხვილ კუბებად დაჭერით.
- 4. ეცადეთ, აკურატულად ააგოთ ხის შამფურებზე ყველა ხილი, ფერების მონაცვლეობით. მზადაა!
ახალი ხილის სალათი
თუ გსურთ რაიმე უფრო რთულის მომზადება, ვიდრე კანაპეებია, მაშინ შეგიძლიათ არჩევანი შეაჩეროთ ხილის სალათზე. მნიშვნელოვანია, არ დაამატოთ სხვადასხვა დამატკბობლები და იოგურტი შემავსებლით. გსურთ, რომ საზაფხულო სალათის გემო უფრო საინტერესო გახადოთ? დაუმატეთ მას გრანოლა. ამ დამატებითი ინგრედიენტის უმნიშვნელო ხრაშუნი ნამდვილად მოგეწონებათ.
საჭირო ინგრედიენტები:
- 1 ვაშლი;
- 1 ატამი;
- 5 მარწყვი;
- 2 ბანანი;
- 1 მსხალი;
- 100 გრ ბერძნული იოგურტი.
მომზადების წესი:
- 1.ბანანს კანი მოაშორეთ და ნახევარრგოლებად დაჭერით.
- 2. ვაშლი და მსხალი კარგად გარეცხეთ და გული ამოჭერით. ხილი პატარა კუბებად დაჭერით.
- 3. მარწყვი კარგად გარეცხეთ და ყუნწები მოაშორეთ. გაჭერით შუაზე.
- 4. ატამი გარეცხეთ და მისი რბილობი კუბებად დაჭერით.
- 5. დაჭრილი ხილი ღრმა თასში მოათავსეთ და ბერძნული იოგურტი დაასხით. კარგად ამოურიეთ. იდეალური საზაფხულო სალათი მზად არის!
დესერტი გამოცხობის გარეშე
სტუმრებისთვის უფრო დახვეწილი დესერტის მომზადებას გირჩევთ, რომელსაც ისინი სათანადოდ დააფასებენ. ამისათვის თქვენ ღუმლის ჩართვა არ დაგჭირდებათ. აიღეთ თქვენი საყვარელი ხილი და ცოტაოდენი არაჟანი, თქვენი სტუმრებისთვის გემრიელი დესერტის მოსამზადებლად.
საჭირო ინგრედიენტები:
- 250 გრამი მარწყვი;
- 1 ბანანი;
- 400 გრამი არაჟანი;
- 100 გრამი დამატკბობელი;
- 25 გრამი ჟელატინი;
- 100 მლ წყალი;
- ვანილი გემოვნებით.
მომზადების წესი:
- 1.დაასხით ჟელატინს წყალი და კარგად აურიეთ. დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჟელატინი ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ.
- 2. ღრმა კონტეინერში ერთმანეთს შეურიეთ არაჟანი და დამატკბობელი. დაუმატეთ ვანილი. ათქვიფეთ ყველა ეს ინგრედიენტი მიქსერის გამოყენებით.
- 3. მიღებულ მასაში ჩაასხით ჟელატინი. ურიეთ ყველაფერი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- 4. მარწყვი გავრეცხეთ და ყუნწები მოაშორეთ. შუაზე გაჭერით. ბანანს კანი მოაშორეთ და მრგვლად დაჭერით.
- 5. ჭურჭელში, რომელსაც დესერტის მოსამზადებლად გამოიყენებთ (სილიკონის ყალიბი ან მინის თასი), ჩაასხით არაჟნის მასის ნაწილი და თანაბრად გაანაწილეთ. ზემოდან მოაყარეთ ხილი.
- 6. ბანანს და მარწყვს დარჩენილი არაჟნის მასა მოასხით. დააფარეთ კონტეინერს საკვების ცელოფანი და შედგით მაცივარში 5-6 საათით. მზა დესერტი ხილით დაამშვენეთ (სურვილისებრ). გემრიელად მიირთვით!
ახალი ხილი და კენკრა მდიდარია ბოჭკოებით, ვიტამინებით, მინერალებითა და ანტიოქსიდანტებით. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი ბუნებრივ შაქარსაც შეიცავს. ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ჭარბი წონის დაკლების პროცესზე. ამიტომ, არ უნდა მიირთვათ მუდმივად ხილის დესერტები წონის დაკლების იმედით. აუცილებელია მათი რაოდენობის დარეგულირება.