ცოტა ხნის წინ საშხაპეში სანიაღვრე გაიჭედა. თითქოს წვრილმანია, მაგრამ უამრავ უხერხულობას იწვევს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ინტერნეტში მოვიძიე, თუ როგორ შეიძლებოდა ამ პრობლემის მოგვარება მარტივად და სწრაფად. უამრავი საინტერესო ხრიკი შემხვდა და ყველა ერთად შევკრიბე, რათა თქვენთვის გამეზიარებინა. ამ ყველაფრის შესახებ დაწვრილებით, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით!
საშხაპის სანიაღვრე
საშხაპეში კანალიზაციის გაწმენდის ყველაზე მარტივი გზაა სპეციალური საყოფაცხოვრებო ქიმიკატების გამოყენება. ამ საშუალებებში შემავალი კომპონენტები ხშირად იწვევს ალერგიულ რეაქციას და ზოგადად, არც ისე ეფექტურია. თუ შესაძლებელია ამ საშუალებების გამოყენების თავიდან აცილება, აუცილებლად ასე ვიქცევი. მით უმეტეს, რომ ჩვენს შემთხვევაში ეს შესაძლებელია!
როგორ გავწმინდოთ სანიაღვრე
1.საშხაპის სანიაღვრის გასაწმენდი ეფექტური საშუალებაა საკვები სოდა და ძმარი. ჩაყარეთ სანიაღვრეში ორი სავსე სუფრის კოვზი სოდა და დაასხით ნახევარი ჭიქა ძმარი. ორ ნივთიერებას შორის ქიმიური რეაქციის შედეგად წარმოიქმნება ქაფი. გააჩერეთ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, შემდეგ დაასხით სამი ლიტრი მდუღარე წყალი. ამან ეფექტურად უნდა გადაჭრას არსებული პრობლემა.
2. თუ სანიაღვრეში თმებია გაჭედილი, შეგიძლიათ მექანიკურად გაასუფთავოთ. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ კაუჭი ან მავთულის საკიდი. მოხარეთ ისე, რომ გაკეთდეს პატარა კაუჭი, რომელიც შეგიძლიათ უსაფრთხოდ ჩაუშვათ სანიაღვრეში. დაატრიალეთ, სანამ არ მიაგნებთ ბლოკირებას, შემდეგ ფრთხილად ამოიღეთ.
3. სანიაღვრეში ჩაასხით ცხელი წყალი, ეს ცხიმისა და საპნის ნარჩენების დაშლაში დაგეხმარებათ. ჯერ ეს მეთოდი სცადეთ, რადგან ის შეიძლება საკმაოდ ეფექტური გამოდგეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბლოკირება ძალიან სერიოზული არ არის.
4. სანიაღვრეში ცოტაოდენი მარილი ჩაყარეთ და დაასხით ცხელი წყალი. მარილს შეუძლია ბლოკირების დაშლა. მარილის გამოყენებით არსებობს სხვა მეთოდიც. თანაბარი პროპორციებით აურიეთ სოდა და მსხვილი მარილი. ეს ნარევი სანიაღვრეში ჩაყარეთ და დატოვეთ ცოტა ხნით. კვლავ ცხელი წყალი დაასხით.
5. არსებობს კიდევ ერთი ხრიკი, მაგრამ ამისთვის აფთიაქში წასვლა მოგიწევთ. ასპირინი შესანიშნავი ალტერნატივაა სანიაღვრე მილების გასაწმენდად. ჩააგდეთ 2 აბი საშხაპის გაჭედილ სანიაღვრეში და ერთი ჭიქა ძმარი დაასხით.
შესაძლოა წყლის დუღილის მსგავსი ხმა გაიგოთ, მაგრამ არ ინერვიულოთ. ეს ნიშნავს, რომ ნარევი იწყებს მოქმედებას. როდესაც ხმა შეწყდება, სანიაღვრეში მდუღარე წყალი ჩაასხით. ამან ეფექტურად უნდა გაასუფთაოს მილები.
რჩევა
ბლოკირების მოხსნის შემდეგ, უნდა მიიღოთ პროფილაქტიკური ზომები. მაგალითად, შეგიძლიათ დრენაჟის აღჭურვა სპეციალური ბადით, რომელიც თმას შეაგროვებს. როცა ის გაიჭედება, უბრალოდ გაასუფთავეთ.
შეგიძლიათ რეგულარულად რეცხოთ მილები სამი ლიტრი ცხელი წყლისა და ნახევარი ჭიქა სოდის ნარევით. ხსნარი ნელ-ნელა უნდა ჩაასხათ სანიაღვრეში, რის შედეგადაც მილები სარეცხი საშუალებებისა და თმის ნარჩენებისგან გაიწმინდება. გაიმეორეთ ეს ყოველ ორ კვირაში ერთხელ და სანიაღვრე მილების გაჭედვის პრობლემა აღარ შეგაწუხებთ.